Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თამაზ მეჭიაურის სკანდალურ ინტერვიუს ლევან მამალაძე ეხმიანება

თამაზ მეჭიაურის სკანდალურ ინტერვიუს ლევან მამალაძე ეხმიანება

თამაზ მეჭიაურმა "რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა,რომ კოალიცია "ერთიანი საქართველოსთვის" დაიშალა და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის კოალიციაში შემავალი პარტიების უცხოეთიდან მართვას ასახელებს.მეჭიაურის თქმით პარტიებს „ჩემი სამშობლო" და „სახალხო ხელისუფლება",რომლებიც კოალიციაში შედიან ლევან მამალაძე მართავს,რის მტკიცებულებადაც მისი და მამალაძის სატელეფონო საუბარი მოყავს.

ლევან მამალაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და მეჭიაურს ფეისბუკზე კომენტარით პასუხობს: "გუშინ ღამე მეჭიაურის ფეისბუკ გვერდზე მივწერე მოკლე პასუხი. სიმართლეს გაექცა და დამბლოკა!

- თამაზ! შენ უკადრეებელი იკადრე! ამდენი ტყუილის მთქმელს ქართული პოლიტიკაც კი ვერ აგიტანს! ერთ კვირაში სამი ბლოკი დაშალე ! ვისი დავლებით გადააგდე ხალხი ისიც ცნობილია ! ჩანაწერზე, რომ ამბობ " ,მამალაძე პარტიებს მართავსო" ამოიღ და დადე ჩანაწერი... " - წერს ლევან მამალაძე

გთავაზობთ თამაზ მეჭიაურის "რეპორტიორთან" მიცემულ ინტერვიუს,რის შემდეგაც ქვემოთ იხილავთ ლევან მამალაძის პასუხის სრულ ვერსიას,რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თამაზ მეჭიაური: კოალიცია დაიშალა! ახლახან დასრულდა კოალიციის გამგეობის სხდომა. ვაპირებდით სხვადასხვა საკითხების განხილვას, თუმცა, როდესაც ბოლოს ყველაფერს მოვუყარეთ თავი, ფაქტობრივად, აზრი აღარ ჰქონდა კოალიციის რეჟიმში არჩევნებში მონაწილეობას.



- რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?



- ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტია, რომელიც თავდაპირველად იქნა კოალიციაში შემოსული ჩვენი მაშინდელი პარტნიორების მიერ, უნდა გადაფორმებულიყო ჩვენს ყოფილ თანაპარტიელებზე. შემდეგ, რატომღაც გაჭირდა გადაფორმება, ამას მოჰყვა ვნებათაღელვა, სხდასხვა კომენტარები, რომ ეს პარტია იყო ლევან მამალაძის მიერ მართული. ლევან მამალაძის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი, მაგრამ ერთია, როდესაც პარტიას მხარს უჭერ და მეორეა- მართავდე პარტიას.


ლევან მამალაძე არის ძებნილი, რომელსაც, ზუსტად არ ვიცი, რამდენი წელი აქვს მისჯილი, იმყოფება სხვა ქვეყანაში და მას არ აქვს უფლება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მამალაძემ პირადად დარეკა ჩემთან და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არათუ ერთ პარტიას („სახალხო ხელისუფლება"), მეორე პარტიასაც ის მართავს. მე არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თვითონ ამაზე პრეტენზია აქვს. გამოდიოდა, რომ პარტიები „ჩემი სამშობლო" და „სახალხო ხელისუფლება" ორივე მისია და მის მიერ არის მართული. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, ამოიღოს სატელეფონო ჩანაწერი.



- მხოლოდ ეს გახდა კოალიციის დაშლის მიზეზი?


- რა თქმა უნდა, მეტი რა მიზეზი უნდა ყოფილიყო? პირდაპირ პრეტენზია აქვს პიროვნებას, რომელიც ძებნაში იმყოფება (სწორად იყო გასამართლებული თუ არა, ეგ არ ვიცი). მას პრეტენზია აქვს, ასე აქტიურად ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართოს კოალიცია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო ხალხის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უკვე ვასოცირდებოდით ლევან მამალაძესთან, ამის გამო გვიწევდა თავის მართლება. სამწუხაროდ, ეს პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავთავისუფლდეთ ყველასგან. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს...


დიახ, პირდაპირ გეუბნებით - იყო მცდელობა, რომ ამ კოალიციის მართვის პულტი ყოფილიყო ქვეყნის გარეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.


ის, რომ ჩვენ ვემხრობით რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ რუსეთისგან. ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვაცხადებ. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთშია. მასთან მოლაპარაკებებისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემის გადაწყვეტა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან პარტიების ნაწილი იმართება ვაშინგტონიდან, ახლა შეიქმნას მეორე პოლუსი, რომელიც ჩრდილოეთიდან იქნება მართული. ერთი იქნება ამერიკების ინტერსების გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში და მეორე - რუსეთის ინტერესების გამტარებელი.


ჩვენ გვაქვს ნიში, რომელიც განვაცხადეთ ადრევე და ეს არის ეროვნული, პროქართული ნიში, რომელიც არის უპირველესად ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ამ მიზნის მისაღწევად ვისთანაც დაგვჭირდება დიალოგი, მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები!


იმდენად, რამდენადაც ცხრაწლიანი რეჟიმის დროს და შემდგომ უკვე „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მმართველობის დროს, ფაქტობრივად ამ მიმართულებით საქმე წინ არ წასულა, მხოლოდ დარჩა მოლაპარაკებები კარასინი-აბაშიძის ფორმატში, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იძლევა საშუალებას, სახელმწიფოებს შორის არსებული პრობლემების მინიმუმიც კი გადაიჭრას. საჭიროა რუსეთთან როგორც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ასევე დიალოგის უფრო მაღალ ფორმატში გაგრძელება. ეს დიალოგი და მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის მანდატით აღჭურვილი და არა გარედან თავს მოხვეული. ჩემთვის მიუღებელია საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნებების პარტიებთან ურთიერთობა!


- ბატონო თამაზ, სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებთ?


- ვფიქრობ, არჩევნებში ცალკე მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის რთული გზა, მაგრამ დალაგდება ყველაფერი. არის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ორიენტირებულია პროდასავლურ ღირებულებებზე, ესენი არიან „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობა", სხვადასხვა „გირჩები" და ა.შ. ასევე იქნება პრორუსული პარტიები, რომლებიც იქნებიან გარედან მართული... და იქნებიან ეროვნული ძალები, ორიენტირებულნი ჩვენი ხალხის ნდობაზე და ქვეყნის ინეტერესებზე, ყოველგვარი გარედან მოხვეული დაფინანსებისა და შეკვეთილი გადაწყვეტილებების გარეშე.


ესაუბრა თეონა რამაზაშვილი



ლევან მამალაძის ფეისბუკ სტატუსი,სადაც ის თამაზ მეჭიაურის ინტერვიუს ეხმიანება:

"მატყუარა პოლიტიკოსის პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია!
თამაზ მეჭიურმა სამი თვის წინ დაიწყო რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზე საუბარი და მას შემდეგ მოსვენებას არ მაძლევდა , რომ როგორმე ურთერობები დაემყარებინა მოსკოვის პოლიტიკურ წრეებთან. მე 12 წელის წინ უკრაინაში ჩამოვაყალიბე „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი“ და პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე , მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მაქვს პირდაპირი კავშირები, ანტიკრიზისული პროგრამების მომზადების კუთხით. თამაზს რომ დავხმარებოდი და მისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები ,მომეწყო დონბასიდან სპეციალურად ჩამოვდიოდი. ამის შედეგათ, მეჭიური თემის წამყვანი გახდა, მაგრამ თბილისში საელჩოებში მიმოსვლის შემდეგ მან შექმნილი ბლოკი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერმე დაშალა. მარყუარა პოლიტიკოსის პერსპექტივა კარს მომდგარ არჩევნებში საკმაოდ ბუნდოვანია! დეტალების კომენტირებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ!"


"გუშინ ღამე მეჭიაურის ფეისბუკ გვერდზე მივწერე მოკლე პასუხი. სიმართლეს გაექცა და დამბლოკა!

- თამაზ! შენ უკადრეებელი იკადრე! ამდენი ტყუილის მთქმელს ქართული პოლიტიკაც კი ვერ აგიტანს! ერთ კვირაში სამი ბლოკი დაშალე ! ვისი დავლებით გადააგდე ხალხი ისიც ცნობილია ! ჩანაწერზე, რომ ამბობ " ,მამალაძე პარტიებს მართავსო" ამოიღ და დადე ჩანაწერი , მთქმელს და დამბრალებელს მთელმა საქართველომ........ ! სიმართლეს ვერსად გაექცევი და შენი გაკეთებული სიბინძურისთვის ღმერთი დაგსჯის!" - წერს ლევან მამალაძე

თამაზ მეჭიაურის ინტერვიუს წყარო: reportiori.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions