2019 წლის შემაჯამებელი ინტერვიუ პარლამენტის წევრთან და დამოუკიდებელ დეპუტატთან
ბექა ნაცვლიშვილთან.
-
ბატონო ბექა 2019 წელი იყო პოლიტიკური პრცესებით საკმაოდ დატვირთული, თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური მოვლენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? რამდენიმე, რომ დაასახელოთ და შეაფასოთ. - ეს წელიწადი საკმაოდ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ამ დაპირისპირებას არაფერი ქონდა საერთო საზოგადოების არსებული რეალური პრობლემების გადაჭრასთან, როგორიც არის: სიღარიბე, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და მძიმე შრომის პირობები სამუშაო ადგილებზე, უსახლკარობა, ინფლაცია და ფასების ზრდა, დაბალი პენსიები და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რაც მოსახლეობას აწუხებს.
ანუ ის მოვლენები, რაც ქუჩაში, ან პარლამენტში ხდება, შეიძლება მწვავეა, მაგრამ ატარებს მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის პერსონალური კინკლაობაშორის ხასიათსაც, რასაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი კავშირი არ აქვს ხალხის პრობლემებთან. თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც გამოვყოფდი, ეს არის მოსამართლეების არჩევა, რომელმაც იცით როგორი ხარვეზებით ჩაიარა, ვინ აირჩია პარლამენტმა, ანუ უმრავლესობამ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ხოლო, სხვა პროცესები, ეს იყო ელიტებს შორის კინკლაობა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უკანა პლანზე გადატანა, მეტი არაფერი.
-
ანუ ქართული ოცნება და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მართავს აქციებს, ორივე მხარე იბრძვის უბრალოდ ძალაუფლებისთვის და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად?- რა თქმა უნდა, ისინი ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის და რესურსების გადასანაწილებლად, იქნება ეს ადმიანისტრაციული რესურსი თუ ქვეყანაში არსებული სხვა ეკონომიკური რესურსი. აქედან გამომდინარე, პროპორციული თუ მაჟორიტარული, საარჩევნო სისტემის ირგვლივ მიმდინარე დაპირისპირებაც კი ფიქციაა. რადგან ამ პოლიტიკურ ვითარებაში,
ნებისმიერი საარჩევნო სისტემა, ამ შემთხვევაში არა მოქალაქეების ინტერესებს, არამედ ასეთი პოლიტიკური პარტიების არსებობისა და ასეთი უშინაარსო პოლიტიკის შემთხვევაში, ეს ყველაფერი ოლიგარქიულ-ფინანსურ კაპიტალთან დაკავშირებულ ჯგუფებს შორის რესურსების გადანაწილებას ემსახურება. მაგალითად ბოლო ორი დღის პროცესები ისევ და ისევ უკავშირდება „ლელოს“, ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას ანუ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლის უკანაც დიდი მევახშე ან სხვა კაპიტალი დგას. ხოლო ის, თუ რას ითხოვს ხალხი, რა მისწრაფებები აქვს, ექნება თუ არა ამ ქვეყანას რაიმე პერსპექტივა, ამაზე საერთოდ საუბარი არ მიდის. ასეთი მოცემულობაა.
-
თქვენი აზრით, ზოგადად არსებული საარჩევნო სისტემა უფრო სამართლიანია თუ იგივე პროპორციული?- რეგიონალური პროპორციული სისტემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა პროპორციული სისტემა უფრო გამოხატავდა რეგიონების ინტერესებს და უფრო სამართლიანი იქნებოდა, რადგან მოსახლეობის განწყობას უფრო ასახავდა ვიდრე მაჟორიტარული, ამასთან დაკავშირებით 2012 წელს ჩემი წერილი გამოქვეყნდა რამდენიმე გაზეთში, მაგრამ დღეისათვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რისთვის გვინდა ნებისმიერი საარჩევნო სისტება? რეალურად ვინმემ ხომ უნდა დასვას ეს კითხვა. იმიტომ ხომ არა, რომ ერთმა პარტიამ მეორეს წაართვას ან მეორემ შეინარჩუნოს ძალაუფლება? თუ გვინდა იმისთვის, რომ პოლიტიკის შინაარსი რეალურად შეიცვალოს?
ვაკვირდები დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს და ვერ ვხედავ, რომ რომელიმეს უნდოდეს პოლიტიკის შინაარსის შეცვლა. ეს ყველაფერი არის უბრალოდ კინკლაობა ძალაუფლებისთვის. მიუხედავად ამისა, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, პატარა და პროგრესულ პარტიებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და ხალხის ინტერესიც მეტად გათალისწინებული იქნება. ამ მხრივ პროპორციული სისტემა უფრო უმჯობესია. ანუ უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ არა მხოლოდ კაპიტალის ინტერესების გამომხატველი, არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველი ჯგუფიც მოხვდეს პარლამენტში და ეცადოს ვითარების შეცვლა.
-
როგორც აღნიშნეთ, ამ ეტაპზე ვერ ხედავთ იმ პარტიას, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას. მომავალში, რომელ ძალას ხედავთ, ვისთანაც შეძლებდით თანამშრომლობას?- მე დღეისათის პარლამენტში ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას, მაგრამ პარლამენტს გარეთ არის ჯგუფები, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ და სამომავლოდ პოლიტიკაში ვიტყვით ჩვენს სიტყვას, როდესაც მოვა შესაბამისი დრო და როდესაც ეს იქნება საჭირო, ძალიან მალე სხვათა შორის. რაც შეეხება პარლამენტს, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ინიციატივებს მხარს უჭერენ, ამ მხრივ ჩვენ ვთანამშრობლობთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ კონკრეტულ ინიციატივებში, მაგრამ შიგნით პარლამენტში, რომ გავერთიანდეთ, ამის რესურსს ვერ ვხედავ.
-
რომ დაუბრუნდეთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირებას, მომავალი წლისთვის სავარაუდოდ რთული ვითარება იქნება და როგორ ფიქრობთ, რით დამთავრდება მათი კომფრონტაცია?- მთავარია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მივიდეთ მეტნაკლებად მშვიდ ვითარებაში, ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს ამ თვალსაზრისით პასუხისმგებლობა. კიდევ ვიმეორებ, თუ დიდი პარტიები გააგრძელებენ უშინაარსო დისკუსიას, ვინ პროდასავლური და ვინ პრორუსული, თუ იქნებიან კვლავ მხოლოდ იმით დაკავებული, რომ ერთმანეთს რუსეთის აგენტის იარლიყები აწებონ, ან მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრონ, მოხდება კვლავ მოსახლეობისთვის მტკივნეული საკითხებისგან ყურადღების გადატანა.
მათ ხელშია ტელევიზიები და სხვა რესურსები, ამიტომ აკონტროლებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეს, მათთვის კომფორტულია მხოლოდ ამ თემებზე საუბარი და სხვა რეალურ პრობლემებზე არ ჭირდებათ და არ ამახვილებენ ყურადღებას. დღეისათვის, მოსახლეობა გაუცხოებულია პოლიტიკის მიმართ და მომდინარე პროცესების პარალელურად ვითარება უფრო უარესდება. მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მივიდეთ სტაბილურად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მცირე პოლიტიკურ ძალებს საარჩევნოდ ქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოემზადონ და მოსახლეობას ქონდეს რეალური არჩევანის საშუალება.
ესაუბრა
გიორგი ირემაძეскачать dle 11.0фильмы бесплатно