Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე - როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება 2021 წელს?

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე - როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება 2021 წელს?


ეკონომიკურ საკითხებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ეკონომისტთან, დემურ გიორხელიძესთან.

- მოგესალმებით ბატონო დემურ. ფაქტიურად თითქმის ერთი წელია პანდემიის ფონზე, როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისს განიცდის. იქნებ შევაჯამოთ 2020 წლის დადებითი და უარყოფითი მოვლენები.

- ნებისმიერ წელიწადს არსებობს რაღაც დადებითი და რაღაც უარყოფოთი, უბრალოდ არსებული სიტუაცია ცვლის პროპორციას. თუ პრობლემებით დავიწყებთ, 2020 წელი იყო უზარმაზარი პრობლემების წელი, იგულისხმება მსოფლიო პანდემია, რომელიც აისახა საქართველოზეც, კერძოდ ეკონომიკაზე და პოლიტიკაზეც, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ქვეყნის უახლოეს სივრცეში ანუ პოსტსაპჭოთა სივრცეში ვხედავთ დაძაბულობას, ვგულისხმობ ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს...და ბუნებრივია ის დაძაბულობა, რაც იქ ხდება, აისახა საქართველოზეც. ასევე, ამას ემატება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და ეხლა უკვე შავ ზღვაზეც, სადაც ვხედავთ ინციდენტებს გემებთან დაკავშირებით. იგივე სურათი ვიხილეთ ორიოდე დღის წინ ჩინეთშიც, კერძოდ წყნარ ოკეანეში ამერიკული სამხედრო გემების მიმართ.

ამიტომ ეს ყველაფერი ფეთქებად საშიში სიტუაციებია და ბუნებრივია 2021 წელს არსებული ვითარება უფრო გამძაფრდება. ეს რაც შეეხება პრობლემებს, რომლებზეც დღეს ტელევიზიითაც ვისაუბრე და რომლის ფონზეც აღსანიშნავია, რომ მთავარი პრობლემა რაც გაჩდა, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან კრიზისული სიტუაციების ადეკვატური მართვა. ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი, თორე სხვა მხრივ, ჩვენ არ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში. მაგრამ სიტუაცია მართლაც სერიოზულად რთულია და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება მსოფლიოში. ჩვენ მაინც იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანა ვართ, 2020 წელი დავკარგეთ იმისათვის, რომ საკუთარი რესურსები აგვეთვისებინა და დავრჩით ისევ ტურისტების და იმპორტის მოლოდინში, რაც ვერ არის მთლად გონივრული საქციელი.

რაც შეეხება დადებითს, კარგი ის არის, რომ მეტ ნაკლებად მშვიდობა არის. ასევე, არის იმის იმედიც, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, თუმცა არი პრობლემები, მაგრამ ის, რომ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში იყვნენ, მიუხედავად პრობლემებისა, მე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი დადებითი მომენტია 2020 წლის.

- საინტერესოა თქვენი აზრი ლარის ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ დოლართან, არამედ პროდუქტებთან მიმართებაშიც ვლინდება და დაახლოებით 30%-ით ძვირდება ყველაფერი. მიზეზი რა არის? რა ღონისძიებებს ატარებს "ეროვნული ბანკი" და ხელისუფლება ლარის სტაბილური კურსისთვის?

- მოდით ასე ვთქვათ, იმის ფონზე, რომ რთული სიტუაციაა მსოფლიოშიც და ქვეყანაშიც, ამიტომ ამ მხრივ ეკონომიკასაც და ლარსაც პრობლემები აქვს. იგულისხმება ის, რომ ეკონომიკური აქტივობა შესუსტებულია, ერთ-ერთი მთავარი წყარო უცხოური ვალუტის შემოდინებისა იყო ტურიზმი, რაც ქვეყნის არასწორად აგებული ეკონომიკის გამოა. ტურიზმის დახურვის შემდეგ კი იმპორტიც შემცირდა. იმის გამო, რომ შემოსავლები არ არის და ამიტომ მოთხოვნილებაც შემცირებულია. ასე, რომ ლარის მიმართ დოლარის გაძვირება იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემები გვაქვს უცხოური ვალუტის შემოდინებაში. ამავე დროს ლარი, როგორც ვალუტის მასა ცოტაა და ამიტომ რყევები დიდია, სხვადასხვა მიმართულებით.

ამის ფონზე, ჯერჯერობით ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს, მთავარია კურსი არ გაიზარდოს, რომელიც როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელსაც ზევით-ქვევით ითამაშებს. მთავარია დიდი ვარდნა არ მოხდეს, ისედაც დიდი დევალვაცია განიცადა ამ ბოლო წლის განმავლობაში. ასე, რომ პრობლემები რჩება ლართან მიმართებაში და ზოგადად ეკონომიკაში, რაზეც გავლენა აქვს იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში ტარდება და რომელსაც მთლიანობაში მე ვიტყოდი მაკრო ეკონომიკური პოლიტიკა ქვია.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე - როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება 2021 წელს?


- წლის დასაწყისში მთავრობამ შეიმუშავა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებს ასე ვთქვათ ქართული პროდუქციის აღორძინებას და ზოგადად როგორც ბიზნესის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებას. საინტეერსოა ამ დროისათვის რა ეტაპზეა ეს პროექტი?

- ჩვეულებრივდ ეს ყველაფერი გაწერილია მთავრობის გეგმებში და ბიუჯეტში. თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის ეს პროექტი, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობისაა. ამიტომ ამ გზით, ასე ვთქვათ ეროვნული პოტენციალის გაღვიძება და ინტენსიურ რეჟიმში გადაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი ცალკეული პროექტები ცუდი არ არის, მაგრამ რამდენიმე ათეული მილიონიანი დაფინანსებით სიტუაცია ვერ შეიცვლება. ამიტომ მსგავსი პროგრამები გაცილებით მასშტაბური და ცოტა სხვა პრინციპებზე უნდა იყოს აგებული.

საქმე ის არის, რომ მიანდო ეს ყველაფერი კომერციულ ბანკებს, იმის გამო, რომ მექანიზმია ასეთი, რომ თითქოს კომერციულმა ბანკმა უკეთ იცის ვისზე გასცეს პროექტი. ხოლო ამ დროს მთავრობა მხოლოდ პროცენტის მაჩვენებელს უფინანსებს მსესხებელს. ეს თავისთავად არის მცდარი პოლიტიკა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, კომერციულ ბანკს საერთოდ არ ევალება ქართული ბიზნესის ან სოფლის მეურნეობის განვითარება. კომერციული ბაკის ინტერესი კი საკუთარი მოგების მაქსიმიზაციაა და ის არ წავა რისკიან პროექტებზე, უბრალო მიზეზის გამო, რომ თავსატეხი არ გაუჩნდეს. და მეორე მომენტია ის, რომ ბანკი სესხს გასცემს ისეთ კომპანიებზე, რომელთან ურთიერთობაც მისთვის უფრო კომფორტული და ადვილი იქნება. იგულისხმება ის კომპანიები, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებული. შეცდომა ის არის, რომ კომერციულ ბანკს აქვს მინიჭებული გადამწყვეტი ორგანოს როლი, მაშინ როდესაც ბანკის ფუნქციები სულ სხვაა და მთავრობის ფუნქციას ვერ შეითავსებს.

- ცნობილი ფაქტია, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია უშვალოდ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. დღეს კი პოლიტიკური კრიზისია ანუ პარლამენტში ოპოზიცია არ შედის და ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. თავის მხრივ ხელისუფლებაც არ თმობს. რამდენად იმოქმედებს არსებული ვითარება ეკონომიკაზე და გამოსავალი რაშია?

- არსებული კრიზისული სიტუაცია ოთხი წელი ვერ გაგრძელდება, ეს გამორიცხულია. ამიტომ, რაკი აქამდე მივიდა საქმე, აქ პირველ რიგში ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, რადგან მან არ უნდა მიიყვანოს საქმე აქამდე. ეხლა თუ შეძლებს ხელისუფლება, აუცილებელია კომპრომისი, რომელიც შესაძლებელს გახდის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას. მე ეხლა არ განვიხილავ ოპოზიცია ცუდია თუ კარგია, ამ კატეგორიებით საუბარი არ შეიძლება. თუ ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი, რომ არ გამწვავდეს სიტუაცია და ცოტა სხვა ფორმები არ მიიღოს. რა თქმა უნდა კარგი იქნება შეთანხმება იმაზე, რომ ერთი წლის მერე ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ შეთანხმებულ რეჟიმში იყოს და შედეგები აღიარებული იქნება. ხელისუფლებას ეშლება ის, რომ თუ არ აღიარებენ იმ შედეგებს, რაც არჩევნებმა მოიტანა, მაშინ შენ მარტო ვერ დაჯდები იქ, რადგან ლეგიტიმურობის ხარისხი გექნება. აქ არანაირი კანონის მოშველიება არ შველის ამ საქმეს, თუ პოლიტიკურ თამაშში არავინ არ აღიარებს იმას, რასაც შენ მიაღწიე და ბუნებრივია შენ ვერ გექნება ლეგიტიმაცია. ამიტომ, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. კარგია თუ მოგვარდება ყველაფერი, ეს სახელმწიფო ინტერესებშია, მითუმეტეს ქვეყნის გარეთ რთული ვითარებაა. 2021 წელი ძალიან მძიმე იქნება ეკონომიკის თვალსაზრისით და ამიტომ ჯობია, რომ ქმედუნარიანი, დალაგებული ხელისუფლება იყოს, ოპოზიცია პარლამენტში იჯდეს და იქ მიდიოდეს პროცესი, რომელიც მძიმე შეილება იყოს, მაგრამ არ იყოს ის ვითარება, რომ აი მე დავჯდები პარლამენტში და შენ მოხვალ თუ არ მოხვალ ჩემთვის სულ ერთია. არ არის სულ ერთი, იმიტომ, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

- და ბოლო კითხვა, საინტერესოა თქვენი პროგნოზი, მომავალ წელს რა ელოდება საქართველოს ეკონომიკის მხრივ? მზად არის სახელმწიფო, რომ გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს?

- მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოში კატასტროფული სიტუაცია არ არის. თუ რა ვითარება იქნება საქართველოში 2021 წელს, ეს დამოკიდებულია თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყნის გარეთ, კერძოდ იმ ქვეყნებში, რომელზედაც ჩვენ ვარ დამოკიდებული. პირველ რიგში თურქეთზე, რომელიც საქართელოსთის არის ექსპორტ-იმპორტში ყველაზე დიდი პარტნიორი. მეორე ქვეყანა არის რუსეთი და შემდეგ სხვა ქვეყნები მოდიან. ჩვენთვის მთავარია, რომ ისე არ განვითარდეს მოვლენები იმ ნიშნულამდე, როდესაც ქვეყნები ჩაიკეტებიან. რადგან სურსათის მარაგები არ გაგვაჩნია ხალნგძლივი დროისათვის და იმპორტის ჩანაცვლებას ასე სწრაფად ვერ მოვახერხებთ.

ეხლა ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება თუ ადრე გაზაფხულიდან, რაც ქვეყანაში რესურსია მიწის თვალსაზრისით, დამუშავებული იქნება, რის შედეგადაც, რამდენიმე თვეში მივიღებთ რესურსს კვების პროდუქტების სახით, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ამ წელს ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩა, რაც დიდი უპასუხისმგებლობაა. თუმცა, ეიფორიაში არ უნდა ვიყოთ და არც ტრაგიზმში გადავარდნა არაა საჭირო. ყველამ ერთად უნდა მოვემზადოთ და ყველაფრისთის უნდა ვიყოთ მზად, ძალიან რთული წელი იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. კრიზისის ფონზე, არსებული ვითარება ასეთია, თუმცა იმედით უნდა ვიყოთ.


ესაუბრა გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions