დიდგორის ბრძოლიდან ანუ ძლევაი საკვირველიდან დღეს 895 წელი გავიდა. 1121წელს საქართველოს თურქ-სელჩუკთა ლაშქარი შემოესია. საქართველოს მეფე ამ დროს დავით მეოთხე აღმაშენებელი იყო. ბრძოლა დიდგორის ველზე მოხდა.სელჩუკებს ართუკიდი ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.
მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 250-300 ათასიდან ( სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად).
დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ”ფრანგია” (ევროპელი).
ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე.
ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.
უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...
საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველოს არცერთი მნიშვნელოვანი ბრძოლას არ წაუგია.
скачать dle 11.0фильмы бесплатно