მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გთავაზობთ საინტერესო ინტერიუს ყოფილ ვიცე-პრემიერთან და ეროვნული ვალუტის დამფუძნებელთან
თემურ ბასილიასთან.-
ბატონო თემურ, ბოლო ორი თვეა ვირუსებისა და პანდემიის გამო, საქართველო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშეა. თქვენი აზრით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კრიზისის თავიდან ასაცილებლად? - პრობლემები, რომელთა წინაშე საქართველო დგას არ არის ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული. ეს პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსს, რომელსაც პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. სავარაუდოდ, ეს პიკი 4-6 კვირის შემდეგ დადგება. ის რასაც ხელისუფლება ამ ეტაპზე აკეთებს, ძირითადად მიმართულია, რომ კორონავირუსის პიკი რაც შეიძლება დაბალი იყოს და სახელმწიფო დაწესებულებები და ჯანდაცვის სისტემა მომზადებული დახვდეს მას.
ეკონომიკური კრიზისი რამდენად ღრმა იქნება დამოკიდებულია რამდენად წარმატებით შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას მთავრობა. ჯერ-ჯერობით ამ მხრივ ხელისუფლების, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ეკონომიკური პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით მთავრობამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები, კერძოდ, პირველი, ცდილობს დაეხმაროს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესებს. ეს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესზე მიმართული დახმარებაა.
მეორე, მთავრობამ უკვე გამოაცხადა 2 მილიარდი ლარის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის თაობაზე, რაც უდავოდ სწორი და მისასალმებელი ნაბიჯია. მესამე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამთვიანი საფასურის დაფარვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა გამოაცხადეს მზად ყოფნა ფინანსურად დაეხმარონ ქვეყნებს შეამსუბუქონ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობამ უკვე მიმართა ამ ორგანიზაციებს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ საქართველო მალე მიიღებს სერიოზულ ფინანსურ დახმარებას ამ ორგანიზაციებიდან, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე, ეკონომიკის სტიმულირებას და სოციალური პრობლემების წინაშე მყოფ მოსახლეობას.
-
როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არსებულ სიტუაციაში? რამდენად სწორი ღონისძიებები ტარდება? - მთავრობა ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობს რათა დაეხმაროს:
1. მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებსაც სჭირდება დახმარება (მაგალითად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის დაფარვა)
2. მცირე და საშუალო ბიზნესს,
3. თვითდასაქმებულ ადამიანებს. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა მთავრობამ 2 მილიარდი ლარის გამოყოფა და ასევე, მოუწოდა ბიზნესს შეიტანოს გარკვეული ფინანსები კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრძოლის ფონდში. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავრობამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ფინანსური დახმარების თაობაზე.
მიმაჩნია, რომ ყველა ეს სწორად გადაგმული ნაბიჯებია.
-
აღნიშნულ ფულად რესურსთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, საიდან გამოიყოფა 2 მილიარდი? ბიუჟეტიდან თუ უცხოეთიდან მივიღებთ სესხის სახით? თუ საგარეო სესხზეა საუბარი, საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი, კომპეტენტური ბრძანდებით და არგუმენტირებული ინფორმაცია გექნებათ. - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველ რიგში ეს იქნება ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. გარდა ამისა, იმედია, ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად გამოეხმაურება მთავრობის მოწოდებას და ბევრად მეტ თანხას შეიტანს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებაც საგრძნობი იქნება. ეს დახმარება ძირითადად იქნება დაბალპროცენტიანი და შეღავათიანი სესხის სახით, რაც პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის და ასევე, მთავრობის მიერ განსაღვრული პრიორეტეტების მიხედვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა უკვე გამოხატეს მზადყოფნა, რომ დაეხმარონ ქვეყნებს; მათ უკვე გამოყოფილი აქვთ 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სასწრაფოდ, გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება. გარდა ამისა, მათ განკარგულებაშია 1 ტრილიონი დოლარის ფინანსური დახმარების რესურსი, რომელიც, როგორც მათ განაცხადეს შეიძლება გამოყენებული იქნას კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ დაჩქარდეს ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს ფინანსური რესურსი.
-
როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რაში დაიხარჯება? არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა მიმართულება უნდა მიეცეს საკმაოდ სოლიდურ თანხას? - როგორც უკვე აღვნიშნე, სამი ძირითადი მიმართულება იქნება:
1. მოსახლეობის იმ ფენების დახმარება, რომლებსაც სჭირდება ხელშეწყობა, 2. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, და 3. თვითდასაქმებული ადამიანებისთვის დახმარება. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება უნდა იყოს. სწორედ ამ სექტორმა უნდა შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება ამ რთულ პერიოდში და როდესაც კორონავირუსის პიკი გადაივლის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულირება. ეს ის ტრადიციული სფეროებია, სადაც საქართველოს ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვან ზრდას მიაღწიოს და მეტ-ნაკლებად უზრუნველყოს ქვეყანა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით.
- ლარის გაუფასურება ქავეყნისთვის მტკივნეული საკითხია. ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 25% -იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ბოლო პერიოდში კი შედარებით გამყარდა. თქვენ ეროვნული ვალუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებით, თქვენი აზრით, რას უკავშირდება აღნიშნული ინფლაცია და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ რისკები?- დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტი, ეროვნული ვალუტა - ლარი ჩვენი საერთო მონაპოვარი და საწუხარია. რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენები გარკვეულწილად დაკავშირებულია კორონავირუსთან, თუმცა, მთავარი და გადამწყვეტი კი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.
ამის დასადასტურებლად მოვიყვან კონკრეტულ ფაქტს:
დაახლოებით 10 დღის წინ გვამცნეს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე; ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. მაგრამ, არავის უთქვამს რა ხდებოდა მის პარალელურად. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა ლარის გაუფასურების მიზანმიმართულ პოლიტიკას. კერძოდ, "რეფინანსირების" სესხების საბაბით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა:
12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი, 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი, 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი, ხოლო, 2 აპრილს 3.024 მილიარდი ლარი.(ინფორმაციის წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი, რეფინანსირების აუქციონებზე გაცემული სესხები).
როგორც ვხედავთ, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, მხოლოდ გასულ კვირაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. "რეფინანსირების სესხების" სახით 3.024 მილიარდი ლარი. ბუნებრივია, ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს თიტმის 9-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.
მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა გახლავთ.
-
თუ ასეა, საინტერესოა ვის ინტერესებს ემსახურება ეროვნული ბანკი?- ეროვნული ბანკი უკვე წლებია ჩამოყალიბდა ორი "დომინანტი" ბანკის (საქართველოს ბანკი და თიბისი) მომსახურების სააგენტოდ და მათი დავალებების შემსრულებლად.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტო "პატრიოტის" მთავარი რედაქტორი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно