Coloring Pages Reddit Video Downloader
 

დიდი დაპირისპირება «ქართულ ოცნებაში» – «საუბარი იმდენად დაძაბული იყო, რომ კობახიძემ რამდენჯერმე კახა კალაძესაც დაურეკა

დიდი დაპირისპირება «ქართულ ოცნებაში» – «საუბარი იმდენად დაძაბული იყო, რომ კობახიძემ რამდენჯერმე კახა კალაძესაც დაურეკა


ვეტოს დასძლევად შეკრებილმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამავდროულად, «ქართული ოცნების» საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ირაკლი კობახიძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ითხოვეს. შეხვედრის მიზანი კი ერთადერთი იყო – დეპუტატებს სურთ, იმ რეგიონებში, რომლებსაც თავად წარმოადგენენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები გაიყვანონ. ის, რომ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცვლება, უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ის არ არის გადაწყვეტილი, სად რომელი კანდიდატი იქნება წარდგენილი და დეპუტატებს სწორედ ამიტომ სურთ, საკუთარი რჩეულების გაყვანა.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, პარლამენტარებმა კობახიძეს რეალური სურათი დაუხატეს და აუხსნეს, რომ მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტში მეორე ტურია მოსალოდნელი. მოსახლეობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გაზის ტარიფი გაძვირდა და ეს ამომრჩეველს მძიმე ტვირთად დააწვება. მართალია, ზაფხულში ამას მოსახლეობა ნაკლებად იგრძნობს, მაგრამ…

«დეპუტატებმა პირდაპირ მოითხოვეს, რომ გაზის გაძვირების, არეული სიტუაციისა და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარების ფონზე, მათ რთული არჩევნები ელოდებათ. დეპუტატებმა ისიც თქვეს, რომ თანხების მხრივ სერიოზული გაჭირვებაა და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსით ჩაერევიან, საკუთარი კანდიდატები უნდა ჰყავდეთ. კობახიძეს ყველაზე მეტად ის არ მოეწონა, რომ დეპუტატები გამგებლებად და საკრებულოს თავმჯდომარეებად ძირითადად საკუთარ ნათესავებს ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც აჭრილი სიტუაცია უფრო მეტად აიჭრება. სწორედ ამიტომ, მხარეებს შორის დაძაბული საუბარი წარიმართა», – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

უფრო მეტიც, საუბარი იმდენად დაძაბული იყო, რომ ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე კახა კალაძესაც დაურეკა და მან სიტუაციის გასანეიტრალებლად ჯერ ზურაბ ალავიძე მიავლინა, შემდეგ კი თავადაც მივიდა.

«ალავიძე პრაქტიკულად ყველაფერს წყვეტს. კალაძის დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, მთელი ბერკეტები სწორედ ინფრასტრუქტურის მინისტრმა აიღო ხელში და ის არა მარტო ალაგებს სიტუაციას, არამედ ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებებსაც ატარებს. სწორედ მისი დამსახურებით, ურჩ დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რამდენიმე პროექტი შეუჩერა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ამით ალავიძემ მათ აგრძნობინა, რომ პარტიას შეუძლია, რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს და რამდენიმე დეპუტატი სამაგალითოდ დასაჯოს, რაც სხვებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება», – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

ყველაზე მძიმე სიტუაცია კახეთის რეგიონშია. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობით უკმაყოფილოა, ამას ემატება ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორიც. ყველაფრის გარეშე დარჩენილი ღარიბაშვილი საკუთარ რესურსებს პარტიის საწინააღმდეგოდ იყენებს და ეს განსაკუთრებით დედოფლისწყაროში შეინიშნება. სხვათა შორის, დედოფლისწყარო მზესუმზირის და შესაბამისად, საჭმელი ზეთის ბეღლად ითვლება და როგორც ამბობენ, ყველა ფერმერი პრაქტიკულად ღარიბაშვილის ხელშია. სამაგიეროდ, კახეთის სხვა რეგიონებში, სადაც მარცვლეულ კულტურებზე (ხორბალი, ქერი) დიდი მოსავალი მოვიდა, მოქმედი პრემიერის, კვირიკაშვილის მამა ითვლება მამამთავრად და სწორედ ამ ორ კლანს შორის მიდის ჭიდაობა. ღარიბაშვილი პარტიისგან კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამგებლის საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ითხოვს, რაზეც კატეგორიულ უარს ეუბნებიან. «ფერმერთა ომი» რით დასრულდება, ჯერ არავინ იცის, მაგრამ რეალურად, არჩევნები სწორედ იმ ადამიანებმა უნდა ჩაატარონ, ვის ხელშიც მიწის სავარგულები და შესაბამისად, დიდი ფულია. პარალელურად, ნეიტრალურ პოზიციაზე არიან მევენახეები. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განახორციელებს თუ არა ყურძნის სუბსიდირებას ხელისუფლება. თუ ეს მოხდება, მევენახეები და ღვინის ქარხნის მფლობელები, რომელთა თითქმის ას პროცენტს საკუთარი ვენახებიც აქვს, ხელისუფლების მხარეს დადგებიან, რადგან საკუთარ ვენახში მოყვანილ ყურძენს, სუბსიდირების შემთხვევაში საკუთარ თავს მიჰყიდიან და სერიოზული მოგება დარჩებათ.

«შეხვედრაზე კალაძის მისვლის შემდეგ, სიტუაცია უნდა განმუხტულიყო, მაგრამ უფრო დაიძაბა. კახამ მშვიდად აუხსნა დეპუტატებს, რომ მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, რამაც უკვე პარტიული მუშაკები გააღიზიანა. მუნიციპალიტეტებში პარტიის თავმჯდომარეები და ადგილობრივი აქტივი არჩევნების ბოიკოტით დაიმუქრა. მათი ნაწილი ახლომდებარე მუნიციპალიტეტიდან შეხვედრაზეც კი მივიდა სასწრაფო წესით. ისინი აცხადებდნენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმ იმედით იყვნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს მათი უმრავლესობა საკრებულოს წევრობის კანდიდატი იქნებოდა, იქ კი კომისიებსა და ფრაქციებში მოწინავე პოზიციაზე დასაქმდებოდა და სოლიდურ ხელფასსაც მიიღებდა. ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ არცთუ ცოტა მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ მაჟორიტარ დეპუტატებად და პარტიული სიითაც არაერთი ყოფილი ნაციონალი გაიყვანა. ახლა კი გადმოპორტირებული ნაციონალები მუნიციპალიტეტებში ისევ ნაციონალების დაბრუნებას აპირებენ, ანუ იმ შემადგენლობის, რომელიც ჯერ 2012-ის, შემდეგ კი 2014 წლის არჩევნებზე, ასე თუ ისე, მოიშორეს. თავიდან მოსულებთან უხეში საუბარი გაიმართა, მაგრამ მათ არ დათმეს და საბოლოოდ პარტიის ლიდერები მოლბნენ. ამის შემდეგ შეხვედრა ისევ დეპუტატებთან შედგა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დეპუტატთა უმრავლესობამ შეხვედრა ყვირილით და მუქარით დატოვა. სწორედ ამიტომ მიმდინარე კვირაში დაანონსებული რიგგარეშე სხდომა შესაძლოა, კიდევ ერთი კვირით გადაიდოს, ან პარტიამ უკვე საზღვარგარეთ დასასვენებლად და სამკურნალოდ მყოფი დეპუტატები ჩამოიყვანოს და ვეტოს მოხსნა მათი მეშვეობით სცადოს», – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

სწორედ იმ მიზეზით, რომ მხარეები პრაქტიკულად ვერაფერზე შეთანხმდნენ, მმართველი გუნდის კანდიდატების წარდგენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. უფრო ზუსტად, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ «ქართული ოცნება» რეგიონებში კანდიდატებს სექტემბრისთვის წარადგენს, აგვისტო კი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ცხელი იქნება.

«ერთ რჩევას მოგცემთ – ხშირად იარეთ თბილისის შემოგარენში არსებულ რესტორნებში და იმდენ ნაცნობ სახეს ნახავთ და იმდენად საინტერესო კომპანიაში, რომ თავადაც მიხვდებით, ყველაფერი რიგზე არ არის. ერთსაც გეტყვით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დეპუტატმა 22 მაჟორიტარის სია ჩამოწერა, ამ კანდიდატებს უთხრა, რომ ისინი უკვე შეუდგნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, რადგან კანდიდატები იქნებიან. პარტიამ ამ დეპუტატს 22-ვე კანდიდატი დაუწუნა, ანუ ისე გამოვიდა, რომ იმ 22-მა კაცმა თავის სოფლებს მოსდო ამბავი, კანდიდატი მე ვიქნებიო, ახლა კი უარი უთხრეს. ეს მათ ავტორიტეტს ძალიან დაბლა სწევს და ავტორიტეტის გარდა, 22 განაწყენებული ადამიანი, რომელიც დეპუტატმა, ნათესაობისა და ძმაკაცობის გარდა, მეტ-ნაკლები ავტორიტეტის გამო შეარჩია, აღნიშნული რაიონისთვის უკვე სერიოზული პრობლემაა. თუმცა, უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ წინასაარჩევნო ფაციფუცში არსად, არცერთხელ არ გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი, რაც მმართველ გუნდს, დისკომფორტთან ერთად, ძალიან დიდ პრობლემას უქმნის», – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს გაიმართება და წესით, 22 აგვისტოს უკვე ყველამ უნდა იცოდეს, ვინ სად იყრის კენჭს, თუმცა კიდევ გავიმეორებთ – მმართველი გუნდისთვის წარდგენების თარიღი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიწევს და რამდენად ეყოფათ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ერთი თვე, ეს კიდევ საკითხავია.


„ალია“

წყარო: cyc.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions