ქართველი ხელოვანები ორ ნაწილად იყოფიან: ერთი ამბობს, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო; სხვები კი ისე აქტიურობენ სხვადასხვა აქციაზე, ძნელია, თქვა, პოლიტიკოსიები არიან თუ ხელოვანები. უნდა აისახოს თუ არა ხელოვნებაში პოლიტიკურ-სოციალური თემები? მით უმეტეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ ცხრაწლიანი პერიოდის, როცა შიშში ვცხოვრობდით, ქუჩაში ხოცვდნენ ახალგაზრდებს, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს, აუპატიურებდნენ პატიმრებს... ამ ყველაფერზე ვინმემ რამე შექმნა? სად არიან მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, რომლებმაც ეს ყველაფერი ისტორიას უნდა შემოუნახონ? ამ თემებზე გვესაუბრება მსახიობი ჯაბა კილაძე._ ბატონო ჯაბა, ხელოვნება ხომ საზოგადოების სულიერი საზრდოა და, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა და მანკიერებაა, სად არიან ხელოვანი ადამიანები, რატომ არ ისმის მათი პროტესტი?
_ აპროტესტებენ სხვადასხვა ფორმით, ზოგი ტენდენციურია, ზოგი _ ობიექტური. რა თქმა უნდა, ხელოვანს არ უნდა აერიოს პოლიტიკა და თავისი მოღვაწეობის სფერო, მაგრამ, როცა საჯარო პიროვნება ხარ, შენი ნამუშევრები მოსწონთ, ხალხს აინტერესებს შენი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ხელოვანმა არა მხოლოდ უნდა გააპროტესტოს, კარგზეც უნდა ისაუბროს. ხელოვანებს საქართველოში დაბალი ანაზღაურება აქვთ. დღეს საქართველოში თეატრს ყველაზე ნაკლებად აქვს საწუწუნო, ხალხს უყვარს თეატრი, მაგრამ ხელოვნების ბევრი სფერო ძალიან ცუდ დღეშია. ხელოვნება არის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, გამქაჩავი რგოლი, თუმცა ხელოვანებიც დამოკიდებული ვართ სტაბილურობაზე სახელმწიფოში და იმაზე, როგორი ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია პროფესიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე გავაპროტესტოთ ჩვენთვის უსიამოვნო მოვლენები და ფაქტები და არა ქუჩაში “დუბინკებით” სიარულით.
_ მართებულად მიგაჩნიათ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა?
_ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ, თუმცა ამის არც წინააღმდეგი ვარ. მსოფლიოს ისტორიაში არის პრეცენდენტები, როდესაც ხელოვანს საკმაოდ კარგად გაურთმევია თავი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. პოლიტიკა ქვეყნის სიყვარულია და ვინ აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ განავითარებს, მსახიობი თუ იურისტი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შედეგი. ამიტომ არ ვთვლი კატასტროფად ხელოვანი ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა სხვანაირად გაიგეს ეს და უცებ ყველას მოუნდა პარლამენტში. სირცხვილია, არც ლაპარაკი ეხერხებათ, არც ხედვა აქვთ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ასეთებმა, სჯობს, პარლამენტი მათ დაუთმონ, ვინც უკეთესად აზროვნებს.
_ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ხელოვან ადამიანებს, რომლებიც რუსეთში კონცერტებს მართავენ, ფილმებს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ, ანუ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, საზოგადოების ნაწილი ქვეყნის მოღალატეებს უწოდებს, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?
_ ეს არის დაბოღმილი ხალხის ნათქვამი. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ძალიან ცუდი 20 წელიწადი გვქონდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბევრი რამ განადგურდა საქართველოში, ბევრი ცუდი მოხდა, ამან საზოგადოებაში შური, ღვარძლი და ერთმანეთის ლანძღვა გამოიწვია. მომღერალი, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში იმღერა, უნდა დავახრჩოთ? რუსული წარმოშობის ძალიან ბევრ რაღაცას აქტიურად ვიყენებთ და ამ ყველაფერზეც უარი ვთქვათ?
ხელოვანს, რომელსაც ვერანაირ პირობას ვერ უქმნი სამშობლოში და უხმობს სხვა ქვეყანა, სადაც თავის საქმეს აკეთებს, განა ეს დასაძრახია? ბევრმა ხელოვანმა გააპროტესტა ქართველების რუსეთში წასვლა, მაგრამ სხვისი გაკრიტიკების უფლება მაშინ გაქვს, როცა თვითონ შექმნი რაიმე ღირებულს.
_ რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზე რას გვეტყვით, როგორ უნდა მოგვარდეს ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი?
_ რუსეთზე საუბარი არასდროს დამთავრდება საქართველოში. ახლა მოდურია ამ ქვეყნის სალანძღავი სიტყვებით მოხსენიება. ჩვენ რუსეთის გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შევცვლით. სახელმწიფო ხე ხომ არ არის, რომ გადავრგოთ?! იმის ლოდინი, რომ რუსეთი განადგურდება და იბერია გაბრწყინდება, აბსურდია. ეს გაუნათლებელი ადამიანის ილუზიაა, რუსეთი თუ დაინგრევა, საქართველოც ძალიან დაზარალდება. ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ამერიკასაც და ნატოსაც აიძულებს, უკან დაიხიონ. მეც არ მომწონს პუტინი, მაგრამ ვერაფერს გააწყობ, იმიტომ, რომ უზარმაზარი და ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ძალა აქვს. ამერიკა და ცალკეული ევროპული ქვეყნები ცდილობენ, მაქსიმალურად მოერიდონ რუსეთთან უთანხმოებას, ჩვენ კი ვცდილობთ, პირველებმა ამოვარტყათ ყბაში და ეს მცდელობა ცუდად დასრულდება.
_ რას ურჩევთ ამჟამინდელ ხელისუფლებას?
_ აუცილებელია, მთავრობამ გაათვითცნობიეროს, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორც კი ამას გაითავისებენ, მთავრობის წევრებს მოუწევთ შავი ჯიპებიდან ჩამოხტომა. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ქვეყნის ბიუჯეტიდან ამხელა თანხას არ დახარჯავ საკუთარი სიამოვნებისთვის. მთავრობაში ყველა ერთი მიზნით მოდის _ იშოვოს ფული, ცოტა შენ მოგცენ და ბევრი თავისთვის დაიტოვონ.
ესაუბრა ნანა ფოფხაძე
წყარო: "საქართველო და მსოფლიო"скачать dle 11.0фильмы бесплатно