რამდენიმე დღის წინათ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო მაგისტრალის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები გაიფიცნენ და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა სამუშაო პირობების დარღვევასა და პიროვნულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დასაქმებულები არაადამიანურ და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებზე საუბრობენ. როგორც მუშები ამბობენ, საშინელ სიბინძურესა და მტვერში მუშაობენ, დამსაქმებელი დასალევ წყალსაც კი არ აძლევს, მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, ისედაც მცირე ხელფასს კი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა თვითნებურად აკლებს. დასაქმებულები იმასაც ყვებიან, როგორ დაედევნა ჩინელი დამსაქმებელი ქართველ მუშას არმატურით. და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩინური კომპანიების საქმიანობაზე, ბოლო რამდენიმე წელია, არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ადგილობრივები ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ახალგაზრდების საეჭვო და ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებაზეც საუბრობენ, თუმცა ამ საკითხით სერიოზულად დღემდე არავინ დაინტერესებულა. “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში გვირაბს აშენებდა. დამქირავებელთან ხელფასის საკითხის გასარკვევად მისული 37 წლის ედიშერ ებანოიძე რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში იმ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს, რომელშიც გარდაცვლილი ახალგაზრდა მუშაობდა. რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე გაურკვეველია. “საქართველო და მსოფლიო” საქმის ვითარებაში გარკვევას შეეცადა.
“სხეულზე არსებული დაზიანებებითაც კარგად ჩანს, რომ ნაცემია. ლოყაზე, ყელზე თითების კვალიც კი ემჩნეოდა. ჩემი შვილი მოკლულია!”
ზოია ებანოიძე, გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის დედა:
_ ჩემი შვილი ჩინელებთან მუშაობდა, ხელფასს არ აძლევდნენ, თანხას აკლებდნენ და იმ საღამოსაც სწორედ ხელფასის ამბის გასარკვევად წავიდა. კომპანიის წარმომადგენლები ჩვენი ნათესავის, ავთო ებანოიძის, ოჯახში ცხოვრობდნენ, თვეში 700 დოლარად ჰქონდათ სახლი ნაქირავები. სწორედ ამ სახლში მიაკითხა ჩემმა შვილმა დამქირავებლებს. ედიშერი ჩინელებთან მისვლიდან 15 წუთში გარდაცვლილი იპოვეს. ამას ადასტურებს სადგურის მორიგე, სადაც ედიშერი უკანასკნელად ნახეს.
_ საქმე აღიძრა?
_ საქმე თითქოს აღიძრა, მაგრამ უკვე წელიწადი გავიდა და ისიც არ ვიცი, ის ჩინელები დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე; არც თვითმხილველები დაუკითხავთ. მიცვალებული პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიყვანეს ქუთაისში. ეს საქმე რომ ჩაეფარცხათ, ხმები გაავრცელეს, თითქოს ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. არადა, კისერში აქვს ჩარტყმული მძიმე საგანი. ფოტოებიც გვაქვს, რომელთა მიხედვით ექსპერტიზაც კი არ არის საჭირო _ გარეგანი დათვალიერებით, სხეულზე არსებული დაზიანებებითაც კარგად ჩანს, რომ ნაცემია. ლოყაზე, ყელზე თითების კვალიც კი ემჩნეოდა. ჩემი შვილი მოკლულია!
ეჭვი მაქვს, რომ ამ ამბავში ქართველებიც არიან გარეული, სწორედ ის ოჯახი, სადაც ჩინელები ცხოვრობდნენ. ავთო ებანოიძეს ვადებ ხელს. დაკითხონ ეს ადამიანი. ის იცავდა ჩინელებს, ნათესავების პირით საქმის ჩაფარცხვაც კი შემოგვთავაზა.
_ გამომძიებელი რას გეუბნებათ?
_ ერთი გამომძიებელი შეიცვალა. ახლა კახა ღავთაძე იძიებს საქმეს, მაგრამ არც დაკითხვაზე გვიბარებს და არც ვინმე გვეუბნება რამეს.
დავუკავშირდით ედიშერ ებანოიძის საქმის გამომძიებელ კახა ღავთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად შვებულებაშია და, ვინაიდან ამ საქმეს აღარ იძიებს, საქმის კურსში არ არის.
“ხარაგაულის რაიონში ნახავთ ჩინელ დურმიშხან გელაშვილს. ერთ-ორ წელიწადში კი ხარაგაულში, ალბათ, გამგებელიც ჩინელი გვეყოლება”
ედიშერ ებანოიძის მეზობელი, ხარაგაულის მკვიდრი გია ყრუაშვილი ამბობს, რომ ედიშერ ებანოიძე პირველი არ არის, ვინც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ასეთი ოთხი ახალგაზრდაა და საგულისხმოა, რომ ოთხივე ამ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა:
_ რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელს ვერავის დავადებ, შეიძლება უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რაღაც საეჭვო ხდება და კომპეტენტურმა ორგანოებმა საქმე უნდა გამოიძიონ!
დაახლოებით 5 წელიწადია, რაც აქ მომუშავე ჩინელების შესახებ ვსაუბრობ, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებას არავინ აქცევს. ხარაგაულის რაიონის სოფლებში ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ, რადგან ეშინიათ. გახსოვთ, ალბათ, ადრე ხარაგაულის რაიონში ჩინელმა ქართველი არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა, რის შესახებაც მე გავავრცელე ინფორმაცია, მაგრამ ბოლოს ისე წარიმართა საქმე, კინაღამ დამიჭირეს და ყველა გაჩუმდა. ამას გარდა, რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ხარაგაულში რეინჯერი მერაბ არევაძე მოკლეს, ისე წავიდა საქმე, რომ ბოლოს მე და ეს მიცვალებული დავრჩით მარტონი, ადამიანები დააშინეს და ყველა გაჩუმდა.
არადა, გაარკვიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, ვინ არიან ეს ადამიანები _ მართლა პროფესიონალები არიან თუ კრიმინალები ჩამოდიან ქვეყანაში. ამას ხომ უნდა მიაქციოს ვინმემ ყურადღება? ჩინური მაფია ცნობილია მსოფლიოში. სხვათა შორის, საკმაოდ აგრესიულები არიან. ამბობენ, ყოფილი პატიმრები არიანო. კარგი იქნება, ჟურნალისტები მაინც დაინტერესდნენ ამ საქმით.
ახალგაზრდა კაცი, ედიშერ ებანოიძე ზუსტად იმ სახლის ეზოში იპოვეს მკვდარი, რომელშიც ეს ჩინელები ცხოვრობდნენ. იყო ნაცემი და ცხვირ-პირი ჰქონდა დაგლეჯილი. ადგილობრივმა სასულიერო პირმა წესიც არ აუგო მიცვალებულს, ცნობა მომიტანეთ, რომ თვითმკვლელობა არ არისო და ამ მიზნით, თბილისიდან არქიმანდრიტი დავით აბაშიძე ჩავიყვანეთ. ვფიქრობ, ზესტაფონის რაიონის სამართალდამცველებმა აუკრძალეს მღვდელს წესის აგება მიცვალებულისთვის, ვინაიდან სურდათ, თვითმკვლელობის ვერსია გაევრცელებინათ და საქმე დახურულიყო.
როგორც აღვნიშნე, ეს ჩინურ კომპანიაში მომუშავე ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა. ძალიან კარგი და წესიერი ბიჭი, გვარად ჭიპაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ისიც ჩინურ კომპანიაში მუშაობდა მანქანაზე. კიდევ ერთი ფაქტი: ჩინურ კომპანიაში 18 წლის ობოლი ბიჭი მუშაობდა, გვარად ბაკურაძე, ხელი ჩაჰყვა დანადგარში და დაინვალიდდა, მაგრამ არავინ პატრონობს, პენსიაც არავინ დაუნიშნა.
ჩამოდიან ჩინელები და იცვლიან გვარებს, მაგალითად, ხარაგაულის რაიონში ნახავთ ჩინელ დურმიშხან გელაშვილს. საქმე ისე მიდის, ერთ-ორ წელიწადში ხარაგაულში, ალბათ, გამგებელიც ჩინელი გვეყოლება.
ხელისუფლების წევრებს, მაღალჩინოსნებს, წერილებიც გავუგზავნე და პირადადაც ყველაფერი ნათქვამი მაქვს, რაც ხდება. მათ ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ამ განუკითხაობაზე რეაგირება არ ჩანს
სწორედ ამ განუკითხაობის შედეგია, რომ გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა კაცი და დღემდე გაურვეველია, რა მოხდა სინამდვილეში.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა
P.S. დავუკავშირდით ედიშერ ებანოიძის საქმის გამომძიებელ კახა ღავთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად შვებულებაშია და, ვინაიდან ამ საქმეს აღარ იძიებს, საქმის კურსში არ არის.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно