8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო დაპირისპირება დაიწყო. შემოგთავაზებთ პუბლიკაციებს, რომლებიც ქართულ პრესაში დაიბეჭდა იმ პერიოდში.პორტალმა „ევრაზია“ გამოაქვეყნა გლებ ბორისოვის სტატია, რომლის შეფასებით, 2008 წელს რუსეთის არმია ოსი ხალხის დაცვისას ინტერნაციონალური ანტირუსული კოალიციის პირისპირ აღმოჩნდა. კოალიციას კი სათავეში აშშ ედგა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, ქართული სპეცრაზმის 58–ე არმიის კოლონაზე თავდასხმა ამერიკული სპეცსამსახურების პირდაპირი დახმარებით მოხერხდა.
2008 წლის 10 აგვისტოს 58–ე არმიის კოლონაზე ქართული შეიარაღებული ძალის კარგად ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა. დაიჭრა არმიის სარდალი, გენერალ–ლეინტენანტი ანატოლი ხრულიოვი, აგრეთვე დაზარალდა მის მანქანაში მყოფი ტელეკომპანია „ვესტის“ ჟურნალისტების ჯგუფი. ისინი ვერტმფრენებით ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. თავდასხმისას ქართველი კომანდოსები დაჭრილ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ადგილზე ხოცავდნენ, – მიუთითებს წყარო.
ისმის კითხვა: როგორ მოახერხა ქართულმა მხარემ კოლონის მარშრუტის დადგენა, თუკი გადაწყვეტილება ცხინვალზე შემოვლითი გზით წასვლის შესახებ სარდალმა უკანასკნელ მომენტში მიიღო? რუსულ სპეცსამსახურებში მიაჩნიათ, რომ კოორდინატები ქართულ მხარეს აშშ ეროვნული უშიშროების სააგენტოს რადიოელექტრონული დაზვერვის სპეციალისტებმა მიაწოდეს, რომლებიც ქართულ შეიარაღებულ ნაწილებზე იყვნენ მიმაგრებული. ეს სპეციალისტები საომარი მოქმედების პირველივე წუთებიდან აყურადებდნენ რადიოეთერსა და სატელეფონო საუბრებს უმაღლესი კლასის აპარატურის საშუალებით.
ქართული სამხედრო ნაწილები აღჭურვილი იყო თანამედროვე, ყოველგვარი ხარვეზისა და მოსმენისგან დაზღვეული სამხედრო კავშირგაბმულობის საშუალებებით. ამ რთულ და გასაიდუმლოებულ ტექნიკას ასევე ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ემსახურებოდნენ. ქართული არმიის მიმღებ–გადამცემი ხელსაწყოები ერთ ქსელში იყო გაერთიანებული, რომლის ცენტრი არც თბილისში და არც საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა! ქართული არმიის მართვისა და კავშირგაბმულობის საკოორდინაციო ცენტრი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზეა, – აშშ ეროვნული უშიშროების სააგენტოს საზღვარგარეთის მრავალ ბაზათაგან ერთ–ერთზე.
რუსული წყაროს მიხედვით, მათ შესანიშნავად იციან ამ ამერიკული უწყების თურქული შტაბ–ბინის შესახებ. ამერიკელებმა ეს ბაზა 80–იან წლებში ააშენეს და დღემდე სარგებლობენ რადიო– და ტელესაკომუნიკაციო საშუალებებზე აქტიური რადიოელექტრონული ჯაშუშობის მიზნით. იქ თავმოყრილი აღჭურვილობის სიმძლავრე ისეთია, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ მიაყურადონ ყველა სახის სატელეფონო და რადიოკავშირს შავი ზღვის მთელს სანაპიროზე. 2008 წლის ომის დროს სწორედ ეს ბაზა ახორციელებდა ქართული ჯარის კოორდინაციას.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно