Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ვლადიმერ ხომერიკი: მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ან უარის მოტივი დამისაბუთეთ!

ვლადიმერ ხომერიკი: მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ან უარის მოტივი დამისაბუთეთ!


სააკაშვილის რეჟიმის მიერ ათვალწუნებულ, მოსკოვში მოღვაწე ქართველ პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაც არ სწყალობს. ახლახან საქართველოს მოქალაქეობის თხოვნასთან დაკავშირებით მის განცხადებას წაუყრუეს. ჩვენ ვლადიმერ ხომერიკს მოსკოვში სკაიპის საშუალებით დავუკავშირდით.

- გასულის წლის ოქტომბერში იუსტიციის სამინისტროს ყველა წესის დაცვით, განცხადებით მივმართე. საქართველოს მოქალაქეობას ვითხოვ. მყავს შუამდგომელი პირებიც - საქართველოში მეტად პატივცემული მეცნიერები. იუსტიციის სახლში მითხრეს, კანონის ფარგლებში პასუხს 2 თვის ვადაში მიიღებთო. იუსტიციის სამინისტროში კომისია შეიქმნა. გამოიკვლიეს ჩემი განცხადება, გამოკითხეს შუამდგომელი პირები და გადაწყვიტეს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭება. პროცედურის შესაბამისად, ეს დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნეს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტს მიეღო.

- პრეზიდენტმა უარი გითხრათ?

- საქმეც მაგაშია, რომ არც უარი უთქვამს, არც საერთოდ გამოუხატავს პოზიცია. მისგან მე არანაირი საბუთი არ მიმიღია! აპარატში მხოლოდ განგვიმარტეს ამავე პრეზიდენტის მიერ დაწერილი რაღაც დებულება. მარგველაშვილის აპარატმა აღიარა, რომ საკითხის გადასაწყვეტად ორთვიანი ვადა აქვთ, მაგრამ თუ 7 დღეში პრეზიდენტისგან დადებითი პასუხი არ გამოვა, უნდა ჩაითვალოს, რომ იგი უარზეა! თურმე, არც მოტივაციის დასაფიქსირებლად იწუხებს თავს! ნუ იტყვით, სუპერ კომფორტული წესი შემოუღია, რომ არ გადაიღალოს. ეს შვიდდღიანი თვითნებური წესი რომ კანონს ეწინააღმდეგება, ესეც ვერ შეუგნიათ. თანაც, კაცი ვერაფერს გაიგებს, საერთოდ გადაავლო თუ არა თვალი განცხადებას, ან იქნებ, იმ დილით უხასიათოდ იყო, როცა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი თხოვნა მიაწოდეს და უარიც დილის განწყობილებას შეუსაბამა?! როგორ შეიძლება, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი - მოქალაქეობის მინიჭება ან ამაზე უარი- მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომით წყდებოდეს!

ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით, ბევრი ვეცადეთ, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან აუდიენციას და ოდნავ მაინც დასაბუთებული პოზიციის მიღებას, თუმცა ამაოდ! ამჯერად, ვაპირებ, სასამართლოს მივმართო და ამ გზით ვაიძულო პრეზიდენტი, ჩემს მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება კანონის და პროტოკოლის ნორმების სრული დაცვით გამოიტანოს!

- ასე დაჟინებით რად მოითხოვთ საქართველოს მოქალაქეობას?


- საქართველო ჩემი სამშობლოა! ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. და-ძმები და ყველა ჩემი ნათესავი ბათუმში ცხოვრობენ, წინაპართა საფლავებიც ბათუმშია! ვარ სპორტის ოსტატი კრივში, ჯერ აჭარაში ვმუშაობდი მწვრთნელად, შემდეგ საქართველოს ნაკრებს ვავარჯიშებდი. ეკონომიკის მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი, მრავალი აკადემის წევრი, უამრავი სასახელო მეცნიერის და სპორტსმენის აღმზრდელი გახლავართ. მიღებული მაქვს ღირსების ორდენი! 1995 წლიდან რუსეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ მუდმივად, ჩემი ფიქრები სამშობლოს დასტრიალებს, ვცდილობ, მთელი ჩემი რესურსი საქართველოს მოვახმარო! არ ვარ ნასამართლები, საქართველოსთვის არასდროს არაფერი დამიშავებია, არასოდეს მითანამშრომლია რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან, ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც ჩემს სამშობლოს წაადგებოდა. აქ, რუსეთში, ვცდილობ, ყველა ქართველის უფლება დავიცვა და დავეხმარო. მდიდარი არ ვარ, თუმცა ბათუმში წინაპრების სახლი მაქვს, ასე რომ, ტვირთად არც საქართველოს ბიუჯეტს დავაწვები, თუ მოქალაქეობას მივიღებ! დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ჩემთვის უარის სათქმელად არც ობიექტური და არც სუბიექტური არანაირი მიზეზი არ არსებობს!

- თუმცა, ცნობილია, რომ თქვენ სააკაშვილის რეჟიმმა ლამის, "პერსონა ნონ გრატად" გამოგაცხადათ. იქნებ, მარგველაშვილის მხრიდან პასუხის გაუცემლობა იმ დამოკიდებულების გამოძახილია?

- გამორიცხული არ არის, ასეც იყოს. ოასუხის გაუცემლობა ან შეგნებულად თავის არიდების, ან უბრალოდ, საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის განპირობებული. საქართველოს მოქალაქეობა მას მერე დავკარგე, რაც ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. ვიდრე მისი რეჟიმი იყო, სამშობლოში ჩამოსვლაც აკრძალული მქონდა, რადგან არ ვეთანხმებოდი პროვოკაციულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და მხოლოდ ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოცილების შემდეგ მოვახერხე საქართველოში კვლავ ჩამოსვლა. მე ვამხელდი სააკაშვილის საშინაო პოლიტიკასაც, ადამიანების წამებას და მკვლელობებს, ყველა უკანონობას, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა. რეჟიმმა ამის გამო ამითვალწუნა და ჩემს გარშემო ცილისწამებების კორიანტელი დააყენა! მართალია, უამრავ მაღალი დონის რუს პოლიტიკოსს ახლოს ვიცნობ, მაგრამ მათთან ჩემი ყველა კონტაქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისკენ მისწრაფებით არის განპირობებული. ამჟამადაც ვიბრძვი, რათა საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს, რუსეთსა და საქარველოს შორის მტრობა დავიწყებას მიეცეს, უვიზო და კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგეს!

- თქვენს წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად ოპონენტებს ის მიაჩნიათ, რომ ოკუპაციას არ აღიარებთ.


- ესეც ცილისწამებაა. დიახ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ეს სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურიზმის შედეგია! ყველაფერი შეგნებულად გააკეთა, ასეთი შედეგი რომ დაეყენებინა! დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა არმოიფხვრას ავანტიურის შედეგები და ამ მხრივაც, მშობელ ხალხს ჩემს რესურსს ვთავაზობ.

- გნებავთ, "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან პრეზიდენტს მიმართოთ?


- გმადლობთ, ამ შანსისთვის. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გიორგი! ვხედავ, საქართველოს მოქალაქედ გახდომას ადვილად ახერხებენ თურქები, არაბები, ჩინელები, ინდოელები და სხვა უცხოტომელები, რომლებსაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებთ და ამ ქვეყნის ბედი არ ედარდებათ.. დიდი უსამართლობა იქნება, თუ ამ ფონზე უარით გამისტუმრებთ მე - დაბადებით და ცნობიერებით ქართველს, ვისაც მხოლოდ სამშობლოს კეთილდღეობისკენ მისწრაფებით მიცხოვრია! არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული მიწების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობაც იყიდება და ვაწრობის საგანია. მომეცით საქართველოს მოქალაქეობა და იმის შესაძლებლობა, ყველა ჩემი რესურსი, კონტაქტები - საქართველოს საკეთილდღეოდ გამოვიყენო!

წყარო: "ასავალ-დასავალი"скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions