საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მორიგი საჩუქარი საქართველოს მოსახლეობას - პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ" სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. "საქართველო მინიატურებში" - ქვეყნის კულტურულ-რქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეკრეაციულ პარკშია გაშენებული. მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს" და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარკი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს კუთხეების პოპულარიზაციას. პრემიერის თქმით, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფუნქციის გარდა, საქართველოში პირველი მინიატურული პარკის დანიშნულებაა რეგიონში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის წახალისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. "მინდა, საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშივილისა და ფონდი „ქართუს" საჩუქარია საქართველოსთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მართლაც ღირშესანიშნავი პარკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის. პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა დახარჯული. ეს არის ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულების, ტურისტული ახალი მიმართულების, სადაც მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის მართლაც დიდი ფუფუნება და, სადაც არის, დიდი პოპულარობით სარგებლობს," -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ. ფონდმა „ქართუმ" სახელმწიფოს ასევე საჩუქრად გადასცა უნიკალური მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურის პროტოტიპის ზუსტ აზომვით ნახაზებს ფორმატში, რაც არის ძვირადღირებული და აუცილებელი ინფორმაცია ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები. პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება. დღეიდან საქართველოში პირველი მინიატურების პარკი დამთვალიერებელს ელის.