8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო დაპირისპირება დაიწყო. შეგახსენებთ პუბლიკაციებს, რომლებიც იმ დროს ქართულ პრესაში დაიბეჭდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაინვალიდებული 30 წლის გიორგი ციცქიშვილის დედა, მზია ციცქიშვილი საკუთარი შვილის და ოჯახის ტრაგედიაზე ყვება.
მისი თქმით, ომის შემდეგ მის თვალზე ცრემლი არ შემშრალა, რადგან 30 წლის შვილი, ომმა ინვალიდად უქცია, ახლა წამლის ფულიც არ აქვს და სახელმწიფო კი არც ეხმარება. "მე ვითხოვ იმას, რაც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს კანონით ეკუთვნის, ხოლო ამის მოთხოვნას და იმ ზიანზე საუბარს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოგვაყენა, აქამდე აზრი არ ქონდა",- წერს ციცქიშვილის დედა.გთავაზობთ ისტორიას რომელიც მზია ციცქიშვილმა "ასავალ-დასავალს" უამბო:
"უმუშევრობამ და გაჭირვებამ აიძულა ჩვენი სოფლის 30 ბიჭი კონტრაქტით წასულიყო ჯარში, მათ შორის იყო ჩემი შვილიც. 2008 წლის ომი რომ დაიწყო, ეგრევე გააქანეს საბრძოლველად. ტანკისტი იყო, ვაზიანში მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. მართალია, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ დაინვალიდდა, დახეიბრდა და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახდა. ცალი ყური მოგლეჯილი აქვს, შემდეგ მენინგიტი განუვითარდა , ყბა გევრდზე მოექცა და ძალიან ნერვიული გახდა. აფეთქების დროს თურმე ტანკში ხტებოდა, თავსახური დაეცა და ყური მოაგლიჯა.
ხმა გავრცელდა გორში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების სიები გამოაკრესო და ცოცხალ-მკვდარი წავედი საპოვნელად. გიორგი ცოცხლების სიაში რომ ვერ ვნახე მორგში მივედი, ვიკითხე ვინმე ტანკისტი ხომ არ გყავთთქო, მითხრეს ერთი ტანკისტი მოიყვანეს და ნახეთო, პროზექტურაში სანიტარმა გადახადა ზეწარი გვამს, რომელიც ჩემი შვილი არ აღმოჩნდა, თუმცა ტირილი მაინც ამივარდა. დავინახე მთასავით ბიჭი, ერთიანად სისხლით მოსვრილი და გალურჯებული, ეტყობა სიკვდილის წინ მიწას ფხოჭნიდა, სულ მიწით ჰქონდა ფრჩხილები ამოვსებული.
ჩვენი სოფლიდან წასული ბიჭებიდან, ყევლაზე გვიან ჩემი შვილი მოვიდა, გაუბედურებული, ყურმოგლეჯილი, ყბა მონგრეული, ერთი თვალი დაზიანებული აქვს, ცალი ყურიდან არ ესმის, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, დაავადმყოფებული და აგრესიული.
ომი რომ დამთავრდა ბორჯომის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა, რის გამოც იარაღის ჩაბარება ერთი დღით დაგვაგვიანდა. ამის გამო ცინკური პასუხი მოვიღეთ- ერთი დღით ადრე რომ მოგეტანათ იარაღი დახმარება დაგენიშნებოდათო, ამ დროის მანძილზე სახელმწიფო კაპიკითაც არ დგვხმარებია. მივმართე პრეზიდენტს , თავდაცვის მინისტრს, ხაშურის გამგებელს, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია.
ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი მეუღლის ხელფასია, რომელიც 70 ლარს შეადგენს.
იმ ავადსახსენებლი ომის შემდეგ ჩემი შვილი დედას აღარ მეძახის, მიზეზი აქამდე არ ვიცოდი, ავად რომ გავხდი და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა ვთხოვე დედა დამიძახე, იქნებ ვკვდები და ეს ერთხელ გამაგონე ეგ სიტყვა ან ის მაინც მითხარი რატო აღარ მეძახითქო. ჩემმა შვილმა მითხრა, ერთი კახელი ძმაკაცი მყავდა, ისიც ტანკისტი და ომში ნაღმზე აფეთქდაო, არტერია გადაეჭრა და სისხლისგან იცლებოდა, ამ დროს სროლა ატყდაო და ყველა გამოვიქეცითო, უცბად მომესმა : გია მიშველე არ დამტოვოო...მაგ დროს ისე ვიყავით, ყველა ჩვენს თავზე ვფიქრობდით და მეც გამოვიქეციო, გზაში დამეწია მისი სიტყვები " სახლში რომ მიხვალ და დედაშენს დედას დაუძახებ, დედაჩემი არ გაგახსენდებაო? რა პასუხს გასცემო...."
მრავალი დედა გაამწარა ამ ომმა. ყველა შვილმკვდარ და შვილდაინვალიდებულ დედას ვთხოვ, ამოიღეთ ხმა, არ შეარჩინოთ სააკაშვილის ხელისუფლებას თქვენი ობოლი შვილიშვილების ლუკმა, თქვენი ოჯახის განადგურება და შეურაცხყოფა.
დამნაშავე ჩინოვნიკებმა , რომლებიც თავქუდმოგლეჯილნი გარბიან საზღვარგარეთ, პასუხი უნდა აგონ ყველაფრისთვის , იმ მიზანმიმართული ქმედებისა და დაუდევრობისათვის, რომელსაც აგვისტოს ომი მოჰყვა და ჩვენი უდანაშაულო შვილების სისხლი დაიღვარა.
როგორ გძინავთ ღამე როცა არ იცით თქვენი შვილის საფლავი სადააა, მოაშორეთ და გადაყარეთ ამათი ფარისევლური მწუხარებით გადმოცემული ორდენები, თქვენი შვილები მაგ ორდენების გარეშეც გმირები არიან! და თქვენ გმირთა გამზრდელი დედები! დღეს მაინც ამოიღეთ ხმა".
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно