Coloring Pages Reddit Video Downloader
 

აკაკი ცოტნიაშვილი: როგორც ნარკომანს წამალი, ჩვენს ხელისუფლებას ომი ისე უნდოდა

აკაკი ცოტნიაშვილი: როგორც ნარკომანს წამალი, ჩვენს ხელისუფლებას ომი ისე უნდოდა


8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო დაპირისპირება დაიწყო. შეგახსენებთ პუბლიკაციებს, რომლებიც იმ დროს ქართულ პრესაში დაიბეჭდა.[i][/i]

ომი 8 აგვისტოს 5 საათზე უკვე დასრულებული იყო. მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დეტალების, გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავის ძებნა დაიწყო, ყველა საინფორმაციო საშუალება ახალ-ახალი ფაქტების ძიებით დაინტერესდა. ყველა ფაქტი, რომელიც ქვეყნდება, შემზარავია და ვფიქრობ, ნეტავ, ამაზე მეტი რაღა უნდა გავიგო და მოვისმინო-თქო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც 2008 წლის ომის თვითმხილველს ხვდები, ისეთ რამეს იგებ, რომ არ გინდა მოისმინო, არ გინდა ქართველი იყო.
ისმენ იმ საშინელებებს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალებმა» აკეთეს, და მერე ისმენ იმას, თუ როგორ არიგებენ ჭკუას ახალ ხელისუფლებას და რჩევებს აძლევენ, უკვირთ, რატომ სცემენ ქუჩებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში... ვდავობთ იმ თემაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ცხრაწლიანი რეჟიმი.

«საქართველო და მსოფლიო» ერედვის მკვიდრს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, აგვისტოს ომის ყველა უმსგავსობის მომსწრესა და მნახველს, ბატონ აკაკი ცოტნიაშვილს ესაუბრა. ვინც მას მოუსმენს, შეუძლებელია, არ დასვას კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?


_ ბატონო აკაკი, როგორ დაიწყო აგვისტოს ომი და რა სამზადისი შეიმჩნეოდა?

_ ერედვი, ერთ-ერთი უდიდესი სოფელი და სტრატეგიული ტერიტორიაა. ცოტა შორიდან დავიწყებ ამბის თხრობას. 2008 წლამდე პერიოდს გეტყვით. სიმშვიდე იყო, რუსები არ აქტიურობდნენ, სულ რამდენიმე ჯარისკაცი იდგა საზღვართან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ესენი («ნაციონალები») მოვიდნენ ხელისუფლებაში, 2004 წლის 2 აგვისტოს 5 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანეს ტერიტორიაზე. ეს, ფაქტობრივად, ომს უდრიდა. მე ჯერ კიდევ სამმართველოში ვმუშაობდი, ამიტომ დეტალები კარგად ვიცი, 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს ამ გიჟს (მაპატიეთ, პრეზიდენტს ყველგან ასე მოვიხსენიებ) და უთხრეს: ერთ საათს გაძლევთ, რომ ჯარი გაიყვანოო, მაგრამ გაჯიუტდა და რუსეთიდან ჯარი დაიძრა. მერე ეს გიჟი ამერიკას უკავშიდებოდა და მხოლოდ მაშინ გაიყვანა ჯარი, როდესაც ამერიკიდან უთხრეს, უკან დაეხია. იმ დღეებში 17 ადამიანი მოგვიკლეს. ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ნაძირალებმა ჯარი შემოიყვანეს, რითაც ოსებსა და ქართველებს შორის უკვე დალაგებული და თითქმის აწყობილი საქმე გააფუჭეს. გესმით, ალბათ, სისხლი რომ დაიღვრება, იქ უკვე უეჭველი ომის ნიშნებია.

მერე ამ დებილმა (ისევ პრეზიდენტს გულისხმობს _ ე.ნ.) ვითომ ჯარის გაძლიერება დაიწყო, არაპროფესიონალებითა და ბირჟაზე მდგომი ადამიანებით გაავსო ქართული ჯარი. 2005 წლიდან უკვე დაიწყეს აფეთქებები და ადამიანების აქა-იქ ხოცვა. თითო-ოროლა ადამიანი ჩვენი მხრიდანაც იღუპებოდა და ოსების მხრიდანაც, როგორც ნარკომანს წამალი, ჩვენს ხელისუფლებას ომი ისე უნდოდა. ერთი სიტყვით, ის, რაც არ გამოუვიდა 2004 წელს ოქრუაშვილს, 2008 წელს ამ ქვეწარმავალმა (სააკაშვილმა) დაასრულა.

_ ბატონო აკაკი, ახლა უშუალოდ 2008 წლის აგვისტოზე ვისაუბროთ: ვინ დაიწყო ომი, ვინ გახსნა ცეცხლი და რა ვითარებაში?

_ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, თორმეტის ნახევარზე ცეცხლი ცხინვალს ჩვენებმა გაუხსნეს. ამათმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ორი შემოვლითი გზაა, რომელიც გადადის როკის გვირაბისკენ, ჯავაში, საზღვართან. იმ გზით რომ წასულიყვნენ, ორი პოსტი შეხვდებოდათ 40-40 ადამიანით დაკომპლექტებული, მეორე შემოვლით გზაზე კი სულ 60 ადამიანი იდგა, არანაირი საჭიროება არ იყო ცხინვალის დაბომბვის. ამ გზებით რომ ევლოთ პირდაპირ უღელტეხილამდე მივიდოდნენ, მთებში ომი არ გაიმართებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდებოდა, იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საზღვარზე იდგნენ, დაატყვევებდნენ და არაფერიც არ მოხდებოდა, ამხელა ჯარით მიდიოდნენ, წესით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ომი უნდოდათ და იმიტომაც მოიქცნენ ასე, თუმცა მათი არაპროფესიონალიზმიც გასათვალისწინებელია.

2008 წლის 8 აგვისტოს, დილის ათის ნახევარზე ერედვში ჩამოვიდნენ დათა და ბაჩო ახალაიები, გოგი თავთუხაშვილი და «მასტერა» _ გია დგებუაძე. 300 სპეცნაზელი ჩამოიყვანეს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან. ამ დროისთვის ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ავიღეთ ერედვი, დმენისი და ასე შემდეგ. ეს 300 სპეცნაზელი სწორედ ამისთვის ჩამოიყვანეს, რომ აღებული ტერიტორიები დაეცვათ და გაემაგრებინათ, მაგრამ ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ დმენისი აღებული არ არის.

მოვიდნენ მოსახლეობასთან, იარაღი დაგვირიგეს და გვითხრეს, რომ წადით და დმენისი აიღეთო. ჯარი იქ არის, ყველანი იქ არიან და ჩვენ გაგვიშვეს სოფლის ასაღებად. წავედით, სანამ დმენისამდე მიხვალ, რამდენიმე ადგილას საკონტროლო პუნქტი უნდა გაიარო, სადაც 100-100 ადამიანი დგას, რუსებმა გაგვიშვეს.

რომ ჩავედით დმენისის ასაღებად (ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ამას აკეთებს ადგილობრივი მოსახლეობა და არა ჯარი), მოგვივიდა ბრძანება, უკან დაიხიეთო. გამოვბრუნდით. რუსებს ხმა არ ამოუღიათ, ისევ გამოგვატარეს. უკან მობრუნებულები სოფლის გამგეობასთან შევიკრიბეთ, იქ იყო პარლამენტარი გურამ ვახტანგაშვილიც, მის ჯიპში ისხდნენ ყველანი _ ახალაიები, თავთუხაშვილი, «მასტერა» და ბჭობდნენ, უკვირდათ, თუ რატომ აცხადებდნენ ტელევიზიები, რომ დმენისი აღებული იყო. ჯარი და სპეცნაზი იქვე გამზადებული იდგა და განკარგულებას ელოდებოდნენ. თუმცა განკარგულება არ იყო და ჩამოსულთაგან არავინ აპირებდა დმენისის აღებას. ხუთი საათი იქნებოდა, რუსებმა თვითმფრინავები გამოუშვეს და დაბომბვა დაიწყეს. მოკლედ, რუსებმა სამი ბომბი ჩამოაგდეს, მოვლენები ერედვში სოფლის ცენტრში ხდებოდა, სადაც 2000 ჯარისკაცი, 800 რეზერვისტი და 300 გაწვრთნილი სპეცნაზელი იდგა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ.

ამ დაბომბვას და ზოგადად იმ სურათს, რომელიც ერედვის ცენტრში ხდებოდა, ტელევიზიებიც იღებდნენ. საინტერესოა, რატომ არ აჩვენებენ იმ კადრებს, იმ წუთში იქ რაც ხდებოდა, იმ გულისამრევ კადრებს...

ყველანი იქ ვიდექით, ჯარიან-ყველაფრიანად და ამ დროს ვახტანგაშვილის ჯიპიდან გიჟებივით გადმოხტნენ ახალაიები და გაიქცნენ. ძმამ ძმა მიატოვა, დათა გორისკენ გაიქცა, ბაჩო კი ერთი გლეხის _ ბერუაშვილის ოჯახში შევარდა და შეშინებული, გაგიჟებული ეკითხებოდა, _ გორის გზა საით არისო. მათ უთხრეს, საითაც იყო. გამოვარდა, ღობეს გადაახტა და გაიქცა. ხალხი კი ამ ყველაფერს უყურებდა, უკან დაედევნა, უყვიროდა, სად გარბიხართო. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი შეშინებული თვალები, როგორიც იმ წუთას ბაჩო ახალაის ჰქონდა. ხალხი იმასაც კი ამბობდა, _ ვესროლოთ, სად გარბიან, ხომ არ გადაირივნენ, ასე როგორ გვტოვებენო?! თავთუხაშვილიც გაიქცა, «მასტერა» რომ მანქანაში უჯდებოდა, წიხლით გადმოაგდეს, ალბათ, იფიქრეს, მანქანა არ დამძიმდესო.

ამათ რომ ასეთი ამბავი ჩაიდინეს, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, პანიკა კი ასეთ დროს ძალიან საშიშია. სპეცნაზმაც და ჯარმაც უკანმოუხედავად მოკურცხლეს გორის მიმართულებით, გზადაგზა იარაღს ყრიდნენ. ამ ყველაფრის შემხედვარე მოსახლეობა საშინელ დღეში ჩავარდა. როდესაც მეთაურები ხალხის თვალწინ გარბიან, იქ უკვე ომზე საუბარი ზედმეტია.

ომი, როგორც ამბობენ, სამი და ოთხი დღე არ გაგრძელებულა, ომი 8 აგვისტოს 5 საათზე დასრულებული იყო, უბრალოდ, არტილერისტებმა იბრძოლეს კარგად და ვლადიკავკაზიდან შემომავალ რუსის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს.

_ თუ ომი მეორე დღესვე დასრულდა, აბა, ის სამი დღე რა ხდებოდა?

_ ის სამი დღე ჩრდილოკავკასიელები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ იქ დარჩენილ მოსახლეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურად არ გამოიყვანა, რათა მერე მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, _ აი, რუსებმა რა გვიქნესო, თორემ ომი რომ დაიწყებოდა, ყველამ კარგად იცოდა და ცხინვალიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო.

_ მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველი დარჩა?

_ აბსოლუტურად დაუცველი. ხო, მართლა, გენერალი ყურაშვილიც იყო ჩამოსული, ნაღმტყორცნი ჩამოვარდა და წნევით ყურაშვილი გადააგდო, ფეხი რაღაცაზე გაიკაწრა, წაიყვანეს ჰოსპიტალში და მერე აღარ გამოჩენილა.

არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ერთი შეხედვით ჯარი ცუდად აღჭურვილი არ იყო, მაგრამ ჯარისკაცები არაპროფესიონალები იყვნენ, სროლა არ იცოდნენ, 2004 წელსაც ასე იყო.

_ ოქრუაშვილმა რომ ჯარი შემოიყვანა?

_ რატომ ახსენებთ ყოველთვის მარტო ოქრუაშვილს? ეს გიჟიც იქ იყო, შენობაში შედიოდა და თავიც კი გაიტეხა ამ დებილმა, ამ ქვეწარმავალმა, ეს იძლეოდა ბრძანებებს. ის, რაც ვერ გაბედა ოქრუაშვილმა, დააგვირგვინა სააკაშვილმა. ოქრუაშვილი მაინც გორელი იყო და ვერ გარისკა, თუმცა რა ნაგავიც ერთია, მეორეც ის არის.

არ დამავიწყდეს, ამ ომში ყველაზე უარესი ის იყო, ხალხი გორისკენ რომ გარბოდა, გორის შესასვლელში დააყენეს სამხედრო პოლიცია და გაქცეულ ხალხს უკან, სოფელში აბრუნებდნენ. ნებისმიერი გეტყვით, რომ ეს ასე იყო. რუსები კი დიდი ლიახვის ხეობიდან მომავალ ხალხს გზას უხსნიდნენ და ატარებდნენ. იქ რომ რუსებს გზა გადაეკეტათ, თერთმეტი ათასი ადამიანი დაიღუპებოდა. გზა დაკეტილი კი იყო, მაგრამ მოსახლეობას უშვებდნენ და გაქცევის საშუალებას აძლევდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ამ გიჟს უნდოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცილიყო, რათა მერე მთელ მსოფლიოში ეყვირა _ აი, რუსებმა რა გვიქნესო?! მოკლედ, ბევრი რაღა ვილაპარაკო, 90-იანი წლიდან მოყოლებული ასეთი საშინელება, ასეთი ლაჩრობა არ მინახავს. ამ ქვეწარმავალმა ის გააკეთა, რაც უნდოდა!

ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions