რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ პერმში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "თანაბარი და განუყოფელი ევრაზიული უსაფრთხოება", რომელიც ყოველ წელს იმართება პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით ევრაზიის ქვეყნების თანამშრომლობის და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან:
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრების თემა — განუყოფელი უსაფრთხოება დიდ ევრაზიაში — ჩვენგან სიმამაცეს მოითხოვს. სიმამაცეს იმის აღიარებისთვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ძველი მიდგომები აღარ მუშაობს. ჩვენ სტრატეგიულ ჩიხში ვართ და ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა აქ, ჩვენთან, კავკასიაში.
საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულმა კონფლიქტმა რეგიონს მხოლოდ ტკივილი, იზოლაცია და ქრონიკული არასტაბილურობა მოუტანა. კავკასია დაიღალა დენთის კასრად ყოფნით. მოდით, პირდაპირ ვთქვათ სიმართლე ამ ტრიბუნიდან: უკვე ოცდათოთხმეტი წელია, კოლექტიური დასავლეთი შეგნებულად ბლოკავს ჩვენს ურთიერთობებს, აკონსერვებს ამ განხეთქილებას და იყენებს ჩვენს ხალხებს ინსტრუმენტად თავის გეოპოლიტიკურ მიზნებში.
დღეს დიდი კომპრომისების დრო დადგა. რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი — თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ცხოვრება ერთ უსაფრთხო და აყვავებულ ევრაზიულ სახლში, ყველანი მზად უნდა ვიყოთ დიდი კომპრომისებისთვის. ჩვენ გვჭირდება მოწესრიგების პრინციპულად ახალი ფილოსოფია.
მაგრამ ამ გზის დასაწყებად, ჩვენ სრულად უნდა გადავხედოთ მეთოდებს. ჩვენთვის თავსმოხვეულმა ჟენევის ფორმატმა თავი მთლიანად ამოწურა. ჟენევა უკვე დიდი ხანია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა. დღეს ეს არის მკვდარი პლატფორმა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს, დროის უსასრულო გაჭიმვის გარდა. ჩვენ არ გვჭირდება შუამავლები და კურატორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიაში მარადიული ომით!
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ სახელით, მე მოვუწოდებ ყოველგვარი გარე შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ. მიგვაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყნებს ორი რეალური ეროვნული ლიდერი ჰყავთ — ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი. ესენი არიან ისტორიული მასშტაბის პოლიტიკოსები და მხოლოდ მათ შესწევთ ძალა, აიღონ პასუხისმგებლობა რეგიონის ბედზე. ამიტომ, მათი პირდაპირი შეხვედრა და პირადი დიალოგი დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია მყარი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ. მოდით, შევხვდეთ მოსკოვსა და თბილისში.
მხოლოდ ასე, გადაწყვეტილების მიღებისას სუვერენიტეტის დაბრუნებით, შევძლებთ კავკასია რისკის ზონიდან გლობალური მასშტაბის სატრანზიტო ხიდად ვაქციოთ. ჩვენ შეგვიძლია შევკრათ მძლავრი ეკონომიკური რკალი: „ბალტიკა — კავკასია — ახლო აღმოსავლეთი“ და რეგიონი გავხსნათ კოლოსალური ინვესტიციებისთვის. რუსეთისთვის აუცილებელია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის განბლოკვა და ახალი ლოგისტიკური გზების მიღება. მათ შორის ჩინეთის მხრიდან, ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ფარგლებში.
კოლეგებო! XXI საუკუნე მოითხოვს ურთიერთდაკავშირებულ სუვერენიტეტს და გადამწყვეტ მოქმედებებს. დიდი ევრაზიული პარტნიორობა დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენ თავად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს ერთმანეთის შესახვედრად. გმადლობთ ყურადღებისთვის!"