Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სანდრო ბრეგაძე: "დიახ, ივანიშვილი კი არ წავიდა, ის აიძულეს, რომ წასულიყო"

სანდრო ბრეგაძე: "დიახ, ივანიშვილი კი არ წავიდა, ის აიძულეს, რომ წასულიყო"


ძალიან საინტერესო ინტერვიუ "ქართული მარშის" ლიდერთან სანდრო ბრეგაძესთან.

- მოგესალმების ბატონო სანდრო. საზოგადოება აღშფოთებულია ჩოხატაურში არსებული ვითარებით, სადაც მართლმადიდებელ და მუსულმან ქართველებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც პროვოკაციას გავს. თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ ეს პროცესი შესაძლოა თურქეთიდან იყოს მართული, კერძოდ გიულენი ახსენეთ, რომელიც სააკაშვილთან არის დაკავშირებული. საინტერესოა თქვენი აზრი და დეტალურად, რომ გვითხრათ რასთან გვაქვს საქმე?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ეს არ არის არანაირი კონფლიქტი, მუსულმან ქართველებსა და მართლმადიდებელ ქართელებს შორის. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმილია ფეთხულა გიულენის გუნდის მიერ და მისგან კონტროლირებადი ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც აქვთ მიზნად დასახული ოტომანთა იმპერიის აღდგენა და დაახლოებით ასეთი ტიპის იპერიალისტური მოსაზრებები, რომ აჭარა, გურია და მთელი დასავლეთ საქართველო არის თურქეთის ტერიტორია, და ისინი გამოირჩევიან თავიანთი ექსტრემიზმით და კავშირებით ტერორისტულ ორგანიზაციებთან. აი ეს არის ამ ყველაზე ბნელი და შავი ძალის მიერ წარმოებული კამპანია საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არა თუ ეწინააღმდეგება ამას, ხშირ შემთხვევაში გვევლინება ამის ხელის შემწყობად, იმით, რომ ისინი ხმას არ იღებენ და ჩუმად არიან. ყველაფერი არის იმის გამო, რომ ვინმე არ გაანაწყენონ. კი, რა თქმა უნდა, საყოველთაოდ არის ცნობილი ერთი რამ, რომ ფეთხულა გიულენი არის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უახლოესი მეგობარი და სააკაშვილთან ახლო კავშირებში მყოფი პიროვნება, ეს ყველამ იცის. ცნობილია მათი საერთო ბიზნესები, რაღაც საგანმანათლებლო პროექტები და ა.შ.

რა თქმა უნდა, სააკაშვილმა, როდესაც 30 000 თურქს მისცა მოქალაქეობა, მაშინ გიულენი იყო ამ პროცესებში ჩართული და ამითი ფაქტიურად ოცნება აუსრულა მათ. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართულ-ეროვნული ინტერესები განდევნილიყო აჭარიდან და ფაქტობრივად მთელი აჭარა გადაულოცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ის არის, რასაც აკეთებდა სააკაშვილი, რომელიც კარგად ვიცით, რომ არის ჩვეულებრივი მოღალატე ქართველი ერის და საქართველოსი, მაგრამ რას აკეთებს არსებული ხელისუფლება? დღეს, როდესაც საეჭვო ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წარმომადგენლები, ისინი არიან შავ-ბნელი ძალები, რომლებიც დათარეშობენ ქვეყნის მაშტაბით, ემუქრებიან ქართულ სახელმწიფოს, რომ ხალხს ჩამოიყვანენ და არეულობას მოაწყობენ. ამ დროს მათ თითს არავინ არ აკარებს და ამ ფონზე, "ქართული მარშის" დელეგაციას, რომელიც მიემართებოდა სოფელ ბუკნარში, რათა გარკვეულიყო სიტუაციაში და მორალური თანადგომა გამოეცხადებინა იქ მაცხოვრებელი მართლმადიდებლებისთვის და ასევე, დალაპარაკებოდა ჩვენს მუსულმან ქართელ ძმებს. მაგრამ ისინი არ შეუშვეს ბუკნარის ტერიტორიაზე. სამაგიეროდ, კორტეჟით გაატარეს ამ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები რამოდენიმე სამარშრუტო ტაქსით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარიელ ნაკაიძის ხელმძღვანელობით იქ იყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და ბოკერიას პარტიის წევრები. ეს ის ავად სახსენებელი ტარიელ ნაკაიძეა, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფოს მტერი და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბოკერიას პარტიული სიით შეიყვანა საქართველოს პარლამენტში, იმის ნაცვლად, რომ ტარიელ ნაკაიძე ეხლა იჯდეს ციხეში და სახელმწიფოს ღალატისთვის იხდიდეს სასჯელს. ეს არის შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლებაც, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აჭარა, გურია და მთლიანად დასავლეთ საქართველო მოექცეს თურქეთის გავლენის ქვეშ, და ეს პროცესი უკვე განხორციელებულია. ყველაფერი დაიწყო ეკონოიკური გავლენების გაფართოებით, როდესაც აჭარაში ფაქტობრივად ყველა ობიექტი, ყველა სასტუმრო, რესტორანი, ბარი და სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია თურქ და ირანელ ბიზნესმენებს გადასცეს. ეს იყო პირველი ეტაპი. ახლა დაიწყო პოლიტიკური ეტაპი, ანუ ეკონომიკური ოკუპაცია მოახდინეს და ეხლა იწყებენ პოლიტიკურ ოკუპაციას.

ამიტომ, ბუკნარში მიმდინარე პროცესები არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ ოკუპაციის დაწყებისკენ, და არ დაგავიწყდეთ, რომ მალე ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა, რომლის შემდეგაც ჩვენ რა მოთხოვნებს დაგვიყენებენ, ეს კაციშვილმა არ იცის და მე ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ხოლო სააკაშვილის ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლებაც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ შენარჩუნებული იყოს მათი ფინანსური სტაბილურობა და პოლიტიკური სტაბილურობა, იმით, რომ იყონ ხელისუფლებაში.

- ანუ რაც ვიხილეთ ჩოხატაურში, როდესაც ნაცმორაობის წარმომადგენელი, ვინმე ბესიკ ქათამაძე გურიის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან (რომელიც ცდილობდა ადგილობრივების შერიგებას) კონფლიქტის პროვოცირებას შეეცადა, ასევე იქვე იყო ტარიელ ნაკაიძე და სხვა ფაქტებთან ერთად, ეს ერთ-ერთი ფაქტია იმისა, რომ სააკაშვილ-ბოკერიას ორგანიზებით ხდება საფუძვლის მომზადება, რომ თურქეთის მხრიდან განხორციელდეს აჭარის ექსპანსია, ყარსის ხელშეკრულების გასვლის შემდეგ?

- დარწმუნებული იყავით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ყარსის ხელშეკრულების შემდგომ, მივიღებთ საკმაოდ ცუდ წინადადებებს, რომელშიც შესაძლოა იგულისხმებოდეს ის, რომ ჩვენ დასავლეთ საქართელოს გარკვეულ რეგიონებზე საერთო კონტროლი შეიძლება მოგვთხოვონ. ამის შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე ვილაპარაკო. ჯერ აქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა იყოს დემილიტარიზებული ზონა და ა.შ. ფაქტიურად, უნდა მოხდეს ქართული სახელმწიფოს დაშლა. ამაშია მთელი საქმე და ამ პროცესს, როგორც კლასიკური მოღალატეები, ბოკერიას პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და ამავე დროს, "ქართული ოცნება" ხელს უწყობენ. ჩვენ ამ პროცესებს ვადევნებთ თვალს, რაც ბუკნარის მოვლენებს უკავშირდება. ბუკნარი დღეისათვის სტრატეგიულ ობიექტად არ ითვლება, მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. დღეს ქართულ სახელმწიფოს უკან დაახევინეს და ასე ახევინებენ უკან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს სახელწიფოს ნგრევამდე. დღეს ყველაფერი მიმართული არის პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების ჩასახშობად. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს.

ახლა, რაც შეეხება ქართელ მუსულმანებს. ცნობილია, რომ საქართველოს ისტორიაში იყო საკმაოდ ბევრი ქართველი მუსულმანი, რომლებიც როგორც გმირები, ოქროს ასოებით შევიდა საქართველოს ისტორიაში. ორ მაგალითს დავასახელებ: სელიმ ხიმშიაშვილი, ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა და ბოლოს თავიც შეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას. და დიდი მემედ აბაშიზე, რომელიც, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. აი ესენი არიან მუსულმანი ქართველების ნამდვილი სახეები. მაგალითად მემედ აბაშიძეს, რომელიც ილია ჭავჭავაძის უახლოეს თანამებრძოლად და იდეების გამავრცელებლად ითვლებოდა. მას სამუსულმანო საქართველოს პატრიარქიც კი უწოდეს და ესენი არიან მუსულმანი ქართველები, ეროვნული გმირები და ისინი არიან ჩვენი სისხლი, ხორცი, ოჯახი, ნათესავი და ყველაფერი. ისინი ისეთივე ქართველები არიან, როგორც მე და თქვენ და ნებისმიერი, მაგრამ არიან ისეთებიც, როგორიც კონსტანტინე ხანი იყო, მისი გზის გამგრძელებლებიც არიან.

კონსტანტინე ხანიც მუსულმანი ქართელი იყო და სხვათა შორის, ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელი იყო. ადამიანი, რომელმაც შახ-აბასის ბრძანებით მოკლა მამა, ძმა, პატრიარქი... დაატყვევა და ასევე სიკვდილით დასაჯა ყველა ის ქართელი პატრიოტი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთის იბრძოდა. ის იყო კლასიკური ტიპის მოღალატე, ის იყო ირანის ინტერესების გამტარებელი და არა საქართველოს ინტერესების გამტარებელი. ის არ იყო სხვა მუსულმანი ქართველების მსგავსად პატრიოტი, ის იყო პროირანული პოლიტიკის გამტარებელი.

ამიტომ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ასეთი რაღაცეები ერთმანეთისგან და კოლექტიური ტარიელ ნაკაიძეები არ არიან მუსულმანი ქართველები, როგორებიც მემედ აბაშიძე და სელიმ ხიმშიაშვილი იყო. ესენი საერთოდ ქართველები არ არიან, ისინი ქართველების მტრები არიან. ხოლო "ქართული მარში" შიშველი ხელებით ვებრძვით ამხელა მონსტრს, როგორიც არის ფეთხულა გიულენის და სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ძალები, რომლებსაც ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება და ლიბერალური ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" სახით. ვებრძვით მათ შიშველი ხელებით და ეს ძალიან ძნელია, რადგან ისინი, როგორც სარანჩები მოდიან და ისევე, როგორც სარანჩა ანადგურებს ყველაფერს, ასევე ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი ქართული.

რამოდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამის ჯვარზე გააკრეს ნიკა გვარამია, რომელიც ცხოვრებაში პირველად შემეცოდა, იმის გამო, რომ მუსულმანთა სასულიერო ლიდერები ხუმრობით მოიხსენია. მთელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა დაგმეს ეს. კი ბანოტონო, დასაგმობია და დაგმეს, რათქმაუნდა ვთვლი, რომ მუსულმანთა, ისევე, როგორც ქრისტიანული, იუდეველთა ან ნებისმიერი რელიგიის შეურაწყოფა უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად, მაგრამ როდესაც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე და მარიამ ღვთისმშობელზე საშინელებები ილაპარაკეს, მაშინ რატომ არ იყო ეს რეაქცია? მაშინ ყველანი გვარამიას გვერდით დადგნენ და ეს გამოხატვის თავისუფლებად ჩათვალეს. ანუ რა გამოდის, რომ იესო ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის, მართლმადიდებელი ქრისტიანი წმინდანების გაშარჟება და ლანძღვა შეიძლება და ნება დართულია, ხოლო ნებისმიერი სხვა რელიგიურ მიმდინარეობაზე ხუმრობა ისჯება? ანუ ე.ი. დღეს მიმდინარეობს მართლმადიდებლობის დევნა. აი ეს არის სიმართლე, და სხვათა შორის, ამ დევნაში, ზოგიერთი უცხოური საელჩოს პირველი პირები იღებენ მონაწილეობას და მართავენ პროცესებს, რომელიც მიმართული არის მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის და საპატრიარქოს წინააღმდეგ.

- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. რის შემდეგაც, საზოგადოებაში გაჩნდა ვერსიები, რომ მან ეკონომიკურ კრიზისს გააირდა თავი და ასევე, იყო ვერსია, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, როცა პომპეოს ვიზიტს დაუკავშირეთ ეს, ანუ, რომ აშშ-დან იყო მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატი კონგრესმენის გრეგორი მიქსის განცხადებათაც დასტურდება?

- პირველი ამოცანა, რაც იყო, ის შესრულებული იქნა. იგულისხმება ის, რომ იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნების გაყალბებაზე თვალს დახუჭავდნენ უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ამის სანაცვლოდ, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში უნდა გაენადგურებინა ეროვნული ძალები. ამიტომ, დღეს ნურავინ ნუ ფიქრობს იმას, რომ არჩევნები, როდესაც გაყალბდა, "ნაციონალურ მოძრაობას" მოპარეს რაიმე ხმები. მათთვის ხმები არ მოუპარიათ, ხმები მოპარეს "ქართულ მარშს" და "პატრიოტთა ალიანსს", და სპეცოპერაცია ამ ორი პარტიის გასანადგურებლად მოვიდა მოქმედებაში საქართელოს ხელისუფლების მიერ. რის სანაცვლოდაც, მათ მიიღეს სოროსულ-ლიბერასტული ძალების მხრიდან სიჩუმე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

და ეს ასეც განხორციელდა. ყველამ კარგად იხილა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია არჩევნების გაყალბებაზე არ არის რადიკალური და პირიქით, ლოიალური და შემგუებლურია, ანუ პარტიებს ეუბნებიან, რომ შედით პარლამენტშიო. მაგრამ, ამის მერე შედგა მაიკ პომპეოს ვიზიტი და მე დაზუსტებით ვიცი, რომ სწორედ ამ ვიზიტის მიმდინარეობისას, პირდაპირ იქნა დასმული საკითხი, რომ მესამე ვადით ბიძინა ივანიშვილი ვეღარ იქნებოდა ხელისუფლებაში და ის აიძულეს, რომ წასულიყო ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან. ეს არის დღეს არსებული რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო, სადაც ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არაფერს არ წყვეტენ, ისინი თავიანთ ქვეყანაში არიან სტუმრის როლში, ხოლო ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში წყვეტენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელები, რომლებიც საქართველოს უყურებენ, როგორც თავისი ქვეყნის გამოსაყენებელ ობიექტს.

სანდრო ბრეგაძე: "დიახ, ივანიშვილი კი არ წავიდა, ის აიძულეს, რომ წასულიყო"


დიახ, ივანიშვილი კი არ წავიდა, ის აიძულეს, რომ წასულიყო. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი თავის ხელისუფლებიანად და თავის ოპოზიციანად, ვინც გავიდა პარლამენტში, არის ლიბერალურ-სოროსული ღირებულებების მატარებელი. და იქ ქართული და ეროვნული სიტყვის მთქმელი ერთი ადამიანიც კი არ არის. აქამდე ყველა პარლამენტში იყო 5 ან 10 ადამიანი, სამი ადამიანი მაინც, რომელიც ეროვნულ, ქართულ სიტყვას იტყოდა. დღევანდელი პარლამენტი კი 100%-ით მათით არის დაკომპლექტებული და რეალურად "ქართულმა ოცნებამ", ანუ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება გადაულოცა მართლმადიდებლობის, რწმენის, ქართველობის, ტრადიციების მტერ ლიბერალურ-სოროსულ ძალებს. აი ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს.

და ეს ძალები, მაგალითად მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია, რაიმით განსხვავდება ერთმანეთისგან? უბრალოდ ბოკერია ბევრად უფრო განათლებულია და ბევრად უფრო ჭკვიანია. მამუკა მდინარაძე კი ბევრად უფრო გაუნათლებელი და ბრიყვი არის. ეს არის მათ შორის განსხვავება, თორე იდეოლოგიურად, აზრობრივად და არსობრივად, ისინი ერთნი არიან. ისევე, როგორც მაგალითად ირაკლი კობახიძესა და გიგი უგულავას შორის იდეოლოგიურად არავითარი განსხვავება არაა. ისინი არიან ერთი ბატონის მსახურები.

- ანუ გულისხმობთ, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდება და საინტერესოა, კონკრეტულად რა სცენარით განვითარდება მოვლენები თქვენი აზრით? როგორც ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზია აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და ახალ არჩევნებს ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა მათ გადააბარა ხელისუფლება?

- ხალხი არ არის დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ამიტომ ჯერჯერობით ხალხი არის ეიფორიაში. ბევრი ამაში არ არის დარწმუნებულები, მაგრამ ერთ-ორ თვეში ისინი ამაში აუცილებლად დარწმუნდებიან და როდესაც მიხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულია პოლიტიკიდან და როდესაც ივანიშვილის ფაქტორი აღარ იარსებებს... მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სტაბილიზაციის გარანტი იყო ივანიშვილის ფაქტორი, თორე "ქართულ ოცნებაში", რომ არავინ დიდ არაფერს არ წარმოადგენს, თქვენც იცით, მეც ვიცი და ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ იცის. აი როდესაც ერთ-ორ თვეში ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ივანიშვილის ფაქტორი არ არის, არც ხელისუფლებაში და არც პოლიტიკაში, აი მაშინ, დაახლოებით რამოდენიმე კვირაში დაინგრევა "ქართული ოცნების" არამარტო ხელისუფლება, არამედ პარტია. ამაში იყავით დარწმუნებულები და ეს მოხდება ძალიან მალე.

