Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საარჩევნო ვითარება და პროგნოზი ჯონდი ბაღათურიასგან - ვრცელი ინტერვიუ

საარჩევნო ვითარება და პროგნოზი ჯონდი ბაღათურიასგან - ვრცელი ინტერვიუ


პოლიტიკური პარტიები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან და ვხედავთ სერიოზული კონკურენციაა, ერთის მხრივ, ეროვნულ ძალებსა და ლიბერალებს შორის, ასევე, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პარტიების პოზიცია რადიკალურად განსხვავდება. იმედია ის ძალები გაიმარჯვებენ, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს პარტია "ქართული დასის" ლიდერთან, ბატონ ჯონდი ბაღათურიასთან.

- მოგესალმებით ბატონო ჯონდი. რამდენიმე დღის წინ "ქართული დასის", "ხალხთა პარტიის" და ასევე რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებით შეიქმნა კოალიცია, რომელიც არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. საინტერესოა გაერთიანების მიზანი და გეგმები?

- ჩვენ "ქართულმა დასმა", "ხალხის პარტიამ" და საზოგადოებრივმა მოძრაობამ "დემოკრატიულმა საქართველომ" შევქმენით კოალიცია და დავაფუძნეთ საარჩევნო ბლოკი სახელწოდებით "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი". საკმაოდ ძლიერი გაერთიანებაა, რომელშიც შემავალი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობა "დემოკრატიული საქართველო", არიან საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ძალები, ასევე, ჩვენი რესურსების გაერთიანებამაც საკმაოდ შეცვალა ვითარება და დღეს უფრო დამაჯერებლად გამოვიყურებით, შესაბამისად, უფრო მეტ პოლიტიკურ ლიდერებს, თუ პარტიებს, გაუჩნდებათ გაერთიანების სურვილი, დიალოგი გრძელდება, ჯერ კიდევ არის ამისათვის დრო, რის შემდეგაც, პარტია "ქართული დასის" სახელით წარვადგენთ საარჩევნო სიას და ასევე, მაჟორიტარებს პრაქტიკულად ყველა ოლქში საქართელოს მასშტაბით.

- საარჩევნოდ ხმების რამდენი პროცენტის მიღებას ელოდებით?

- ჩვენ რეალისტები ვართ და შექმნილ ვითარებაში, რამდენიმე მანდატის მოპოვება უნდა შევძლოთ. თუმცა, რთულია პროგნოზების გაკეთება, რადგან ვითარება არის არასტაბილური, ძალიან სენსიტიური და შესაძლოა ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ ჩვენ დაგეგმილზე შედარებით მეტი ხმები მივიღოთ. ეს არის დამოკიდებულია ხელისუფლების და მისი სატელიტების შეცდომებზე, რაც არ არი გამორიცხული. თუ პროცესები ნორმალურად განვითარდა, ვფიქრობ ჩვენი ბლოკისთვის რამდენიმე მანდატი გარანტირებულია, რაც ამ ვითარებაში გამარჯვების ტოლპასია, იმიტომ, რომ ამის შემდეგ, ჩვენი ბლოკის პოლიტიკური გავლენა იქნება ძალიან მაღალი, როგორც საპარლამენტო, ისე ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე.

საარჩევნო ვითარება და პროგნოზი ჯონდი ბაღათურიასგან - ვრცელი ინტერვიუ

- "ქართულ დასს" ნამდვილად აქვს ხალხის ნდობა და მას შემდეგ, რაც მიიღებთ დეპუტატის მანდატს, რომელი კანონპროექტების ინიციატორი იქნებით? თუ შეიძლება პარტიის პროგრამაზე, რომ ისაუბროთ.

- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად მომზადებული საარჩევნო პროგრამა. საინტერესოა მისი საფინანსო და ეკონომიკური ნაწილი, ასევე, სოციალური და სამართლებრივი ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარულია. პროგრამიდან აღსანიშვავია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ძალიან მოკლე ვადებში, ჩვენ ქვეყანაში შევქმნით 500 000 სამუშაო ადგილს. იქნება ძალიან სწრაფად დაძლეული და გაჯანსაღებული ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემა. ჩვენ ამ პროექტის მიხედვით, შეგვიძლია, რომ ხალხიც და საბანკო სისტემაც გავათავისუფლოთ ე.წ. "პრობლემური ვალებისგან" ანუ არალიკვიდური აქტივებისაგან.

რაც შეეხება სოციალური მიმართულებას, აქ ჩვენ გამოვდივართ საპენსიო რეფორმით, რომლის მიხედვითაც, მინიმალური პენსია 375 ლარიდან 415 ლარამდე იმერყევებს, რაც დამოკიდებული იქნება სამუშაო სტაჟზე და დამსახურებაზე, ანუ ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვთავაზობთ საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვითაც, ყველას ერთნაირი პენსია კი არ ექნება, არამედ პენსია იქნება განსხვავებული დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით. პენსიის დაანგარიშების ფორმულა ასეთი, ე.ი. პენსია უდრის საარსებო მინიმუმს, რაც დღევანდელი მონაცემებით 315 ლარია, ამას დაემატება სამუშაო სტაჟი გამრავლებული ორ ლარზე და ასევე დამატებული დამსახურება. ამ ფორმულის მიხედვით, თუ ვთქვათ, ადამიანს 25 წლის სტაჟი აქვს, გამოდის 25X2 რასაც ემატება საარსებო მინიმუმი და გამოდის 375 ლარი, ხოლო ვისაც ვთქვათ 50 წლიანი სტაჟი აქვს, შესაბამისად, მათ ექნებათ 415 ლარი. გარდა ამისა, არსებობს დამსახურების კომპონენტი, იგულისხმება დამსახურება საზოგადეობისა და ქვეყნის მიმართ, რაც გათვალისწინებული იქნება.

გარდა ამისა, სოციალურ პროგრააში გვაქვს ე.წ. "სიღატაკის პროგრამის" რეფორმა, რომლის მიხედვითაც სოციალურ დაუცველთა პროგრამაში მოსახვედრად კრიტერიუმი აღარ იქნება: ფარდა, მაცივარი და ტელევიზორი, როგორც დღეს არის, არამედ იქნება ოჯახის შემოსავლები, რომელიც თუ საარსებო მინიმუმზე დაბალი იქნება, ისინი მიიღებენ ღარიბის სტატუსს და სახელმწიფოსგან მიიღებენ ყველა იმ დახმარებას, რაც ეკუთვნით. და ვერცერთი სოციალური აგენტი, იმის გამო, რომ მათ მეზობელმა კომპიუტერი ან მეორადი სარეცხი მანქანა აჩუქა, ამის გამო სოციალურ სტატუსს ვერ შეუჩერებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, განსაკუთრებით ფარმაცევტულ ბიზნესში სპეკულაციური, მზარდი ფასების შეკავება. ზუსტად ამ მიზნით გვაქვს მომზადებული რეფორმა, რომლის მიხედვითაც წესდება სახელმწიფო რეგულაციები მედიკამენტებზე, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე, ანუ წარმოების ეტაპზე, დისტრიბუციის ეტაპზე, საბითუმო ვაჭრობის ეტაპზე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით, შევისწავლეთ საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთის, ინდოეთის, აშშ-ს მაგალითები და დაფიქსირდა, რომ იქ წარმატებით მუშაობს ასეთი რეგულაციები. თუმცა, არსებობს ინდივიდუალური რეგულაციებიც, მაგალითად, თურქეთში ხდება საბითუმო შესყიდვა ფასების და შემდეგ სახელმწიფო ადგენს ფასებს, ანუ საბაზრო ეკონომიკის წესებით უდგენენ ფასის ზედა ზღვარს და თუ კი ვინმეს უნდა უფრო ძვირად გაყიდოს, უბრალოდ ვერ გაყიდის, რადგან მყიდველი გვერდით აფთიაქში უფრო იაფად იყიდის იგივე მედიკამენტს. ეს არ არის ცუდი ფორმა, თუმცა უფრო ეფექტურია, ის რაც ევროპულ ქვეყებს აქვთ, ასვე იაპონიას, რუსეთს და ინდოეთს. რომლის მიხედვითაც, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე წესდება ზღვარი ანუ რამდენით შეგიძლია გააძვირო წარმოებული პროდუქცია.

საარჩევნო ვითარება და პროგნოზი ჯონდი ბაღათურიასგან - ვრცელი ინტერვიუ


- მომავალ არჩევნებზე სხვა პარტიების შანსებს როგორ შეაფასებდით? მაგალითად, "ქართული ოცნება" ისევ უმრავლესობით იქნება პარლანეტში? კი, მმართველ გუნდს ბევრი ღირსეული კანდიდატი ყავს, თუმცა, იქ არიან ლიბერალებიც, რომელთა რეფორმები ხალხისთვის მიუღებელია.

- საქართველოში ობიექტური არჩევნები, რომ ტარდებოდეს, ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვებდნენ ეს ულტრა ლიბერალური პარტიები, იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩევლების 90%-ზე მეტი არის კონსერვატორი და ტრადიციული ფასეულობების მომხრე, არა და ამ დროს ასეთ ქვეყანაში რატომღაც იმარჯვებენ ულტრა ლიბერალური პარტიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტურად არჩევნები არ ტარდება. შესაბამისად ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მთელი ფინანსური რესურსი არის მონოპოლიზებული "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ამიტომ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" შეძლებს გამარჯვებას, თუ რაიმე სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვა, რაც ასევე გამორიცხული არ არის. თუ მათ დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, ამით რა თქმა უნდა ჩვენც ვისარგებლებთ, მაგრამ შესაძლოა სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც ისარგებლონ და მაშინ დიდი ალბათობით განსხვავებულ ბალანსს მივიღებთ. ეხლა ალბათ "ქართული ოცნება" პირველ ადგილზე გავა, თუმცა ისინი 51%-ს ვერ აიღებენ, რადგან მათ ასეთი მხარდაჭერა არა აქვთ, მაგრამ თუ ისინი წავლენ ამომრჩეველთა ხმების და ნების გაყალბების მიმართულებით, მაშინ ეს ძალიან გაართულებს მათ მდგომარეობას და ქვეყანაში დაძაბავს სიტუაციას.

- ალბათ პარტიული სიის გარდა, "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარებიც გავლენ, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან?

- ვიმეორებ, მათ ძალიან გაუჭირდებათ და არ აქვთ შანსი, რომ 51%-მდე ხმები მიიღონ. რაც შეეხება მაჟორიტარების სპეციფიკას, ფული არჩევნებზე ძალიან მუშაობს, მაჟორიტარული არჩევნები ფულის ტომრების ომია. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები ალბათ გაიმარჯვებენ, მაგრამ ყველა ოლქში გამარჯვება გაუჭირდებათ. მაგალითად, ბევრი ოლქი არის, სადაც "ქართულ დასს" ძალიან კონკურენტული კანდიდატები ყავს და ჩვენს კანდიდატებთან კონკურენცია მათ გაუძნელდებათ.

- ასევე, არის ე.წ. "ოპოზიცია", რომელიც ფაქტიურად სააკაშვილი-ბოკერიას გარშემოა გაერთიანებული და საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ თუ ისინი პარლამენტში მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებენ, ისედაც დაძაბული ვითარება, შესაძლოა პოლიტიკურ კრიზისშიც კი გადაიზარდოს. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ? გაგრძელდება "კოჰაბიტაცია"?


- არა, ბოკერია თავად ივანიშვილის ირგვლის არის გაერთიანებული და არის მისი სატელიტი პარტია, გარდა ამისა, ასევე გირჩიც და ვაშაძეც ივანიშვილის სატელიტები და მისგან დაფინანსებული პარტიები არიან. რაც შეეხება სააკშვილის ირგვლის გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში გაიმარჯვონ და ამის განხილვაც, და ამის დაშვებაც აწყობს მხოლოდ "ქართულ ოცნებას", რადგან ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაშინონ მიშას ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით და ის ხმები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა, და რომლებიც "ქართულ დასზე" და ეროვნულ ძალებზე გადმონაწულდა, ამ მეთოდით, ანუ მიშას შიშით, "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველი ისევ უკან დაიბრუნონ, აი ეს არის "შუას გაკრეფა", პოლარიზაცია, და ასეთი ტაქტიკით, რეალურად "ქართული ოცნება" ებრძვის "ქართულ დასს" და ეროვნულ ძალებს, და არა სააკაშვილს, იმიტომ, რომ სააკაშვილსაც თავისი ამომრჩეველი ყავს და ისინიც სარგებლობენ "შუას გაკრეფვით" და პოლარიზაციით.

- ბატონო ჯონდი, გამოდის, რომ "ქართულ ოცნებაშიც" და "ნაცმოძრაობაშიც" ლიბერალები არიან, ხოლო მეორე მხარეს, ტრადიციული ფასეულობების მომხრე ანუ ეროვნული ძალები, "ქართული დასი", "პატრიოტთა ალიანსი" და ასევე, კიდევ რამდენიმე პარტიაა. როგორ ფიქრობთ, ეროვნული ძალები დაახლოებით 30-40%-ით მაინც თუ იქნებიან მომავალ პარლამენტში?

- ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული ძალა იყო პოლიტიკაში და პარლამენტში, თუმცა, დღეს ეროვნულ ძალებს ორგანიზებულობა აკლიათ. ზუსტად ამიტომ შევქმენით ეს პოლიტიკური კოალიცია არჩევნების წინ და სწორედ ამიტომ გავაღეთ ჩვენი კარი სიებისთვის და კვოტებიც გამოვყავით, არა მხოლოდ საარჩევნო სიაში, არამედ სხვა ეროვნული პარტიებისთვის გამოვყავით მაჟორიტარულ ილქებში და ეხლაც მიმდინარეობს დიალოგი. პრინციპში, ჩემი მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, ჩვენ უკვე საგრძნობლად გავძლიერდით, თუმცა, ამ დღეებში შესაძლოა კიდევ შემოგვემატოს პოლიტიკური ძალები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს საარჩევნო ბლოკს "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი".

- და ბოლო კითხვა, პანდემიის ფაქტორთან დაკავშირებით, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ხომ არ შეიძლება არჩევნების გადადების მიზეზი გახდეს? რაც ადრეც განიხილებოდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში არსებული ვითარებასთან შედარებით დღეის ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, ვგულისხმობ იმას, რომ ზამთარში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში მაქსიმუმ 10-15 იყო, ეხლა კი 200-მდე ფიქსირდება. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ვხედავთ ხელისუფლება არ გეგმავს არჩევნების გადადებას, რადგან ვფიქრობ ეს მათთვის წაგების ტოლფასი იქნება. "ქართულ ოცნებაზე" დრო არ მუშაობს. რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მეტი შანსია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრულად დაკარგოს ძალაუფლება. თუ გაზაფხულზე ჩატარდება არჩევნები, "ქართულ ოცნებას" ალბათ 10-15%-ის აღებაც კი გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი რესურსები აქვს. ამიტომ, თუ ძალიან არ გაუარესდა სიტუაცია, არ ველი, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გადადოს. ყოველ შემთხვევაში, პარტიები ასეთ წინადადებას არ დააყენებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არა პოპულარულია.


ესაუბრა გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორი



скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions