Coloring Pages Reddit Video Downloader
 

როგორ აკრძალა ბერიამ საქართველოში არაქართველებისთვის ქართულ გვარზე გადასვლა

როგორ აკრძალა ბერიამ საქართველოში არაქართველებისთვის ქართულ გვარზე გადასვლა


ე.წ. „პერესტროიკის“ დროს თბილისიდან მოსკოვში უნიკალური საიდუმლო არქივი გადაიტანეს, რომელიც კომუნისტური ისტორიის მრავალ იდუმალ ეპიზოდს ჰფენდა ნათელს. მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული „კომისრის ჩანაწერები“, სადაც ლავრენტი ბერიაზეა საუბარი. ისტორიკოსი ივანე მარინოვი წერს:

„განმარტებისთვის უნდა ვთქვა, რომ „კომისრის ჩანაწერები“ უშიშროების პირველი რანგის კომისარს, მიხაკო პაპაშვილს ეკუთვნის. პაპაშვილი ბერიას ერთ-ერთი რეფერენტი გახლდათ და მასთან ჯერ კიდევ 1926 წლიდან მუშაობდა. ბოლოს კი მოსკოვშიც ეახლა თავის შეფს და მარშალ ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ, რეპრესიებში მოჰყვა. შვიდი წელი ციხეში გაატარა, საქართველოში დაბრუნდა და 1963 წელს გარდაიცვალა. მისი ჩანაწერები, ანუ დღიურები კი „სუკში“ („კაგებე“) წაიღეს და საიდუმლო არქივში მოათავსეს. 1989 წლის დეკემბერში კი, სხვა საიდუმლო მასალებთან ერთად, მოსკოვში გადაიტანეს. 2014 წელს, რუსეთის მთავრობამ საიდუმლო დოკუმენტები რომ განასაიდუმლა, მათ შორის იყო პაპაშვილის დღიურებიც. მათში ბერიაზე მრავალი, მანამდე ჩემთვის უცნობი ფაქტი ამოვიკითხე.

ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1933 წელს საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას არაქართველებისთვის ქართულ გვარზე გადასვლა აუკრძალავს. ეს იყო სიტყვიერი განკარგულება, რადგან კანონი ასეთ რამეს არ კრძალავდა. ბერიას სიტყვას კი უკვე იმ წლებში, საქართველოში კანონის ძალა ჰქონდა და მას ვერავინ გადავიდოდა. ვინც ამას გაბედავდა, აუცილებლად თავს წააგებდა. მიხაკო პაპაშვილი წერს: „სიმკაცრისა და შეუვალობის მიუხედავად, ლავრენტი ბერია საკმაოდ მიმნდომიც იყო. უფრო სწორად კი, მისი უახლოესი გარემოცვიდან ყველას ენდობოდა, რადგან ადამიანების ამოცნობის უნიკალური უნარი ჰქონდა. მეც მის უახლოეს გარემოცვაში ვიყავი. მეც მენდობოდა და ხშირად ჩემი თანდასწრებით იძლეოდა საიდუმლო განკარგულებებსაც კი... თებერვლის მესამე დეკადა იყო. 25 თებერვალი ახლოვდებოდა, რომელიც ბერიას მაინცდამაინც არ უყვარდა, რადგან ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს იწვევდა მასში. მან გამომიცხადა:

– მიხაკო, საქართველოს გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე რომ სიტყვა უნდა წარმოვთქვა, შენ დამიწერე. ისე განსაზღვრე, რომ მაქსიმუმ, ათი წუთი გამომივიდეს. ქება-დიდებით ნუ გადატვირთავ და აქცენტი გააკეთე ჩვენი რიგითი თანამშრომლების წარმატებებზე ამ საბჭოური თერთმეტწლეულის განმავლობაშიო...

„ქება-დიდებით ნუ გადატვირთავთში“, ბერია გულისხმობდა წითელი არმიის „გმირულ შემოსვლას“ თბილისში, ანუ ამ მომენტზე ბევრს ნუ ილაპარაკებო...“
საგულისხმო ფაქტია და ეს პაპაშვილის ნაწერებიდანაც ჩანს, რომ ლავრენტი ბერიას არ უყვარდა თებერვლის სისხლისღვრის საზეიმოდ აღნიშვნა და მიაჩნდა, რომ ვინც წითელ არმიას იარაღით დაუხვდა, ყველა ქართველი პატრიოტი და გმირი იყო. სხვათა შორის, ერთ ასეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, რომელზეც სერგო ორჯონიკიძის ცოლი, ზინაიდა ორჯონიკიძე წერდა თავის დღიურებში. როგორც ცნობილია, ორჯონიკიძეებს შავი ჭირივით სძულდათ ბერია და მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან მის მიწასთან გასასწორებლად. ზინაიდა ორჯონიკიძე, რომელიც 1960 წელს, ბერიას ვერაგული მკვლელობიდან შვიდი წლის მერე, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, წერდა: „ბერია რომ ნაძირალა ანტისაბჭოელი იყო, მე და სერგომ ჯერ კიდევ 1933 წელს გავიგეთ. 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა და მას მე და სერგოც დავესწარით. სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვედით. სერგოს საქართველოს გასაბჭოებაში დიდი წვლილი მიუძღოდა და „თბილისის აღებისთვის“ – ერთადერთი ორდენის მფლობელიც იყო, რითაც ის ძალიან ამაყობდა. სწორედ ეს ორდენი ეკეთა ჩემს ქმარს მკერდზე 1933 წლის 25 თებერვლის საზეიმო საღამოზე. ძალიან უღიმღამო, არასაზეიმო კონცერტის მერე, პატარა სუფრა გაიშალა თეატრის სასადილოში. ბერიამ, რომელიც ამ სუფრას მხოლოდ ოცი წუთით დაესწრო, წითელი არმიის სადღეგრძელო არ დალია. უფრო სწორად, თავისებურად დალია და თქვა – 25 თებერვალს, ყველა თავდადებულ გმირს გაუმარჯოსო... სიტყვით მას ვერ შეედავებოდი. მოგვიანებით კი, როცა მე და სერგო სახლში დავბრუნდით, ჩემმა ქმარმა მითხრა: „ზინაიდა, მე მომეჩვენა, რომ ბერიამ წითელი არმიის სადღეგრძელოს მაგივრად, ქართველი იუნკერებისა და მათი თანამებრძოლების, ანუ ჩვენი მტრების სადღეგრძელო დალიაო“... სერგომ სტალინსაც კი უთხრა მოსკოვში დაბრუნების მერე, – ბერიას სახით უბეში გველი გიზისო, მაგრამ სტალინმა მას ყური არ ათხოვა...“ პარადოქსულია, ხომ? რომ 1933 წელს, ბერია ქართველი იუნკერების სადღეგრძელოს სვამდა მათი გმირულად დაღუპვის დღეს. მაგრამ, ყველა ირიბი სამხილი ამ ფაქტზე მიუთითებს და მიხაკო პაპაშვილი არაერთხელ აღნიშნავს თავის ჩანაწერებში – 25 თებერვალს ბერია ყოველთვის უგუნებოდ იყოო. ხრუშჩოვისა და მისი ბანდის მსგავსად, ბერიას ანტისაბჭოელობას ნამდვილად ვერ დავწამებთ, რადგან ყველა მისი ქმედება საბჭოთა კავშირის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. თუმცა, ბერია თავისი სამშობლოს, ერის პატრიოტი გახლდათ და ესეც აშკარაა. იგივე მიხაკო პაპაშვილი წერს: „1933 წლის მარტის დასაწყისში, ლავრენტი ბერიამ „მმაჩის“ (დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის სამსახური) უფროსი პავლე გედევანიშვილი თავის კაბინეტში დაიბარა და ჩემი თანდასწრებით ასეთი რამ უთხრა:

– პავლე ივანოვიჩ, რასაც ახლა დაგავალებ, ჩვენ შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ამ კედლებს არ გასცდეს. თანაც, ყველაფერი ზუსტად და პირნათლად უნდა შეასრულო.

– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ბრძანეთ, – მიუგო ახოვანმა გედევანიშვილმა, რომელსაც გრძელი, აპრეხილი ულვაშები ჰქონდა და ძალიანაც უხდებოდა.

– ხვალიდან არაქართველების გაქართველების პროცესი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, თორემ კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ, მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს ამაზე, – უთხრა ბერიამ გედევანიშვილს, რომელმაც თავი დაუქნია და მიუგო:

– დიახ. მასეა. ბოლო ერთ თვეში ექვსი ათასი განცხადებაა შემოსული და თავის რიგს ელოდებიან. ყველას ქართველობა უნდა. სინამდვილეში კი, ასეთ ხალხს ქართველობა იმისთვის უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს.

– ვიცი და ყველა ეროვნებაშეცვლილი ადამიანი პოტენციური მოღალატე, შემოპარული სუბიექტია და მათ სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ.

საბოლოოდ, ბერიამ და გედევანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ მმაჩის ბიუროში გვარის გამოცვლის პროცესს ფორმიანი ჩეკისტი დაესწრებოდა, რომელიც გვარის გამოცვლის მსურველს სხვადასხვა კითხვას დაუსვამდა და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდა. ასეთმა მეთოდმა გაჭრა და 1933-1938 წლებში საქართველოში ეროვნების შეცვლის მსურველთა რიცხვი თითქმის ნულს გაუტოლდა...“

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 1933 წლის მიწურულს, ლავრენტი ბერიამ საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩაატარა – 5 მილიონ 220 ათასიან ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ქართველი ცხოვრობდა. ამის მერე, ბერიამ სხვა ერების (გარდა რუსებისა) ფარული შეზღუდვა დაიწყო. სამაგიეროდ, ქართველებს ეძლეოდათ პრივილეგიები (ასევე ფარულად). ამის შედეგად 1938 წლისთვის საქართველოში ქართველთა რიცხვმა 3 მილიონიდან 4 მილიონ 200 ათასამდე მოიმატა და მრავალი დაუსახლებელი ტერიტორიაც აითვისეს. ყველაფერი ეს ფარულად, ბერიას სიტყვითა და ოფიციალური კანონის გვერდის ავლით ხორციელდებოდა და რაც მთავარია, პირდაპირი, სისხლისმღვრელი რეპრესიების გარეშე.“


წყარო: tbiliselebi.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions