Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სამთავრობო ევროტყუილი და ღამურას მენტალიტეტი

სამთავრობო ევროტყუილი და ღამურას მენტალიტეტი


აკაკის ცნობილი “ღამურა”, რომელიც, თუ არ ვცდები, უკვე ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიუღებელი ნაწარმოები იქნება თანამედროვე “ევროქართველებისთვის”. აკი, სწორედ ეს გალექსილი იგავი ასახავს ყველაზე კარგად ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიხარულით აჭყლოპინდებიან ხოლმე _ აგე, დიადმა და კულტურულმა ევროპამ გადმოგვხედა და შეგვიფარა ეს ველური და უკულტურო ქართველებიო.

შარზე მყოფთათვის ახლავე განვმარტავ: აქ ლაპარაკი არ არის ევროპაში ოჯახის ფიზიკურად გადასარჩენად და შვილების გამოსაკვებად გადახვეწილ ქართველთა ნაწილზე. მათზე ვწერ, ვინც სიხარულის ყიჟინით გარბის ევროპისკენ და მეტიც, ერთგვარად უკადრისობს კიდეც ქართველობას, _ აქაოდა, მე ჩემი თანამემამულეების, ქართველებისნაირი კი არ ვარ, ქართველებისგან გამორჩეული ქართველი, უფრო ზუსტად, სულით ევროპელი, შინაგანად “ეიფელი” ვარო.

ისედაც უყვარს ჩვენს განათლების გაუნათლებელ მინისტრს ცნობილი ზღაპრებისა თუ ნაწარმოებების გადაკეთება და აკაკის “ღამურაც” უფრო შევუსაბამოთ რეალობას და, ქართველებზე თუ მოვახდენთ ინტერპრეტაციას, საწყის სტროფში ნაცვლად ფრაზისა “ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა” აშკარად ჯობია, ჩავწეროთ ასე: “ბევრმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა”.

სწორედ უგუნური თაგვებივით ატეხა სიხარულის წრუწუნი ბევრმა ქართველმა “თაგუნამ”, როდესაც 28 მარტს ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა შენგენის ქვეყნებში ვიზების ლიბერალური წესით, გამარტივებულად გაცემა გამოგვიცხადეს.

არ ვამბობ, რომ ე.წ. ვიზალიბერალიზაცია უარყოფითი და ცუდი ამბავია, მაგრამ 3-დღიანი ქაჯური ზარ–ზეიმი მართლა ძალიან “უგუნურ–თაგუნური” მოვლენა იყო და მიხარია, რომ ქართველები მასობრივად არც აჰყვნენ ამ უგუნურებას.

“ევროპელობას” ბევრი რამით გვაჩვევენ და გვასწავლიან, რეალური ევროპული ღრებულებების გარდა. არავინ ფიქრობს ჩვენს ღირსეულ ხელფასებზე, შრომის უფლების დაცვაზე, საარსებოდ საკმარის პენსიაზე და ა. შ.

თურმე ევროპელები მხოლოდ იმით უნდა გავხდეთ, რომ ზებრა–გადასასვლელზე მანქანები შევაჩეროთ და სკვერებსა და ქუჩებში ნაგავი არ დავყაროთ. ამ მიზნით ქმნიან ხელოვნურ ტელესიუჟეტებს, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ არ აჩერებენ ქართველი მძღოლები “ზებრაზე”. ამას წინათ, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი, ჟურნალისტი გოგონა როგორ მოულოდნელად გადაუხტებოდა ხოლმე ავტომობილებს ტროტუარიდან ზებრა–გადასასვლელზე და მერე მაყურებლის დასანახავად შარს სდებდა, _ რატომ არ გააჩერე და რატომ არ გამატარეო. საზოგადოების იმხელა შეურაცხყოფაზეც კი მიდიან, რომ აგერ, სპეციალური “ინსპექტორები” უნდა გამოუშვან ქუჩებში, რომლებმაც “ბინძურ”, “ღორ” და “უკულტურო” ქართველ ხალხს ქუჩების დაბინძურებაში ხელი უნდა შეუშალონ.

რაც შეეხება ნამდვილ ევროპას, ისევ და ისევ გვატყუებენ. საქართველოს მთავრობა უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ არა, უბრალოდ, პერსპექტივაში გვატყუებს, _ ევროპასთან ამა და ამ ტიპის ურთერთობა ამა და ამ დადებით შედეგებს მოგვიტანსო, არამედ უკვე ვერბალურ და ოფიციალურ ტყუილსაც კი გვასმენინებენ პირდაპირ ეთერში!

“რა საბუთები უნდა მოაგროვოს საქართველოს მოქალაქემ, თუკი მას სურს ევროპის ქვეყნებში, შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრება”
_ ასეთი სამთავრობო რეკლამებით აივსო ქართული ტელევიზები.

ის, რომ ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, რა საბუთები უნდა იქონიონ უცხო ქვეყნებში გადასაადგილებლად, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, აქ ერთი მიზანმიმართლი ტყუილია და ეს ტყული სიტყვა “უვიზოში” აისახება.

საქართველოს მთავრობას ძალიან უნდა, დახატოს, რომ ევროპა ჩვენი უანგარო და თავგადაკლული მეგობარია და მან საქართველოს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების საშუალება მისცა.

ამიტომაც ვრცელდება ასეთი უტიფარი ტყუილი და ფრაზა _ “ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა” _ და ისე მკვიდრდება საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებაში, როგორც ზესტაფონიდან ხარაგაულში წასვლა.

არადა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოფიციალურ დოკუმენტებშიც და პროტოკოლურადაც ეს არანაირად არ არის “უვიზო” მიმოსვლა. ის, რაც შენგენის ზონამ საქართველოს მიმართ დაუშვა, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზების გამარტივებული გაცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელ ადამიანებზე.

საქართველოს მოქაალქეებს ვიზა ისევე სჭირდებათ შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელად, როგორც ადრე სჭირდებოდათ. უბრალოდ, ამ ვიზას უკვე არა ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოში, არამედ პირდაპირ იმ ქვეყნის აეროპორტში აძლევენ, რომელშიც ჩაფრინდებიან. დაემატა მხოლოდ ერთ დეტალი _ თუ იქაურ მესაზღვრეებს რამე არ მოეწონათ, ვიზას არ ჩაურტყამენ და უცერემონიოდ გამოაბრძანებენ უკან, ისე, რომ ხარჯებსაც კი არავინ აუნაზღაურებს.

აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ შესაგროვებელ საბუთებს, რომლებიც ადრე იყო საჭირო ვიზის ასაღებად, არათუ მოაკლდა რამე, არამედ დაემატა, მაგალითად, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა.

და, როდესაც სადმე წასასვლელად გთხოვენ: 1. ცნობას იმის შესახებ, სად მუშაობ; 2. საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაციას; 3. მასპინძლის ვინაობას და მისამართს იმ ქვეყანაში, რომელშიც მიემგზავრები, და მის თანხმობას; 4. სასტუმროს ნომრის ჯავშანს; 5. წინაწარ შეძენილ უკან გამოსაბრუნებელ ბილეთს _ ეს არათუ “უვიზობა”, მგონი, ვიზის გამარტივებული წესით აღებაც კი აღარ გამოდის.

უვიზობა არის ის, როდესაც დაადებ თავს და წახვალ, სადაც გინდა. არც ვინმე შეგეკითხება, სად მიდიხარ და რატომ, არც ფინანსურ მდგომარეობას გაგიკონტროლებს არავინ.

მიაქციეთ ყურადღება: არ ვამბობ არაფერს თუნდაც გამარტივებული და თუნდაც უვიზო მიმოსვლის სარგებლიანობა-უსარგებლობაზე. უბრალოდ, იმას აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ცრუპენტელობაზე გადავიდა და ოფიციალურ დოკუმენტებში არსებულ ტერმინოლოგიასაც კი ასე თავხედურად ამახინჯებს და საკუთარ მოქალაქეებს ისე უნამუსოდ ატყუებს, რომ ტერმინი “ვიზების გამარტივებული წესით გაცემა” სრულიად უტიფრად ჩაანაცვლეს სიტყვებით “უვიზო მიმოსვლა”.

თორემ ისე, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ევროპის ქვეყნებში, გინდათ, უვიზოდ, გინდათ, უპასპორტოდ ბოდიალმა, ეს თავისუფლად შეგვიძლია “გამოვიცნოთ” ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ “შალახოთი” და მთელი ამბებით ევროკავშირთან გაფორმებული ე.წ. ასოცირების ხელშეკრულების შედეგებით.

“ასოცირების ხელშეკრულების” გაფორმებისას “შალახოს” რიტმებზე აცუნდრუკებულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა რაც მოგვატყუეს, კარგად გვახსოვს ყველას.

არიქა, აშენდა ქართველი გლეხკაციო! აწი ევროპის ბაზარზე ისე “ვიგულავებთ”, რომ “დეზერტირებში” ვიღა დარჩება, ყველა გაიქცევა და თავის კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, ტარხუნას თუ კეჟერა ფხალს სტრასბურგის, პარიზის, ლისაბონის, ანტვერპენისა და სხვა ქალაქების ბაზრებში ათჯერ ძვირად გაყიდისო.

ტყუილების გუდა ისე გაიბერა, რომ საქართველოდან ევროპის მიერ მოთხოვნილი ხორცის, ღვინის, ციტრუსისა და თხილის მოცულობაზეც კი დაიწყეს საუბარი, აქაოდა, ევროპა ჩვენგან ითხოვს, ამდენი ტონა ხორცი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი შევიტანოთ იქაურ ბაზარზე და ჩვენთვის უკვე დახლებიც წინასწარ არის მომზადებულიო.

დედას გაფიცებთ, თუკი ვინმემ იცით, თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე ქართველმა გლეხმა ამ 4 წლის განმავლობაში, ანუ “ევროდარბაზში” გაჟღერებული “შალახოს” ჰანგების შემდეგ, ევრობაზარზე თუნდაც ერთ კილო ხორცი, ერთ ლიტრი ღვინო, ერთი ცალი ვაშლი მაინც გაყიდა, უმორჩილესად გთხოვთ, პირადად მე მომაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია, რათა სასწრაფოდ მოვიხადო “ევრობოდიში”. ვიმეორებ: ვსაუბრობ ადამიანებზე, გლეხებზე და არა რომელიმე მსხვილ კომპანიაზე, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და მხოლოდ ფორმალურად არის ქართული კომპანია.

ასევეა ახლაც _ ვინც მუშაობს და სამსახური აქვს, იმას 90 დღით არავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან ევროპაში “საგულაოდ”. ვინც სამსახურს ვერ შოულობს, იმას არც აქვს იმდენი ფული, რომ ევროპაში “საგულაოდ” წავიდეს. ეგ კი არა, ჩემი მეზობელი უშანგა თავის 90 დღის პენსიას აგროვებს, კაპიკს კაპიკზე ადებს, პურს არ ყიდულობს, რათა გაზაფხულზე დაფეხვილ “ოპელში” როგორმე ბენზინი ჩაასხას და სოფელში მამა–პაპის სახლი მოინახულოს, მოხნას, დათესოს, რათა მერე ოჯახს ცოტა სურსათი ჩამოუტანოს გამოსაზამთრებლად.

იმედია, ახლა იმ ნაცი ქალბატონივით არავინ მეტყვის _ “ოპელი” ხომ ჰყოლია და ბენზინის ფული ხომ ჰქონია, სხვა რაღა უნდაო?!

ფაქტია, რომ უშანგასა და მისნაირებისთვის არავითარი აზრი არ აქვს, ევროპასთან მიმოსვლა ვიზიანი იქნება, გამარტივებული ვიზით თუ სულაც უვიზოდ.

ვინღა დარჩა? დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ერთი ადგილის ფხანასა და საკუთარი ქვეყნის დამცირება–გაუბედურებაში იღებენ უცხოურ გრანტებს და ამით ცხოვრობენ. აი, მათთვის კი არის რაღაც შეღავათი ევროპასთან გამარტივებული ვიზებით მიმოსვლა, თუმცა დიდი არც არაფერი _ ისინი ისედაც მიმოდიოდნენ, როცა უნდოდათ, და ახლაც ივლიან. უბრალოდ, ვიზის მისაღებად ერთ დღით ნაკლები დასჭირდებათ, რადგან ვიზას საელჩოს ნაცვლად აეროპორტში მიიღებენ.

ამიტომ, მართლაც სიმბოლურია, რომ საქართველოდან გამარტივებული ვიზით (და არა უვიზოდ) გასული პირველი მოქალაქე პერემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. სწორედ პოლიტიკოსებისთვის და არასამთავრობო სექტორის უსაქმური წარმომადგენლებისთვის გაკეთდა ყოველივე ეს, თორემ ძნელი დასაჯერებელია, აეროპორტში დალოდებოდნენ რომელიმე გურჯაანელ ან ჩოხატაურელ გლეხს, რომელიც თავისი დანაზოგით ევროპის გარშემო 90 დღით სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტდა, და მის გარშემო აეტეხათ საზეიმო აურზაური. ასეთ შემთხვევაში ხომ 90 დღეზე გაცილებით მეტხანს მოუწევდათ ლოდინი.

და, რადგან ბოლო პერიოდში, ყველაფერზე წინსართად სიტყვა “ევროს” დამატება დაგვჩემდა, მეც ასე ვიტყვი: აქ დავასრულებ ჩემს “ევროსტატიას”, პატივცემულო მკითხველო, და სხვა რა გზა მაქვს?! კვლავ მივადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებზე გადაცემულ სამთავრობო ევროტყუილებს.

ბაკურ სვანიძე


წყარო:
geworld.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions