სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკული გამოცემა US Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ სათაურით “ალაბამელი კანონმდებელი აღშფოთებულია, რომ ჯორჯიის შტატს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართეს”.“ამერიკელი სენატორი შტატ ალაბამიდან _ ფრედ ქ. კალჰუნი ძალიან აღშფოთდა, როდესაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, როგორც თვითონ ივარაუდა, ჯორჯიის შტატის გუნდი დაინახა. ამის გამო მან ღია წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს:
“მე ოჯახთან ერთად თვალყურს ვადევნებდი თამაშების გახსნას და გავოგნდი, როცა დავინახე, რომ ჯორჯიას, როგორც დამოუკიდებელ გუნდს, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართეს”, _ წერს გაზეთი US Daily Mail-ი.
ქართული ინტერნეტგამოცემების მიერ ნათარგმნ US Daily Mail-ის ზემოაღნიშნულ მასალას მსწრაფლ გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატობის მაძიებელი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი. ქალბატონმა თინამ, _ ეს როგორ აკადრეს ჩემს პატრონებსო, _ სოციალურ ქსელში ჟურნალისტები დამოძღვრა, თანაც არა ამერიკელი, რომლებმაც მსოფლიოში გაავრცელეს ეს ინფორმაცია, არამედ ქართველები:
“კი ვიცი რას ემსახურება ეს სტატიები, მაგრამ ვინმე შეცდომაში არ შევიდეს.
ამერიკის სენატში ალაბამას წარმოადგენენ Jeff Sessions da RichardShelby. ასევე თავად ალაბამას შტატს აქვს სენატი, სადაც 35 სენატორია და მათ შორის სტატიაში მოხსენიებული ფრედ კალაუნი არ არის.
არსებობს ასეთი ვებგვერდი _ ვიპიკედია. წამში იძებნება.
გადამოწმება ჟურნალისტიკის ოქროს წესია!” (სტილი დაცულია)
აქ ქალბატონ თინას უნდა ვუთხრათ, რომ არც “ვიკიპედიაა” საჭირო და და არც “გადამოწმება” იმის გასარკვევად, თვითონ რატომ შეშფოთდა ასე ამერიკელი პოლიტიკოსების უვიცობაზე დაწერილი სტატიის გამო; ისიც ყველამ კარგად იცის (“შეცდომაში არავინ შევა”), როგორ დანიშნეს ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე და როგორ გაამარჯვებინა საგარეჯოს არჩევნებში თავის მოგვარეს _ არც ამას სჭირდება “გადამოწმება”...
როგორც მოგვიანებით სხვა ამერიკულმა გამოცემებმა დაწერეს, US Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ფრედ ქ. კალჰუნი _ ასეთი გვარის სენატორი, საერთოდ, არ არსებობს და აშშ-ის სენატში ალაბამას სხვა ადამიანები წარმოადგენენ.
მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ამერიკულმა გამოცემამ ამ წერილით მიანიშნა ამერიკელი პოლიტიკოსების დაბალ ერუდიციასა და ინტელექტზე, რადგან, არათუ რიგით პოლიტიკოსებს, არამედ ამერიკელ პრეზიდენტებსაც კი არაერთხელ “უსახელებიათ” თავი ბრიყვული გამონათქვამებით.
მაგალითად, კანადური ორგანიზაციის მიერ 2003 წლიდან დაარსებულ მსოფლიოს ყველაზე ბრიყვების კონკურს Worls Stupidity Awards-ში არაერთხელ გაუმარჯვია აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, რომლის გამონათქვამები ცნობილია, როგორც “ბუშიზმები”.
ბრაზილიის იმჟამინდელ პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა დე სილვას, როდესაც მან თავისი ქვეყნის რუკა აჩვენა, ბუშმა ასე მიმართა: “რა, ბრაზილია ასეთი დიდი ქვეყანაა?”. სწორედ ამ ფრაზით გაიმარჯვა ბუშმა ნომინაციაში “ყველაზე იდიოტური შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან”.
ავსტრალიაში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის რეგიანის თანამშრომლობის სამიტზე კი ჯერ ერთმანეთში აერია APEC-ი (აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) და OPEC-ი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია), შემდეგ კი _ ავსტრალია და ავსტრია.
აი კიდევ რამდენიმე “ბუშიზმი”:
* “თქვენც გყავთ ზანგები? (შეკითხვა ბრაზილიის პრეზიდენტ ფერნანდო კარდოზოს);
* “კონდოლიზა რაისი ისეთივე უბრალო ტეხასელი გოგონაა, როგორც მე”.
* “დარწმუნებული ვარ, ადამიანებსა და თევზებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა”;
* “მინდა შევეკითხო მას, ვინც კითხვა დამისვა: მე არ მქონდა შესაძლებლობა, შევკითხოდი მას, ვინც კითხვა დამისვა. რომელ კითხვაზეა საუბარი?
* “ჩემი აზრით, თუ აშშ ამბობს, რომ იქნება სერიოზული შედეგები, და, თუ ეს სერიოზული შედეგები არ ჩანს, ეს იწვევს ნეგატიურ შედეგებს”;
* “ჩემი სამუშაო ასეთია, _ ვიფიქრო ჩემ ცხვირს იქით”;
* “ჩემი მტრები მოხერხებულები და გამჭრიახები არიან, ჩვენც ასეთი ვართ. ისინი არასოდეს შეწყვეტენ ფიქრს ახალ გზებზე, როგორ ავნონ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, ჩვენც _ ასევე”.
* ჯორჯ ბუში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ეწვია სკოლას, სადაც ბავშვებთან ერთად კითხულობდა წიგნს, ოღონდ წიგნი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “თხა და გიგოს” პერსონაჟის მსგავსად ხელში უკუღმა ეჭირა.
* სხვათა შორის, ანალოგიური რამ დაემართა ბუშისგან “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას შემდეგ, რაც 2008 წელს თბილისში ტელეკამერის წინ ჰალსტუხი დაღეჭა, 2015 წელს უკრაინაში წაიკეკლუცა: ტელეკამერის წინ ხელში სინგაპურის “ეკონომიკური სასწაულის” შემოქმედის _ ლი კუან იუს მემუარები დაიჭირა, ოღონდ... უკუღმა.
* 2006 წელს კონკურს Worls Stupidity Awards-ზე ყველაზე დიდ ბრიყვად აღიარეს ამერიკელი მოსამართლე დონალდ ტომპსონი, რომელიც მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მასტურბირებდა.
* “ყველაზე ბრიყვის” ნომინაციაში გამარჯვებულია აშშ-ის ყოფილი ვიცეპრემიერი დიკ ჩეინი, რომელმაც ნადირობისას იხვის ნაცვლად თავისი მეგობარი _ ჰარი ვიტინგტონი დაჭრა.
* ამერიკელი პოლიტიკოსების აქილევსის ქუსლი გეოგრაფია რომ არის, ამას მოწმობს ალასკის ექსგუბერნატორ სარა პეილინის გამონათქვამები. მან სიტყვით გამოსვლისას სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთმანეთში აურია, სააკაშვილის მეგობარმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა _ ბელარუსი ლიტვაში.
* პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი ჯენიფერ ფსაკი კი ბელარუსებს დაემუქრა, თუ უკრაინის საქმეებში ჩაერევით, თქვენი ქვეყნის ნაპირებთან(?) აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტს გამოვგზავნითო.
*გეოგრაფიაში მოიკოჭლებს აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც. მან ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ილაპარაკა “სახელმწიფო დეპარტამენტის მამაც თანამშრომლებზე, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს კირზახსტანში და საქართველოში. რომელი ქვეყნის დასახელება უნდოდა კერის _ ყირგიზეთისა თუ ყაზახეთის, მხოლოდ მან და ღმერთმა უწყის, ანუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებით არის დაკავებული, არ იცის, რომ ქვეყანა კირზახსტანი არ არსებობს.
* მაგრამ, რა უნდა თქვა კერიზე, როდესაც თვითონ პრეზიდენტმა ობამამ 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, აშშ 57 შტატისგან შედგება და არის ქვეყანა, რომელმაც ავტომობილი გამოიგონაო(?).
რიგითმა ამერიკელმა შეიძლება არ იცოდეს, რომ აშშ ჯერჯერობით 50 შტატისგან შედგება და ავტომობილი გერმანიაში გამოიგონეს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ საკითხებში აუცილებლად უნდა ერკვეოდეს.
აი კინომსახიობის, კულტურისტისა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის _ არნოლდ შვარცენეგერის “ფილოსოფიური” წიაღსვლა ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებაზე: “ჩემი აზრით, ჰომოსექსუალური ქორწინება უნდა ხდებოდეს მამაკაცსა და ქალს შორის”.
შვარცენეგერის ფონზე აშშ-ის თავდაცვის ექსმინისტრი დონალდ რამსფელდი ნამდვილი ფილოსოფოსია.
რად ღირს მისი ეს სენტენცია:
“ცნობა იმის შესახებ, რომ რაღაც არ მოხდა, ჩემთვის უინტერესოა, რადგან ჩვენ, ყველამ, ვიცით, რომ არსებობს ცნობილი მოვლენები, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცნობილია. არის რაღაცები, რომელთა შესახებ არ ვიცით, ჩვენ, აგრეთვე, არ ვიცით, რომ არის რაღაცები, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით, სხვა სიტყვებით, არის გარკვეული საგნები, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, აგრეთვე, არის ის, რაც ჩვენთვის უცნობია და რაც არ ვიცით, _ რაღაც, რომლის შესახებაც არ ვიცით, ვიცით თუ არა, რაღაც ამის შესახებ”.
რამეს მიხვდით? _ არა? მაშინ თქვენი ადგილი არ არის პენტაგონის ხელმძღვანელის სავარძელში.
და ეს “ფრთიანი ფრაზები” ეკუთვნის აშშ-ის ხელისუფლების პირველ პირებს, რომლებსაც პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული და რომლებსაც მსოფლიოს მართვაზე აქვთ პრეტენზია.
როგორც ჩანს, დღეს მოდურია არაკომპეტენტურობა, დაბალი ერუდიცია და ინტელექტი: ზოგიერთი გეოდეზისტი ნიველირსა და თეოდოლიტს ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან; ოკულისტმა არ იცის, როგორ გაზომოს მანძილი გუგებს შორის; ელჩმა, რომელსაც მთავრობა სხვა ქვეყანაში გზავნის, არ იცის, სად მდებარეობს ეს ქვეყანა; ეკონომიკის მინისტრად ხაბაზს ნიშნავენ, თინა ხიდაშელს _ თავდაცვის მინისტრად, ხოლო “ქსლისმბეჭველ პლასტელინს _ პრეზიდენტად”...
გიორგი გაჩეჩილაძე
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно