ბოლო 30 წელიწადია, ბრწყინვალე ასპარეზი აქვს მიცემული ყველა იმ ტუტუცს, რომელსაც ქართველთა ერთ-ერთ საამაყო და გამორჩეულ მეფე ერეკლე მეორეზე ჭკვიანად მიაჩნია თავი.
“ერეკლე მეორემ ვერ მოისაზრა, რომ რუსეთი დაარღვევდა გეორგიევსკის ტრაქტატს და საქართველოში მეფობას გააუქმებდა”, _ აი, ასეთი სასაცილო თვალსაზირისი უკვე, კარგა ხანია, ისმის საზოგადოებაში და, ჩვენდა სავალალოდ, ქართველთა ერთი ნაწილი სრულიად გაუაზრებლად ეთანხმება მას. მეტიც _ საგარეო პოლიტიკაზე “ბრძნულად” მოსაუბრეთა “ელიტამ”, ისიც კი არ იცის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის კვალდაკვალ მეფობა გაუქმდა მხოლოდ ქართლ-კახეთში, ხოლო სრულიად საქართველოში მეფობასა და სახელმწიფოებრიობას რუსეთი ვერასგზით ვერ გააუქმებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის გეორგიევსკის ტრაქტატამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინათ იყო გაუქმებულიც, განადგურებულიც და გაცამტვერებულიც. ფორმალურად “სამეფო”, ქართლ-კახეთის გარდა, მხოლოდ იმერეთს ერქვა, ხოლო სამეგრელო, გურია, სამურზაყანო, რაჭა-სვანეთი და სხვები სამთავროებად მოიხსენიებოდა და მათი მთავრები ხან ოსმალებს უკმევდნენ გუნდრუკს, ხანაც _ ირანელებს, რათა თავიანთი “დამოუკიდებლობა” იმერეთის მეფისაგან როგორმე შეენარჩუნებინათ...
არა, ნამდვილად არ მსურს ეს წერილი მეექვსე კლასის საქართველოს ისტორიის ნარკვევებად ვაქციო, მაგრამ, ვაი, რომ ბევრს მართლაც სჭირდება მეექვსე კლასში დაბრუნება და ჩვენი ბედუკუღმართი სამშობლოს რეალური ისტორიის ხელახლა და კარგად გააზრება.
ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ, სადაც შესანიშნავად არის გადმოცემული, რა იძულებითი არჩევანის წინაშე იდგა პატარა კახი, ელემენტარული აზროვნების უნარის მქონე ადამიანისთვის ისედაც ნათელი უნდა იყოს, რომ ერეკლე “მოისაზრებდა” თუ ვერ “მოისაზრებდა” რუსეთის მიერ ტახტის შენარჩუნების დაპირების შეუსრულებლობას, მას მაინც უნდა ეცადა საკუთარი ხალხის გადარჩენა რუსეთთან დაახლოების გზით. სხვა გზა ხსნისა, უბრალოდ, არ არსებობდა.
ფაქტია: ერეკლე მეფე დღევანდელ “ბრძენ მოღვაწეებზე” უკეთ ხვდებოდა, რომ რუსთ ხელმწიფე არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებდა დაპირებულს და აუცილებლად გააუქმებდა ქართლ-კახეთში სამეფო ტახტს... მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რას იზამდა ოსმალთა ხელმწიფე?..
რა თქმა უნდა, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ღირს, რომ არა კიდევ ერთი სულელური თანამდეროვე პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს მაშინ სხვა დრო იყო და ოსმალ-თურქები განუვითარებელი, ველური, წერა-კითხვის უცოდინარი ბრბო გახლდათ, რუსეთი კი შედარებით კულტურული სახელმწიფო. ახლა, თურმე, ეს ყველაფერი პირიქითაა _ თურქეთი უკვე ნატოს წევრია, ბატონო, წინ წასული, გამოსული, განათებულ-გაბრწყინებული, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული და ა.შ., ხოლო რუსეთი _ XIX საუკუნეში ჩარჩენილი, განუვითარებელი, ბნელი, ჩამოშლილი, დანგრეული და დაქცეული.
ამიტომ, ერეკლეს პერიოდისგან განსხვავებით, ახლა უკვე რუსეთზე გაცილებით “პრადვინუტ” თურქეთს უნდა ვემეგობროთ და ვემოკავშირეოთ, ის გაგვიყვანს სწორედ დიად ევროპულ გზაზეო, _ მჯელობს მავანი.
აი, აქ მივადექით კიდეც მთავარ სათქმელს: მართალია, იმ წარმოუდგენელ ტუტუცებს, რომლებიც გვიქადაგებენ, _ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარი და მოკავშირეაო, ისევ ეს ზემოთ მოყვანილი თეორია სჯობს თურქეთის გამოსულობისა და ევროპელობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ორივე ერთი გველეშაპის ორი თავია.
ორივე ეს პროპაგანდა განზრახ ვრცელდება და, როდესაც არ ამართლებს თურქეთის “ისტორიული მეგობრობის” შესახებ შეთხზული იდიოტიზმი, მაშინ უკვე “თურქეთი გამოსწორდა”-ს არანაკლებ ტუტუცური თეორიის გამოყენებით ცდილობენ ქართველი საზოგადოების გამოდებილებას.
ხოლო ვინ და როგორ “გამოსწორდა”, მართლაც თვალნათლივ დაგვანახვა აგერ, გასულ კვირას, ანკარაში მიმდინარე მოვლენებმა. მართალია, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ოსმალთა იმპერიის გამოსწორება არც უამისოდ უნდა დაეჯერებინა, მაგრამ თურქეთში მომხდარი სამხედრო აჯანყებისა და მის კვალდაკვალ განვითარებული მოვლენების თვალყურის დევნების შემდეგ, თუ კიდევ ვინმეს სჯერა ოსმალთა გაჰუმანურებისა, მაშინ მართლა აღარ ყოფილა საშველი და ეგაა!
ჰოდა, აი ამ უსაშველოებს მინდა პირდაპირ და დაურიდებლად ვკითხო:
რომელია, პატივცემულებო, ე.წ. ჩრდილოატლანტიკური ღირებულებები?
ჯარისკაცებისთვის თავების დაჭრა?
თუნდაც ისინი უსამართლოდ ამბოხებულნი იყვნენ, თუნდაც სულაც შარაგზის ყაჩაღები, ჯანდაბას, თუნდაც სამშობლოს გამყიდველნი და მოღალატენი...
მიპასუხეთ, ოსმალთა იმპერიის “წინსვლითა და განვითარებით” აღფრთოვანებულო ქართველებო: ადამიანებისთვის, თუნდაც დამნაშავეებისთვის, საჯაროდ ყელის გამოჭრა ჩრდილოატლანტიკური ღირებულებაა?
მეორე მხარეც ვთქვათ: უიარაღო თანამემამულეების ტანკებით გასრესა (თუნდაც მცდელობა ამისა) ევროპული ფასეულობაა?
აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რუსეთში მომხდარიყო.
“მხოლოდ რუსი ღორები თუ გაუსწორდებიან ასე საკუთარ მოსახლეობას”; “მხოლოდ მახინჯ რუსულ ჯიშსა და გენს შეუძლია, საკუთარ ჯარისკაცებს ღორებივით გამოსჭრას ყელი” და სხვა მსგავსი იდიოტური ეპითეტებით აჭრელდებოდა ინტერნეტფორუმები და სოციალური ქსელები.
და, რაც მთავარია, გაღრმავდებოდა “თეორიები” რუსეთის “ჩამოშლისა და განადგურების” შესახებ...
რუსეთის ეკონომიკური კოლაფსისა და მოსალოდნელი საფინანსო კატასტროფის “პროგნოზებით” წალეკავდნენ “დიადი ქართველი ექსპერტები” ინტერნეტსივრცეს და მთელი ის აპოკალიფსური სურათი, რომელსაც ასე მონდომებით ხატავენ რუსეთის გარშემო ბოლო 10 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო გამუქდებოდა.
ახლა კი რა ხდება? იმასაც მოვესწარით, რომ ქართველთა ერთ ნაწილს ოსმალეთის იმპერიის, საქართველოს ტერიტორიის, სულ ცოტა, ერთი მეოთხედის მიმთვისებლის, ქართული ენის, კულტურის, რელიგიის ამომძირკველისა და ქართველთა გამთურქებლის სახელმწიფო დროშაც კი დაუყენებია “ავატარად” საკუთარ “ფეისბუქგვერდებზე”.
არადა, ეს სწორედ ის ხალხია, ადამიანს რამე რომ წამოგცდეს რუსეთის მიმართ, არათუ ოდნავი სიმპათია, არამედ თუნდაც სულ უბრალო აზრი, რომ რამენაირად იქნებ ვცადოთ რუსეთთან კვლავ დაახლოება და დალაპარაკება, იმ წამს ერის მოღალატედ, გამყიდველად, რუსული ჩექმის მლოკველად, მტერთან კოლაბორაციონისტად და ათასგვარ უბედურებად გაგასაღებენ.
არგუმენტი ის აქვთ, რომ თურმე რუსეთი 200 წელიწადი ცდილობდა ჩვენ გარუსებას. კი ბატონო, მცდელობები ნამდვილად იყო, მაგრამ იყო წინააღმდეგობებიც და ამ წინააღმდეგობათა რეალური წარმატებული შედეგიც: სახელმწიფო ენად _ ქართული, ეკლესიებში წირვა-ლოცვის ენად _ ქართული, სკოლებში სწავლების ენად _ ქართული და სხვ.
ახლა, აბა, საქართველოს იმ ნაწილს გადავხედოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ოსმალების მხარეს დარჩა. არის იქ რამე ქართული ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ აღიარებული და დაცული? რამდენი ეკლესია, რამდენი სკოლა, რამდენი კულტურული კერაა “თურქულ საქართველოში”?
ან იქნებ გვარს ატარებს ვინმე ქართულს და იქნებ ქართული ენის, ანუ დედა ენის დღესაც ოფიციალურად აღნიშნავენ და ჩვენ არ ვიცით?
არა, “ერეკლე მეფეზე უფრო ჭკვიანთა” საშველი არ იქნება. ისინი ყოველთვის მოიქნევენ მათრახივით ფრაზებს: “რუსების მონობა გინდათ?”, “რა დაგრჩენიათ მაგ ჩამორჩენილ, ჩამოშლილ და დანგრეულ რუსეთში?”, “რუსების მიერ დახოცილი ქართველი ბიჭების სისხლი...” და ა. შ.
მართალია, ჯერ არსად მინახავს, მაგრამ, თუკი ვინმეს ხელი წაუცდა და სადმე რუსეთის დროშა დააყენა “ავატარად”, აი, მას ხომ გარანტირებული აქვს “მოღალატის” იარლიყი საშვილიშვილოდ(!).
ეს ძალიან პატრიოტები კი ისე აფრიალებენ თურქეთის დროშებს, გეგონება, არც ერთ თურქს არასოდეს არც ერთი ქართველის სისხლში არ გაუსვრია ხელი და აკვნებში ჩვილებს რუსი ჯარისკაცები წვავდნენ ცოცხლად და არა ოსმალოები...
სხვათა შორის, რაც ვაკვირდები, ე.წ. რუსეთუმეებად მონათლულ ქართველებსა და ამერიკა-თურქეთუმეებს შორის სხვაობა სწორედ ეგ არის. რუსეთუმეები მხოლოდ გააზრებულ, გონიერ მიდგომებს ვითხოვთ რუსეთთან და მათი სტრატეგიული (თუნდაც სამხედრო) ინტერესების გათვალისწინების გზით, რეალური ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების მაქსიმალურად შესაძლებელი დოზით დაკმაყოფილებას; არც რუსულ სიმბოლიკას ვეთაყვანებით და არც რუსულ დროშებს ვაფრიალებთ სადმე.
აი, ამერიკა-თურქეთუმეები კი სრულიად უადგილოდ, უაზროდ, ანგარიშმიუცემლად გაიძახიან “ნატო-ნატოს”, აპელირებენ სრულიად გაუგებარ “ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ღირებულებებზე” და დარბიან ამერიკისა და თურქეთის დროშებით. ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი აკნინებენ, დასცინიან, ჩამორჩენილსა და ბნელს უწოდებენ ყოველივე ქართულს და საკუთარ სახელმწიფო სიმბოლოებზე მეტად სწორედ ამერიკულ-თურქულ სიმბოლოებს სცემენ პატივს.
არა, ნამდვილად ვერ გაუგებენ ეს ვაიპატრიოტები უდიდეს ქართველ მეფეს _ ერეკლე მეორეს. მათი გონება იმაზე წინ ვერასოდეს წავა, გაიაზრონ, რატომ მოაწერა ხელი იმ ტრაქტატს მაშინ ამ უდიდესმა სტრატეგმა და გამჭრიახმა პოლიტიკოსმა. მათი ვიწრო აზროვნება იმის იქით ვერ სწვდება, რომ იფიქრონ, თითქოს პატარა კახი რუსებმა “მოატყუეს” და იგი თვითონ ვერ ხვდებოდა, რაც მოჰყვებოდა ამ ტრაქტატს შედეგად...
არა, ბატონებო! ერეკლე გადასარევად ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ თქვენი შეზღუდული გონება თუ მიხვდება ოდესმე, რა მოჰყვებოდა უტრაქტატობას?
თუმცა, როგორ შეიძლება, რამეს სწორად მიხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც, 10 წელიწადია, აუჩემებიათ _ რუსეთი ჩამოიშალა და თურქეთი კი წინწასული და დალაგებულიაო.
ჰო, რა თქმა უნდა! ჩამოშლილი და განადგურებულია რუსეთი. აბა, რა, იქ ხომ სულ ასე უწესრიგოდ, კანტიკუნტად, 3-4 წელიწადში ერთხელ ხდება ტერაქტი თუ შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა...
აი, ბატონო, თურქეთი, ნატოს წევრი, დალაგებული ქვეყანაა _ ზუსტად წელიწადში სამჯერ გამოზომილად, დალაგებულად და გააზრებულად ხდება სახელმწიფო გადატრიალება, ამბოხი, სამხედრო პუტჩი და სხვ. აი, ეგაა სახელმწიფო და არ ლოკოთ რუსული ჩექმა, თურქულს მიეძალეთ(!).
თქვენ მართლა ვერასოდეს გაიგებთ, რას და რატომ ფიქრობდა დიდი მამულიშვილი _ პატარა კახი.
აბა, სად ერეკლე და სად თქვენა, ვაიპატრიოტებო!..
ბაკურ სვანიძე
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно