Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"საქართველოს დიდი შანსი აქვს დაიძლიოს არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისიც" - ჯონდი ბაღათურია

"საქართველოს დიდი შანსი აქვს დაიძლიოს არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისიც" - ჯონდი ბაღათურია


ძალიან საინტერესო ინტერვიუ "ქართული დასის" ლიდერთან, ჯონდი ბაღათურიასთან.

- ბატონო ჯონდი, ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ ჩოხატაურში ანუ მართლმადიდებელი და მუსულმანი ქართველების კონფლიქტი, ძალიან გავდა პროვოკაციას. თქვენ როგორ შეაფასებდით, რა მოხდა იქ სინამდვილეში?

- ვფიქრობ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. იქ იყვნენ რამდენიმე ოდიოზული ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც არ ცხვენიათ სხვადასხვა საკითხებით სპეკულაცია, მაგალითად რელიგიური გრძნობებით და ამით ცდილობდნენ, რომ ეთამაშათ და რელიგიური საკითხებით დაეტაკებინათ ქართველები ერთმანეთთან. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ იქ ძალიან ჭკვიანი ხალხია და მიხვდნენ, რომ არაკეთილმოსურნეების ორგანიზებული პროვოკაცია იყო ანუ ორივე მხარე შეიყვანეს შეცდომაში, გამოიყვანეს ქუჩაში და წააქეზეს. მერე კი გაირკვა, რომ რასაც მათ ეუბნებოდნენ ეს ტყუილი იყო.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არსებობს "მეხუთე კოლონა", რომელიც საზოგადოებაში მუშაობს დესტაბილიზაციის შეტანაზე და ამიტომ, ამასთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს სპეცსამსახურებმა. აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა ქართველი მუფტის შესახებ. ადამ შანთაძე ძალიან განათლებული, პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ადამიანია, რომელიც სახელწიფოებრივად აზროვნებს და მისმა ავტორიტეტმაც სწორედ იმუშავა. გარდა ამისა, მოდით ვთქვათ გულახდილად, რომ ამ შემთხვევაში ხელსუფლებამაც და სპეცსამსახურებმაც ფრთხილად იმუშავეს. სიტუაცია გაირკვა და გამოჩნდა ის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხლა ცდილობდნენ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მოეწყოთ ქართველებს შორის, დაეტაკებინათ ერთმანეთზე და მერე ამაზე ხელი მოეთბოთ.

იქ იყო შტატიანი პროვოკატორი, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრი ტარიელ ნაკაიზე, რომელიც მუდმივად რელიგიურ საკითხებზე სპეკულაციით ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას. რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის არის შტატიანი პროვოკატორი და ამდენი ხანი "სუსი" რატომ არ იძიებს მის საქმიანობას, ეს ჩემთვის გაუგებარია.

- ასევე, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომ ისეთი რადიკალები, როგორიც ფირუზ წულუკიძე და სხვები არიან, რომლებიც ვითომდა მუსულმანთა თემს წარმოადგენენ, ისინი საკუთარ სულიერ ლიდერს, მუფტის აგრესიულად ექცეოდნენ და რამის ეჩხუბნენ კიდეც, ანუ ყველა ზღვარს გადავიდნენ და ეს რით აიხსნება?

- იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის კიდევ ვიმეორებ, რელიგიურ გრძნობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან პროვოკატორები, რომლებიც რელიგიურ გრძნობებს ცდილობენ სპეკულაციურად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ხოლო მუფტი ამის საშვალებას არ აძლევდა, სწორადაც არ აძლევდა და რის გამოც მას დაუპირისპირდნენ. არა და მუფტი კიდევ ვიმეორებ, ძალიან განათლებული, პატრიოტი ადამიანია, ყველა დიდ პატივს ცემს და მას მაღალი ავტორიტეტი აქვს საქართველიში, მითუმეტეს მუსულმანებს შორის.

- არსებობს აზრი, რომ თურქეთის მხრიდან არის ინტერესი აჭარაში. კერძოდ, ფეთხულა გიულენი, რომელიც როგორც ცნობილია, მას სურს აჭარის ექსპანსია, ეკონომიკური და პოლიტიკური ოკუპაცია, რაშიც ადრეც და ეხლაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარებიან. როგორ ფიქრობთ, მომავალშიც განმეორდება ის პროვოკაციები, რაც ჩოხატაურში ვიხილეთ?

- ფეთხულა გიულენი და მისი ორგანიზაცია "ჰიზმეთი" ძალიან აქტიურობს საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით აჭარაში. თუმცა მისი დაკავშირება თურქეთთან სწორი არ არის, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ, კერძოდ ელჩმა მიაწოდა ქართულ მხარეს ინფორმაცია მათი ასეთი აქტოვობის შესახებ და ამით გააფრთხილა ქართული მხარე, რომ ისინი არ წარმოადგენენ თურქეთის სახელმწიფოს, არამედ, სექტას წარმოადგენენ, ანუ ერთ-ერთ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელსაც "ჰიზმეტი" ქვია და მათ თურქეთის სახელმწიფოსთან კავშირი ნამდვილად არ აქვთ.

ამიტომ, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში სწორი არის ის, რომ გიულენს ნამდვილად აქვს სააკაშვილთან და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირი, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებასთან დაკავშირება არასწორია, იმიტომ, რომ მას იქ არ აქვს კავშირები და ეს იმითაც დასტურდება, რომ თურქეთის ხელისუფლებას მასზე ძებნაც აქვს გამოცხადებული. ასევე, მახსოვს აჭარაში გახსნილ სკოლებთან დაკავშირებით, ძალიან კორექტულად, დიპლომატიურად და კეთილმეზობლურად თურქეთის კონსულმა გააკეთა განცხადება და გააფრთხილა ქართული საზოგადოება და სახელმწიფო, შეგვატყობინა ის, რომ იქ მთლად კანონიერ საქმიანობას არ აქვს ადგილი. მაშინ ცოტა რაღაც გაინძრა ქართული მხარე, მაგრამ ისევ ისე გრძელდება ყველაფერი და დაუსჯელად მოქმედებენ პირები, რომლებიც გაურკვეველია ვინ არიან და რომელი სახელმწიფოდან არიან. ეთნიკურად თურქი, რომ არიან ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. იქ ქართველებიც ბევრნი არიან, რომლებიც მინდა გითხრათ, რომ აღმსარებლობით მუსლიმებიც არ არიან, მაგრამ მოქმედებენ. აქ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ რელიგიური გრძნობები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ პოლიტიკური და ფინანსური მიზნები.

- პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა. თქვენი აზრით, რა იყო წასვლის მიზეზი და რა ელოდება საქართველოს ივანიშვილის ფაქტორის გარეშე? ის ხომ ასე თუ ისე, აკონტროლებდა სიტუაციას და სტაბილურობის გარანტი იყო?

- მე უფრო მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი წავიდა "ქართული ოცნებიდან" და არა პოლიტიკიდან. მისი დიდი სურვილის მიუხედავად, ასეთი დიდი ფიგურების პოლიტიკიდან წასვლა ასე ადვილი არ არის. მას მართლა გულით, რომ უნდოდეს პოლიტიკაში არ იმოქმედოს, მას პოლიტიკაზე მაინც დიდი გავლენა აქვს და ექნება. არა მხოლოდ დიდი კაპიტალის გამო, არამედ საზოგადოებაზე აქვს გავლენა და ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური სუბიექტია. სხვა საკითხია რამდენად გამოიყენებს საკუთარ გავლენას რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" თავისუფალ ცურვაში გაუშვა. მე ასე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ის ნამდვილად არ აპირებს მათთან პოლიტიკური კონტაქტების გაგრძელებას. თუმცა თავად, როგორც თქვა, მათთან პირადი ურთიერთობები ექნება.

მე ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მისი წამოწყებული პროექტი "ქართული ოცნება" უკვე შესრულებულად ჩათვალა, რაზეც თავადაც თქვა, რომ მისია შესრულებულია ანუ "ქართულმა ოცნებამ" მისია შეასრულა, თავი ამოწურა და თავისუფალ ცურვაში გაუშვა. ეს არის, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

- თუ ასეა "რა ელოდება "ქართულ ოცნებას"?

- "ქართულ ოცნებას" ყველა შანსი და ბერკეტი აქვს იყოს წარმატებული. რავიცი, ხელისუფლებაში არიან და ყველა სახელისუფლებო ინსტრუმენტს ფლობენ, რესურსი აქვთ, ფინანსები აქვთ, გავლენა აქვთ მედიის დიდ ნაწილზე და ა.შ. ასე, რომ ყველა საშვალება აქვთ, რომ სწორად წარმართონ ქვეყნის და საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება. და რამდენად გამოიყენებენ ამას, დრო გვიჩვენებს.

- თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, საგარეო ვალი 30 მილიარდს უახლოვდება, რაც მშპ-ის დაახლოებით 60%-ია და ეს ეკონომისტების აზრით, კრიტიკული ზღვარია სახელმწიფოსთვის. დღეისათვის ვის შეიძლება ლიდერის ფუნქცია იტვირთოს და გამოგვიყვანოს კრიზისიდან?

- უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეისათვის არსებობს, იმის შედეგია, რომ თავის დროზე "ქართული ოცნების" მიერ არ იქნა სწორედ დაგეგმარებული. ეხლა ამას გადაფორმატირება სჭირდება, რაზეც როგორც ვხედავთ, "ქართული ოცნება" უარს ამბობს. ამიტომ, ვტკეპნით ერთ ადგილს, რაც ჭაობში მოძრაობას გავს ანუ როდესაც უფრო მეტად იფლობა ადამიანი, რაც უფრო მეტს მოძრაობს. ამიტომ, ამ პროცესზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ვისთანაც ქონდათ საქმე, ვის აფინანსებდნენ და ვინ გაიყვანეს პარლამენტში, ხოლო სხვები დაბლოკეს. ამიტომ, ეს კრიზისიც მათი დასაძლევია.

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, ესეც მათი პასუხისმგებლობაა, უკვე მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან. საქართველოს დიდი შანსი აქვს დაიძლიოს არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისიც და ძალიან სწრაფად იქნეს გამოსწორებული ხალხის სოციალური მდგომარეობა. ამას რატო არ აკეთებენ, ეს მათ უნდა კითხოთ. მე ადრეც მითქვავს და ეხლაც გავიმეორებ, რომ როცა გაზაფხულზე მთავრობა გამოვიდა და ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მდგენელად ტურიზმი გამოაცხადა და შემდეგ კი დაიწყო ისედაც მდიდარი ბანკების და ისედაც მდიდარი დეველოპერების დაფინანსება, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, ამის ნაცვლად, მათ უნდა ფაეფინანსებინათ და ხელი შეეწყოთ კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის გავითარებისთვის. ეს, რომ ასე მომხდარიყო, დღეს გვექნებოდა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი და ეკონომიკური კრიზისი არ იქნებოდა. ასევე, პროდუქტებზე ფასები არ გაიზრდებოდა და უარყფითი სავაჭრო სალდოც გამოსწორდებოდა. ამიტომ, ესეც მათი დასაძლევია, ვიმეორებ, ყველა ბერკეტი აქვთ, რომ საქმეს მიხედონ.

"ქართულ ოცნებაში" გამოკვეთილი ლიდერი იყო გიორგი გახარია. ეხლა, როგორც ჩანს, ლიდერთა გუნდს დაემატა ირაკლი კობახიძე, მას შემდეგ, რაც პარტიის თავჯდომარედ დაინიშნა და მათ უნდა იმოქმედონ ერთობლივად.

- ასევე, საინტერესოა რა ვითარებაა პარლამენტში, სადაც ოპოზიციის ნაწილი უკვე შევიდა და დღეს საუბარია, რომ ალეკო ელისაშვილის პარტია, გირჩი და გიორგი ვაშაძე დიდი ალბათობით შევლენ პარლამენტში, რის შემდეგაც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება?

- დღევანდელი პარლამენტი აშკარად კურიოზულად გამოიყურება და კიდევ უფრო კურიოზულია ის, რომ "ნაცმოძრაობას", რომელსაც ემუქრებოდნენ, რომ პოლიტიკიდან გაგაქრობთო, ეხლა ეხვეწებიან პარლამენტში შემოდითო. ხოლო უფრო კურიოზული იქნება მაშინ, როცა პარლამენტში შევა გირჩი და კიდევ კაცმა, რომ არ იცის ისეთი პარტიები. აი ეს არის და მე ადრეც ვთქვი, რომ "ქართულმა ოცნებამ" არასწორად დააგეგმარა პოლიტიკური პროცესი და ფორმატი. არასწორი ის იყო, რომ როდესაც ცდილობდნენ ისეთი მარგინალური პოლიტიკური ძალების თითო-თითო პროცენტით გაყვანას, როგორიც არის გირჩი და კიდევ რამდენიმე პარტიას, რომლებსაც თვითონ "ქართული ოცნება" აფინანსებდა და ამით ცდილობდნენ, რომ მათ შეესრულებინათ დემოკრატიული დეკორაციის ფუნქცია.

ეხლა კი გამოჩნდა, რომ მათ ეს ფუნქცია ვერ შეასრულეს და ვერც შეასრულებდნენ. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ გირჩის მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებას, მით უფრო გამწვავდება პოლიტიკური კრიზისი და მით უფრო კურიოზული გამომეტყველება ექნება, არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ზოგადად პოლიტიკურ პროცესს. ხომ ხედავთ რა ხალხია გამოფენილი ეკრანებზე, ისინი, რომლებისაც საკუთარი დედა და მამა არ აძლევს ხმას, და ასეთებს ატრიალებენ სატელევიზიო ეკრანებზე.

- ასევე, კურიოზულია ის, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგი 2-3 პროცენტს არ ცდება, ამ დროს მათ დაუწერეს 27%. ეხლა კი ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ უფრო მეტი მიიღეს, არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომლის შემდეგაც მათი ვარაუდოთ პარლამენტში უმრავლესობით შევლენ და დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. და აქვთ იმედი, რომ მათ ამაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება. რამდენად შესაძლებელია, რომ მათი გეგმა შესრულდეს?

- ვფიქრობ, რათქმაუნდა აშშ-ს "ნაცმოძრაობაზე" და იმ ოპოზიციაზე, რომელიც ეკრანზე ჩანს, მათზე გავლენა აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ შეერთებული შტატები ცდილობდეს აქ ხელისუფლების შეცვლას. რადგან აქ, რეგიონში რთული ვითარებაა შექმნილი მათთვის. აშშ ფაქტიურად რეგიონიდან გააძევეს და მათი ბოლო ბლოკ პოსტი და მოკავშირე საქართველო დარჩა, თავის "ქართულ ოცნებასთან" ერთად და მასთანაც, რომ კონფლიქტში შევიდნენ, ეს შტატებს არ უნდა აწყიბდეთ და არ მგონია ასეთი რამ იგეგმებოდეს. თუმცა ხედავენ, რომ "ქართული ოცნება" რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და ბოლომდე წიხლს აჭერენ, ასეთი ილეთები მოსულა პოლიტიკაში.

მაგრამ აშშ-მ თუ ამ ეტაპზე თავისი ბოლო მოკავშირის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, ჯერ ერთი, ეს რაციონალურად არ მიმაჩნია და მეორე, ფაქტორია ის, რომ დღეს შტატებს "ქართული ოცნების" ალტერნატივა არ ყავს საქართველოში. "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლა, რომ არ შეიძლება, ეს თვითონაც კარგად ესმით, რადგან ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და მათთვის არასასურველი პროცესების დასაწყისი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, თუ დღეს "ნაცმოძრაობა" ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ვითარება დაიძაბება და აშშ-მ საქართველოში შესაძლოა გავლენა დაკარგოს. ამიტომ, შტატებს არ აწყობს სიტუაციის გამწვავება და "ქართულ ოცნებას" დაეხმარება, თუ მათ ძაან არ აურიეს. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ აშშ "ქართული ოცნების" ჩამოგდებას შეეცადოს, შტატებს ეს არც ახასიათებს, ისინი უფრო არსებულ, ფაქტიურ გარემოებას იყენებენ, არსებულ ფაქტს უფრო ელაპარაკებიან, თუმცა ყოველთვის მუშაობენ ალტერნატივაზე, რომელიც შეიძლება შექმნან, მაგრამ ჯერ არ აქვთ.

- და ბოლო კითხვა, თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი წავიდა არა პოლიტიკიდან, არამედ "ქართული ოცნებიდან". როგორ ფიქრობთ, ის დაბრუნდება?

- არ ვიცი გარემოება როგორი იქნება, მე არ მგონია, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ქონდეს და დაბრუნდეს, როგორც მოქმედი აქტორი. ხოლო თუ გავლენის მოხდენის სურვილი ექნება, მას აქვს ეს გავლენა და გამოიყენებს, მაგრამ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის "ქართული ოცნებიდან" წავიდა. რათქმაუნდა მას ურჩევნია, რომ ის არ იყოს საჯარო პირი, ის უფრო კერძო ცხოვრებას არის მიჩვეული და არ უყვარს გამოჩენები, მაგრამ გარემოება როგორი იქნება, ალბათ იმაზეა დამოკიდებული, ამას დრო გვიჩვენებს.


ესაუბრა გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions