საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 2-თვე-ნახევრით ადრე, 16 ივლისს, გაიმართა პარტია “ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა, რომელზეც ამ ორგანიზაციის საარჩევნო სიის ოცეული დაასახელეს და ამომრჩევლებს “უკეთეს ეკონომიკას”, “უკეთეს ცხოვრებას”, “250-ლარიან საარსებო მინიმუმს”, “300-ლარიან პენსიასა” და “მინიმალურ ხელფასს _ 500 ლარს” დაჰპირდნენ. არის თუ არა ეს დაპირებები დემაგოგია, ცალკე განსახილველი თემაა, მაგრამ ფაქტია: ალასანიას პარტია, რომელსაც ზოგიერთი მისი წევრი “გამოცდილი დიპლომატების” გუნდს უწოდებს და, რომელიც ისევე, როგორც 2%-იანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია, ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოვლენოდა მაშველ რგოლად, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, დღეს არჩევნებში თავისი “ისტორიული სიტყვის” სათქმელად ემზადება.თუ “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს გადავხედავთ, საკმაოდ რთული წარმოსადგენია, ამ ამბიციურმა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაფრთიანდნენ და რომლებსაც იმ პერიოდიდან “გენეტიკურად” მოსდგამთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ზრუნვა, როგორ უნდა მიაღწიონ “უკეთეს ეკონომიკას” და “საუკეთესო ცხოვრებას” (ისიც საკითხავია, რომელ პერიოდთან შედარებით უკეთესზე და ვის უკეთეს ცხოვრებაზე ლაპარაკობენ “თავისუფალი დემოკრატები”).
“ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” სიაში მეორე ნომერია დეპუტატი, საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელმაც აქტიური მოღვაწეობა შევარდნაძის პერიოდში დაიწყო _ 1996-2004 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, 2004-2005 წლებში კი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა.
დამთავრებული აქვს შვედეთის ეროვნული თავდაცვისა და ნატოს თავდაცვის კოლეჯები.
სიაში მეოთხეა ზურაბ აბაშიძე, რომელიც, ვიქტორ დოლიძის მსგავსად, პოლიტიკურ ასპარეზზე ედუარდ შევარდნაძემ გამოიყვანა: 1996-1998 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა, 2000-2004 წლებში კი _ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო (2004-2005 წწ.); შემდეგ, 2010-2012 წლებში, _ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
სწავლობდა მანჩესტერის (დიდი ბრიტანეთი) კოლეჯში.
მე-5 ნომერია ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დაფრთიანდა: 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; 2004-2005 წლებში _ საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატში; 2005-2009 წლებში _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2005 წელს დაამთავრა ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში.
მე-6 ნომერი, შალვა შავგულიძე, 1992-1994 წლებში პროკურორად მუშაობდა.
სიაში მე-7 ნომერია ალექსი პეტრიაშვილი _ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014 წწ.).
2002-2004 წლებში იყო აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი. 1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანაც მოღვაწეობა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო და სააკაშვილის პერიოდშიც განაგრძო.
სიაში მეცხრეა მაია ფანჯიკიძე, 1994-1997 წლებში (შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი; 2002-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი ამავე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო (2004-2007 წლებში); შემდეგ _ ნიდერლანდების სამეფოში (2010-2011 წწ.), სანამ ბიძინა ივანიშვილი თავის პრესსპიკერად დანიშნავდა.
გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც “ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიაში მეათეა, 1995-2003 წლებში შსს-ს ავტოინსპექციაში მუშაობდა. იყო სამი მოწვევის (მე-6, მე-7, მე-8, ანუ 2004-2016 წლებში) პარლამენტის წევრი.
დავით ონოფრიშვილი კი, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” სიაში მე-12 პოზიციაზეა, 1993 წელს შევარდნაძის სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი იყო (საინტერესოა, რას ურჩევდა ხოლმე), 1998-2000 წლებში კი იმავე შევარდნაძის მთავრობაში _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ხელისულებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, 2004-2005 წლებში _ შპს “საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2009 წლიდან კი პარტია თავისუფლების წევრია; არის მე-4 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით.
“თავისუფალი დემოკრატების” ზემოაღნიშნული წევრებისთვის, რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიასთან ერთად, ორი რამ არის დამახასიათებელი:
1. ყველა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაფრთიანდა, როგორც პოლიტიკოსი, და შემდეგ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდა;
2. უმრავლესობას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რამდენიმეთვიანი კურსები აქვს გავლილი დასავლეთის ქვეყნებში, უფრო _ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ე.წ. დასავლური, უფრო ზუსტად, პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსებად ითვლებიან, ანუ ამერიკელთა ინტერესების გამტარებლებად.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჩავარდნა საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით აქვს, ამ ე.წ. გამოცდილ დიპლომატებს საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე თავი არაფრით გამოუჩენიათ. მათ ქართველ საზოგადოებას თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრეს, რომ, “მოქალაქეთა კავშირისა” და “ნაცმოძრაობის” წევრების მსგავსად (როგორც თავის დროზე განაცხადა ზურაბ ჟვანიამ: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი), გამუდმებით იმეორებდნენ და ახლაც იმეორებენ ბოლო 25 წლის განმავლობაში გატკეპნილ, უკვე ძალიან მომაბეზრებელ და, როგორც ნათლად გამოჩნდა, აბსურდულ ფრაზებს: “მალე მივიღებთ მაპს”, “მალე შევალთ ნატოში”, “მალე გავერთიანდებით ევროკავშირში”, “ჩვენი წინაპრების არჩევანი ყოველთვის იყო ევროპა” და ა.შ. ამ ფრაზების გარდა, რომლებიც სიტყვებით ჟონგლირებით ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრისა და პროდასავლურობის დამტკიცების მცდელობის მეტი არაფერია, “თავისუფალი დემოკრატების” მხოლოდ ორმა წევრმა დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას: მათგან ერთ-ერთმა _ გამოცდილმა დიპლომატმა ალექსი პეტრიაშვილმა პირადი ცხოვრების საკითხები დიპლომატიური მეთოდებით ვერ მოაგვარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 5 ტყვია დაახალეს.
“თავისუფალი დემოკრატების” მეორე “პოპულარული” პიროვნებაა ირაკლი ალასანიას ცოლისდა, პედაგოგი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი არა მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ 2013 წელს ვილნიუსში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას “შალახოს” ჰანგების თანხლებით მოაწერა ხელი... მის გარშემო ატეხილი მეორე სკანდალის შემდეგ არავის ეგონა, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე არათუ პოლიტიკაში, არამედ სახლის სადარბაზოში თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ პოლიტიკა მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს.
რაც შეეხება “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანიას, ის 30 წლისაც არ იყო, როცა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს (2002 წ.). 2004-2006 წლებში გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. 2006 წელს სააკაშვილმა ის გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა. 2008 წელს კი ეს პოსტი დატოვა, მიზეზად სააკაშვილსა და მას შორის საქართველოს განვითარების საკითხებზე “განსხვავებული ხედვები” დაასახელა.
2009 წელს ირაკლი ალასანიამ დააარსა პარტია “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები”, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასა და “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად გაერთიანდა ალიანსში “ალიანსი საქართველოსთვის”.
2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ ხმების მხოლოდ 19% მოაგროვა.
2011 წელს კი ალასანიას პარტია კოალიცია “ქართულ ოცნებას” მიეკედლა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მაგრამ 2014 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან გადააყენა. საბაბი იყო თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარის გაფლანგვა (ე.წ. კაბელების საქმე), თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, განხეთქილება ალასანიასა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის უფრო ადრე დაიწყო და მას სხვა საფუძველი ჰქონდა.
ასეთია ირაკლი ალასანიას მოკლე დოსიე, მაგრამ ამ ამბიციური და მხოლოდ თავის ინტერესების გატარებაზე მზრუნველი პოლიტიკოსის სახელთან ბევრი სკანდალური საქმე თუ განცხადებაა დაკავშირებული.
აი რა განაცხადა ირაკლი ალასანიამ 2013 წელს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში (#25, 2013 წლის 10-16 ივნისი):
“პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს მოითხოვს და ქართული პოლიტიკა ძალიან მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა”.
ამ მართლაც სკანდალური ინტერვიუდან, რომელშიც ალასანია ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რომ აშკარაა მისი სიმპათია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიმართ, ეს ფრაზა იმითაა საყურადღებო, რომ ალასანია თავის დამოკიდებულებას გამოხატავს პოლიტიკის მიმართ. მისი აზრით, პოლიტიკა, ისევე, როგორც ჯაზი, იმპროვიზაციას მოითხოვს, პრინციპების დაცვა კი საჭირო არ არის და კონიუნქტურის შესაბამისად უნდა მოიქცე, ანუ ქართული ანდაზის მანასესავით: ხან _ ისე და ხან _ ასე. ამას ადასტურებს ალასანიას კიდევ ერთი ფრაზა ზემოაღნიშნული ინტერვიუდან:
“მე არ ვთვლი “ნაციონალურ მოძრაობას” მტრად. მათი დამარცხება და განადგურება არ მიმაჩნია ჩემს მთავარ ამოცანად. რაც შეეხება იმ შედარებას, რომ ბრძოლაში დამარცხებული ბოლომდე უნდა გაანადგურო, ჯერ ერთი, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ასე გავუსწორდეთ; მეორე _ ვინც არის დამნაშავე, იმან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი...”
ამ განცხადებით ირაკლი ალასანიამ არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ მისი და ნაცების პატრონების მისწრაფებები გამოხატა. თუმცა ალასანია სააკაშვილის რეჟიმს მტრად არც მაშინ განიხილავდა, როცა გავეშებული ნაციონალები ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, მიტინგებს არბევდნენ, დახოცილი ადამიანების გვამებს მაღაზიის სახურავზე აწყობდნენ და იქიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საზეიმო აღლუმს მართავდნენ; ალასანია “ნაციონალურ მოძრაობას” არც მაშინ განიხილავდა მტრად, როცა ეს უამრავი დანაშაულის ჩამდენი რეჟიმი ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდა და ბიზნესმენებს ატერორებდა, როცა ანგრევდა განათლების სისტემას და კულტურას, სოფლის მეურნეობასა და სპორტს, როცა დაკარგა ტერიტორიების 20%, როცა ებრძოდა საქართველოს პატრიარქს, მართლმადიდებლობას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან არის დაკავშირებული.
სხვათა შორის, არც “ნაციონალური მოძრაობა” აღიქვამდა ირაკლი ალასანიას მტრად, მის მიმართ არასოდეს გამოსულან მწვავე განცხადებებით და არც მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დაუპატიმრებიათ უსაფუძვლო ბრალდებით, როცა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეები სავსე იყო ასეთი პატიმრებით.
ირაკლი ალასანიას განსაკუთრებით არ მოსწონს, როდესაც მას 1990 წლებში “კულინარიელთა საძმოს” წევრობას ახსენებენ და ამას კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ის “კულინარიელთა საძმოს” წევრი იყო და ამის ბევრი მოწმე არსებობს, თანაც, ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩლაიძე, რომელსაც არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი წარსულში, ირაკლი ალასანიას მეჯვარე გახლდათ. თვითონ ალასანიას კი 1995 წლის 4 მარტს თბილისში ორი ახალგაზრდის _ კუსა თოხმაიდისა და ბექა რეხვიაშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებაში ადანაშაულებენ ამ ახალგაზრდების დედები _ თამარ გარსევანიშვილი და მანანა რეხვიაშვილი. ამ საქმეზე ალასანია სამჯერ დაჰკითხეს, მაგრამ საქმე დღესაც არ არის გამოძიებული.
საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციურ ძალებს ყოველთვის მოუწოდებდა “კონსტრუქციული” დიალოგისკენ. სწორედ მის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციებმა _ ჯერ “სამეულმა”, შემდეგ “რვიანმა” და “ექვსიანმა” გაუხანგრძლივეს სიცოცხლე სააკაშვილის ხელისუფლებას და, რომ არა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, სააკაშვილის რეჟიმი კიდევ დიდხანს იპარპაშებდა ქვეყანაში. 2010 წელს, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გააყალბა “ნაცმოძრაობამ”, ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა, მაგრამ ალასანიამ ყველას ცივი წყალი გადაასხა _ მან გიგი უგულავას არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა “ღირსეული გამარჯვება” და ამით ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის დაწყების საფუძველი გამოაცალა. ამბობენ, რომ ეს “ნაცმოძრაობასა” და ალასანიას შორის გარიგება იყო. როგორც ჩანს, თავის დროზე გაოპოზიციონერებული ალასანია წარმატებით მართავდა რამდენიმე ოპოზიციურ ძალას და მისი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უწოდეს ქართულ პრესაში ალასანიას “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი “ტროას ცხენი”.
ამასთანავე, იმავე “2010 წელს, როცა ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ვაჟმა _ ცოტნე გამსახურდიამ ციხიდან მიმართვა გაავრცელა და თბილისელებს მოუწოდა, რომ ალასანიასთვის მხარი არ დაეჭირათ და ამის ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტრეფიკში ალასანიას მონაწილეობა დაასახელა” (გაზეთი “კვირის ქრონიკა”, 2014 წლის ნოემბერი).
“პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს მოითხოვს”, _ ამბობს ირაკლი ალასანია და ისეთ იმპროვიზაციას ავლენს 2013 წლის ივლისში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ თვით ჯაზის ვირტუოზებს _ დიუკ ელინგტონს, ლუი არმსტრონგსა და ჯონ კოლტრეინსაც კი შეშურდებოდათ:
“მე თამამად შემიძლია გავიმეორო, რაც რასმუსენთან (ნატოს გენმდივანი იმხანად _ გ. გ.) ერთად ვუთხარი ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს _ პრაქტიკულად ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია. რატომ? იმიტომ, რომ მათ ისე ენდობიან ამერიკელები, ბრიტანელები და ჩვენი მოკავშირეები, როგორც საკუთარ ორგანიზაციას, ნატოს წევრებს და ურჩევნიათ კიდეც, რომ მათთან ერთად იყვნენ ბრძოლაში. აი, ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ჯარის”.
აი ასე: “ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია, რადგან მას ენდობიან ამერიკელები”. აბა, როგორ _ ავღანეთში, ერაყში თუ მსოფლიოს სხვა საომარ კონფლიქტებში საქართველოს მისიები, ქართველი სამხედროების კონტინგენტები, რაოდენობით მოწინავე პოზიციებზე ხომ უნდა იყვნენ, რათა, რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოიყენონ საზარბაზნე ხორცად?!
იმ მომენტში, როცა ალასანია ამ ფრაზას ამბობდა, ანუ 2013 წლის ივლისში, მხოლოდ ავღანეთში 29 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო დაღუპული.
მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ამერიკელების ინტერესები იყოს დაცული და ვის ანაღვლებს, რამდენი ქართველი დაიღუპება უცხო მიწაზე უცხო ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ბატონ ალასანიას ადანაშაულებს კოდორის ხეობის დაკარგვაში ამ ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.
ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ემზარ კვიციანი ამბობს, _ თავის დროზე ირაკლი ალასანიამ მითხრა, ხეობაში ჯარი უნდა შემოვიყვანოთ და ხეობა ეკონომიკურად გავაძლიეროთო. “ირაკლის ვუთხარი, ჯერ 1994 წლის ხელშეკრულება გააუქმეთ და მერე იფიქრეთ ჯარის შემოყვანაზე-მეთქი. კითხვა დავუსვი _ თუ ხეობას ჩააბარებთ, პასუხისმგებელი ვინ იქნება-მეთქი? მე ვიქნები, ირაკლი ალასანიაო. იცოდე, ირაკლი, მე შენ მოგკითხავ ამის შესახებ-მეთქი. კიდევ ერთხელ ვეკითხები ირაკლი ალასანიას და ბევრჯერ შევეკითხები, სანამ სული მიდგას _ რატომ ჩააბარე ხეობა? ჩემთვის სულერთია, გაეროში იყავი თუ სად იყავი, შენ მე პირობა მომეცი, რომ ხეობას დაიცავდი. რატომ არ დაიცავი?!” _ განაცხადა ემზარ კვიციანმა გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“გაეროში იყო კაცი ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბარებლად მოამზადა. ამის შემდეგ კი 400 მლნ ორ წელიწადში ჩამოწერეს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც”, – ესეც ემზარ კვიციანის ნათქვამია, ოღონდ უკვე 2014 წელს სხვა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ირაკლი ალასანიას ჯაზური იმპროვიზაციის კიდევ ერთი მარგალიტია გამოცემა Eurasianet-ში გამოქვეყნებული ფრაზა:
“საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა; ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირზე დაიწყო საუბარი; მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა განახორციელა საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობის მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე სვლა განვაგრძოთ”.
ალასანიას, ეტყობა, დაავიწყდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შეფარვით მიანიშნებს ნაციონალებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემაზე. და ამ გარანტიებს აძლევს, რა თქმა უნდა, ძია სემის დავალებით, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომლის ავანტიურას ქვეყნის ტერიტორიების 20% და ასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ოჯახი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა; ძალას, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩაში ხვრეტდა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა...
აი ასეთია ირაკლი ალასანიას “ჯაზური იმპროვიზაციები” ქართულ პოლიტიკაში, ალასანიასი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას “უკეთეს ცხოვრებას” ჰპირდება, მაგრამ საკითხავია, მოისმენს კი ხალხი მის ჯაზურ ინტერპრეტაციებს და ირწმუნებს მისი დაპირების რეალურობას?..
გიორგი გაჩეჩილაძე
P.S. მინდოდა, გამოჩენილი ამერიკელი რეჟისორის _ ბილი უაილდერის შესანიშნავი ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია” მსგავსად ამ წერილის სათაურად გამომეტანა “ჯაზში მხოლოდ ალასანიაა”, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ჯაზში “იმპროვიზატორი” მხოლოდ ირაკლი ალასანია არ არის, ქართული პოლიტიკური ჯაზი, სამწუხაროდ, სავსეა ალასანიებით.
წყარო: "საქართველო და მსოფლიო"скачать dle 11.0фильмы бесплатно