ამ ფონზე რა მოვლენები განვითარდება, ეს ცოტა ძნელი პროგნოზირებადია. ერთის მხრივ ის ვარაუდი, რასაც თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა მოხდეს ამ ლიბერალურ ძალებზე ოფიციალურად ხელისუფლების გადაბარება, იგულისხმება "ნაციონალურ მოძრაობაზე", "ევროპულ საქართველოზე", გირჩზე და სხვა მოღალატეებზე, და მეორე ვარაუდი არსებობს, რომ გარკვეული პერიოდი იყოს პოლიტიკური ქაოსი და მე უფრო ამას ვფიქრობ, რომ გარკვეული დროით იქნება პოლიტიკური ქაოსი. მითუმეტეს ეს ყველაფერი მოხდება იმ ფონზე, რომ იქნება უდიდესი ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც როგორ გაუძლებს ქართული სახელმწიფოებრიობა არ ვიცი. ანუ პროგნოზი არ არის რათქმაუნდა სახარბიელო, თუ რა პროცესები განვითარდება, მაგრამ ერთი ფაქტორიც არსებობს.

ბოლო დროის განმავლობაში კავკასიაში ჩვენ ქართველებმა მოვახერხეთ იმდენი, რომ დღეს კავკასიის ბედი წყდება ჩვენს გარეშე. ახლახანს კარგად ვნახეთ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით, როდესაც იმდენი საკითხი გადაწყდა, რაც კავკასიას ეხება, რომელი საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ჩვენ ამაში ანუ კავკასიის პროცესების დალაგებაში, მონაწილეობას არ ვიღებთ, რაც ცუდად შემოუტრიალდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს უაზრო საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ვერანაირი შედეგი ვერ მოგვიტანა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები დავკარგეთ და ამიტომ კარგი არაფერი გველოდება. ან რა უნდა გველოდებოდეს, როდესაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი ლიბერალურ-სოროსული კლასტერის წარმომადგენელია, და რომლის მიზანიც არის ქვეყნის დაქცევა და ამოგდება.

- თუ ასე რთული ვითარებაა, გამოსავალი რაშია? ალბათ ეროვნულ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომლის გარეშეც ძნელი იქნება საგარეო და საშინაო ლიბერალ-სოროსელებთან ბრძოლა, რომლებიც სახელმწიფოს ანგრევენ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული ძალების გაერთიანება?

- პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ერთი რამ, რომ ვინ არიან ეროვნული ძალები? დღეს ჩვენს რეალობაში შესაძლოა ბევრი პიროვნება იბრალებდეს ეროვნულობას, რომელიც თავისი საქმიანობით ანტი-ეროვნულია. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა გაირკვეს ვინ არის ეროვნული და შემდეგ განისაზღვროს, როგორ მოხდეს გაერთიანება. ამიტომ, მე ცოტა დაბნეული ვარ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინ ემსახურება რეალურად ეროვნულ ინტერესებს. დღეს სამწუხაროდ კარგ პროგნოზებს ვერ ვაკეთებ. მე ის ვიცი, რომ "ქართული მარში" არის მკვეთრად გამოხატული ეროვნული ძალა. რათქმაუნდა, საბედნიეროდ საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში არის სხვა ბევრი ეროვნული ადამიანი და ბევრია ეროვნული ძალა. მაგრამ მე ცოტა გაურკვევლობაში ვარ, რადგან ძნელი გასარკვევია ის, თუ დღეს ვინ არის ეროვნული და ვინ არის ფსევდო-ეროვნული. აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი იმისა, რომ გაერთიანება მოხდეს.

სანდრო ბრეგაძე: "დიახ, ივანიშვილი კი არ წავიდა, ის აიძულეს, რომ წასულიყო"

მე ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკომპრომისოდ ბოლომდე და იმედია, რომ სხვებიც იბრძოლებენ უკომპრომისოდ ბოლომდე. დანარჩენი კი ბრძოლის ველზე გაირკვევა, თუ ვინ არის ნამდვილად ეროვნული და ქართველი, და ვინ არის ეროვნულობას ამოფარებული ლიბერალი.


ესაუბრა გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions