საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, 2016 წელს ქვეყანაში პოტენციური ამომრჩეველების რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს, სულ კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804-ია, ანუ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, 200 544-ია, რაც რეალობას არ უნდა შეესაბამებოდეს იმ ფონზე, როდესაც ქართველი დემოგრაფები განგაშის ზარებს არისხებენ ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული ვითარების გამო. სწორედ ამ კატასტროფულ ვითარებას ასახავს ცნობილი ქართველი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის წერილი, რომლის პირველ ნაწილსაც დღეს გთავაზობთ.2014 წლის 5-19 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამჟამად ერის ყველაზე დიდი სატკივარი მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა. წინა, 2002 წლის აღწერიდან, სულ რაღაც, 12 წელიწადი გავიდა და არავინ ელოდა, მოსახლეობის აღწერის შედეგები ასეთი მძიმე თუ იქნებოდა.
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 კაცი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით 657 731 კაცით არის შემცირებული. მოსახლეობის რაოდენობა, თბილისის გარდა, ყველა რეგიონში შემცირდა. თბილისის მოსახლეობის მატებაც (2,5 პროცენტით, 27 039 კაცით) მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლის დედაქალაქთან შეერთებამ განაპირობა. წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი), აგრეთვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის (29,0 პროცენტი) რეგიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად _ აჭარაში (10,6 პროცენტი). ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი _ იმერეთი გასული 12 წლის განმავლობაში 165 760 კაცით შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება, 30 წელიწადში და შეიძლება უფრო ადრეც, იმერეთი მოსახლეობისაგან დაიცალოს. ანალოგიური ბედი ელის სამეგრელოს, გურიასა და სხვა რეგიონებსაც. აღარაფერს ვამბობთ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე, რომლებიც, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდა.
განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მეორე ქალაქის _ ქუთაისის მოსახლეობის ყოველწლიური კლება.
2014 წელს ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა 148 ათას კაცს შეადგენდა, 2002 წელს _ 186 ათასს, ანუ 2014 წელს ქუთაისის მოსახლეობა 38 ათასი კაცით შემცირდა. ქუთაისს მოსახლეობის რაოდენობით უკვე გაუსწრო ბათუმმა (რომელსაც ბოლო წლებში ახლომდებარე დასახლებები შეუერთდა), რომლის მოსახლეობა 2014 წელს 153 ათას კაცს უდრიდა. ასეთი ვითარება 1920-იან წლებშიც აღირიცხა. 1922 წელს ბათუმის მოსახლეობა 61 ათასი კაცა შეადგენდა და ყველაზე დიდი ქალაქი იყო ქვეყანაში თბილისის შემდეგ.
1922 წელს საქართველოს დიდ ქალაქებში, კერძოდ, ქუთაისში 45290 კაცი ცხოვრობდა, სოხუმში _ 17426, ფოთში _ 11358 და ახალციხეში _ 10153 კაცი. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ბათუმი მოსახლეობის რაოდენობით რუსეთის იმპერიაში შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი ქალაქი იყო ოდესის შემდეგ.მოსახლეობის ბოლო ორი აღწერის შორის პერიოდში (2002-2014 წლები) მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქისა და, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობა. 2014 წელს ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 კაცი შეადგინა და 2002 წელთან შედარებით, შესაბამისად, 162 173 და 495 558 კაცით შემცირდა.
ამრიგად, აღნიშნულ პერიოდში თითქმის 500 ათასი კაცით შემცირდა სოფლის მოსახლეობა, ხოლო 1989 წელთან შედარებით _ 818 308 კაცით. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელი დაიცალა ფერტილური ასაკის მოსახლეობისაგან _ მათი დიდი ნაწილი ქალაქში გადასახლდა, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა. შედეგად სოფლად საგრძნობლად შემცირდა დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა და სახლ-კარიც და მარჩენალი მიწაც უპატრონოდ დარჩა. სოფელი გაჩანაგდა. საკმარისია ითქვას, რომ 1970-1979 წლებში საქართველოში 792 371 ბავშვი დაიბადა, მათგან სოფლად _ 390 721, ანუ ნახევარი _ 50,7 პროცენტი. 2000-2009 წლებში, ისევ ათ წელიწადში, კი საქართველოში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ 502 296 ბავშვი შეადგინა, მათგან სოფლად 153 379 ბავშვი დაიბადა, ანუ 30,5 პროცენტი. კახეთში ამავე პერიოდში სოფლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 60 943-დან 20 614 ბავშვამდე შემცირდა. აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ცალკეული რეგიონები საერთოდ იცლება სოფლის მოსახლეობისაგან. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2002-2014 წლებში განსაკუთრებით შემცირდა სოფლის მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში _ 283 157 კაცით (27,9 პროცენტით), ამ მაჩვენებელმა აღმოსავლეთ საქართველოში 210 445 მცხოვრები შეადგინა.
ეს ციფრები უკვე თავისთავად ყვირის და შეუძლებელია, ვისაც საქართველოს “საოცნებო სერები” უყვარს, ვისაც ოდესმე მაინც უგრძნია მშობლიური მიწის, ბალახისა და ტყის სურნელი, “ფერი დაბინდულ ქლიავის”, ვისაც თავისი დიდი ისტორია გაუთავისებია, გული მაინც მშვიდად უცემდეს და სამშობლოს ასეთმა ვითარებამ არ შეაშფოთოს, მოახლოებული დასასრული არ შეიცნოს და მწვავე რეალობას არ დაუპირისპირდეს. და ეს არ არის მოჩვენებითი პატრიოტიზმი. გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით რთულია საკუთარი მიწა-წყლის, კულტურის, ეროვნული სულიერი ცხოვრების დაცვა, როდესაც კოსმოპოლიტობის ამღვრეული მორევი ჩათრევას და შთანთქმას გიპირებს, როდესაც ამ სენით იწამლება ახალგაზრდობა და როდესაც ამ ყველაფერს არა მხოლოდ უცხო ძალები მოურიდებლად, უტიფრად გვახვევენ თავზე, არამედ შენი სისხლი და ხორციც ჩართულია ამ პროცესში; თავგამოდებით იბრძვის იმ ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ, რისთვისაც ღირს ერის სიცოცხლე. სხვაგვარად როგორ შეიძლება ლაპარაკი “რუსთავი-2”-სა და გარუსთავორებული ტელეარხების პოლიტიკურ თუ გასართობ პროგრამებზე, თუნდაც “ნიჭიერზე”, “იქსფაქტორზე”, “პროფილზე”, “სხვა რაკურსზე”, გაუთავებელ თურქულ და ინდურ სერიალებზე, რომლებმაც გზა გადაუკეტეს ახალგაზრდობის აღზრდას ეროვნული სულისკვეთებით. პირველყოფილი ადამიანებივით როკვამ და მხოლოდ უცხოურმა სიმღერებმა, უაღრესად პრიმიტიული აზროვნებისა და საეჭვო რეპუტაციის ჟურნალისტებმა და სხვადასხვა პროგრამების ჟიურის წევრებმა წალეკეს სატელევიზიო ეთერი, თავზე წამოიცვეს საქართველოს ზნეობა.
ასე რომ, დიდი გასაჭირი უდგას ქართულ სოფელს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ყველა სოფლის მოსახლეობა შემცირდა, ზოგი სოფელი კი გაუკაცრიელდა. 2002 წელს საქართველოში 28 დიდი სოფელი აღირიცხა, რომელთა მოსახლეობა ცალ-ცალკე აღებული 5 ათას კაცს აჭარბებდა, ამჟამად ასეთი სოფლების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. თუ ადრე 162 სოფელი იყო გაუკაცრიელებული, 2014 წელს ასეთი სოფლების რაოდენობამ 223 შეადგინა. 157 სოფელში 1-5 კაცი ცხოვრობს, ხოლო 98-ში 6-10 კაცი. 2002 წელს 905 სოფელში 100 კაცამდე ცხოვრობდა (სოფლების 24,7 პროცენტი), ამჟამად 1306 სოფელში ცხოვრობს 100 კაცამდე (36,0 პროცენტი). ამ სოფლებში მცხოვრებნი ძირითადად მოხუცები არიან. უაღრესად ძნელია ასეთ მცირერიცხოვან სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება _ გზის, წყლისა და გაზის გაყვანა, მცხოვრებთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ისიც სათქმელია, რომ მეტად რთული პროცესია ამ 495 ათასი სოფლის მცხოვრების ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრება, მათი ადაპტაცია, გარკვეულწილად თავისუფლების დაკარგვა, ქალაქური ცხოვრების ყაიდაზე გადასვლა.
შობადობაზე და, საერთოდ, დემოგრაფიულ პროცესებზე საგრძნობ გავლენას ახდენს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში და ცალკეულ რეგიონებში უაღრესად დეფორმირებულია. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში თანდათანობით მცირდება ფერტილური ასაკისა და იზრდება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი.
დემოგრაფიული დაბერების პროცესის დასახასიათებლად მრავალი სკალაა შემუშავებული, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: თუ 60 და მეტი წლოვანების ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის 8,0 პროცენტს აღწევს, ასეთი მოსახლეობა დემოგრაფიულად ახალგაზრდაა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა დაბერების სხვადასხვა დონეს გვიჩვენებს: როდესაც 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა მოსახლეობაში 16-18 პროცენტს უდრის, დაბერების მაღალი დონეა, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი 18,0 პროცენტს აჭარბებს, უკვე მოსახლეობის დაბერების დონე ძალიან მაღალია.მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების ანალიზის შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაბერების დონე არათუ ძალიან მაღალია, არამედ მოსახლეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაბერებულია, განსაკუთრებით, ზოგიერთ რეგიონში. ქვეყანაში 60 და მეტი წლის ადამიანების წილი მოსახლეობაში 20,0 პროცენტის ტოლია, მათ შორის, მამაკაცების წილი 16,5%-ია, ქალების _ 23,1%. ამრიგად, განსაკუთრებით დაბერებულია ქალების ნაწილი, რაც მათი მაღალი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობითაა განპირობებული. ამასთანავე, დემოგრაფიული დაბერების პროცესი ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, მკვეთრად გამოხატულია სოფლის მოსახლეობაში. ქალაქში ეს მაჩვენებელი 17,8 პროცენტს უდრის, ხოლო სოფლად _ 22,9 პროცენტს. სოფლად მამაკაცებთან შედარებით (19,2 პროცენტი), უაღესად მაღალია ქალთა დაბერების მაჩვენებელი (26,5 პროცენტი). მოსახლეობის დაბერების მაღალი დონე უაღრესად მწვავე პრობლემებს წარმოშობს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. დაბერებული მოსახლეობის მოვლის, მკურნალობის, საპენსიო უზრუნველყოფის, დასაქმების მხრივ და სხვ.
შობადობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის, როგორც ითქვა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ შემადგენლობას. ამ ასპექტში არც სხვა პრობლემები უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. ცნობილია, რომ დაბადებული ბავშვების 60-70 პროცენტი მოდის 20-29 წლების ქალებზე, მათი რაოდენობა კი ქვეყანაში წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, საქართველოში 1989 წელს 20-დან 29 წლამდე ქალი იყო 452 ათასი, 2002 წელს _ 324 ათასი, ხოლო 2014 წელს გაცილებით ნაკლები _ 269 ათასი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ, თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ცალკეულ რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. კერძოდ, 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 20-29 წლის 1011 ქალი ცხოვრობდა, ხოლო 1989 წელს 3-ჯერ მეტი. ამავე რეგიონში 2014 წელს 15-34 წლების 3056 მამაკაცი და 2304 ქალი აღირიცხა, ანუ რეგიონში ამ წლოვანების მამაკაცი 752-ით მეტი ცხოვრობდა ქალებთან შედარებით. ამრიგად, მნიშვნელოვნად დარღვეულია სქესთა თანაფარდობა ფერტილურ პერიოდში, ანუ, როდესაც ქალებს ყველაზე მეტად აქვთ ბავშვის გაჩენის უნარი. ამ ასაკობრივ ჯგუფებში, წესით, უკვე ქალები უნდა ჭარბობდნენ მამაკაცებს, აქ კი პირიქითაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქალების ინტენსიური მიგრაციული პროცესებით აისახება.
ორ ათეულ წელზე მეტია, მოსახლეობა ძირითადად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში იკლებს. 2015 წელს მოსახლეობის ბუნებრივი კლება აღირიცხა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (473 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა), სამეგრელო-ზემო სვანეთში (399 კაცი) გურიაში (227 კაცი), იმერეთში (210 კაცი), მცხეთა-მთიანეთში (184 კაცი). კახეთში, მართალია, ამ წელს მოსახლეობის ბუნებრივი მატება აღირიცხა, მაგრამ თითქმის მთლიანად ქართველებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა: გურჯაანის მუნიციპალიტეტში 367 კაცით, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში 175 კაცით. 2015 წელს საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტებიდან ძირითადად ქართველებით დასახლებულ 33 მუნიციპალიტეტში (57,0 პროცენტი) მოსახლეობის კლება აღირიცხა (3267 კაცი). ასეთ ვითარებას, როგორც ითქვა, მოსახლეობის დაბერების მაღალი დონეც განაპირობებს. საქართველოში მხოლოდ ორ რეგიონშია მოახლეობის დაბერების საშუალო დონე (აჭარა _ 15,6 პროცენტი; ქვემო ქართლი _ 16,0 პროცენტი), ერთში _ საშუალო დონე (თბილისი _ 17,1 პროცენტი), დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის დაბერების ძალიან მაღალი დონეა.
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაირღვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსი. ეს დარღვევა ძირითადად საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე მოხდა. თუ სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგ ვითარება არსებითად შეიცვალა. საკმარისია აღინიშნოს, რომ, თუ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ცალკეულ წლებში 300-350 ათასით მეტი იყო აზერბაიჯანის მოსახლეობაზე, 1965 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსახლეობა გათანაბრდა და 2015 წელს, სულ რაღაც, 50 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას 5,8 მილიონით ჭარბობდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ კავკასიაში საგრძნობლად დაბალია მხოლოდ საქართველოში.
დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლები მეტად სახიფათო ტენდენციებს იღებს ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ხანს დემოგრაფიული ბალანსი სამხრეთ კავკასიაში და, საერთოდ, კავკასიაში ისე დაირღვა, რომ თუ ასე გაგრძელდა და სახელმწიფომ მთელი ერის ხელშეწყობით მეტად საგანგებო ღონისძიებები არ განახორციელა, ამ მიწაზე, სადაც გვიშრომია, მოსულ მტერთან სისხლი დაგვიღვრია, საკაცობრიო მნიშვნელობის მატერიალური და სულიერი კულტურაც შეგვიქმნია, “ხსოვნის მქონე შთამომავლობა” აღარ დარჩება. დეპოპულაცია, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა მცირდება, ნიშნავს მოსახლეობის თვითმკვლელობას, ქრება ერი და მისი კულტურა. დიახ, თუ ასე გაგრძელდა, სულ რაღაც ორ-სამ ათეულ წელიწადში საქართველო გაუკაცრიელდება, რადგან მოსახლეობის პერმანენტული შემცირების პირობებში უფრო სწრაფად მიმდინარეობს დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუარესება. ერმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა საშინელი დემოგრაფიული საფრთხე, რომელიც ბოლო ორ ათწლეულში და განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობის” ბატონობის პერიოდში დაგვემუქრა, როდესაც ერი მატერიალურად და სულიერად გაღარიბდა, ბევრს კიდევ მორალური სიკვდილი ფიზიკურ სიკვდილზე ადრე დაუდგა. ასეთ პირობებში აშკარაა ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი, ბავშვთა ყოლისადმი ზერელე დამოკიდებულება.საქართველო ამჟამად დემოგრაფიულ კატასტროფას განიცდის. ამ კატასტროფის ერთ-ერთი შემადგენელია სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში მისი მოსახლეობის წილის განუხრელი შემცირება. 1926 წელს საქართველოს მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში 45,6 პროცენტს შეადგენდა, 2002 წელს _ 27,8 პროცენტს, ხოლო 2015 წელს _ 22,8 პროცენტს. სამაგიეროდ აზერბაიჯანის მოსახლეობის წილი ამავე პერიოდში 39,4-დან 58,9 პროცენტამდე ამაღლდა _ თითქმის 20 პროცენტით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მონაცემების საფუძველზე აზერბაიჯანის მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში 2050 წელს 62 პროცენტს მიაღწევს, მაგრამ, ფაქტობრივად, მან ამ მაჩვენებელს 2015 წელს თითქმის მიაღწია. თუ დემოგრაფიული პროცესები ასე გაგრძელდა 2050 წლისათვის აზერბაიჯანის მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და შეიძლება სამხრეთ კავკასია მონოეთნიკური რეგიონიც გახდეს. ამიტომ საქართველო დიდი გამოცდის _ სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის წინაშე დგას და არ მესმის, როგორ შეიძლება ერმა ასე გულდამშვიდებით უყუროს ამ განსაცდელს. ადრეც მრავალჯერ მითქვამს და ქართველ დემოგრაფებსაც აღუნიშნავთ, რომ საჭირო იყო, დროზე გვეზრუნა მწვავე დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, თორემ შემდეგში გაცილებით მეტი სახსრები დაგვჭირდებოდა და ეფექტიც ნაკლები იქნებოდა. ამჟამად გაცილებით რთული ვითარებაა. მხოლოდ საზოგადოებრივმა სოლიდარობამ, მთელი ერის ძალისხმევამ შეიძლება მოიტანოს სასურველი შედეგი.
საქართველოში, თავისი ხანგრძლივი და მშფოთვარე ისტორიის განმავლობაში, მეზობელი თუ საკმაოდ შორებელი ქვეყნების შვილებსაც უცხოვრიათ. ზოგჯერ ამ პროცესს ისეთი მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, რომ სახიფათო გამხდარა ქვეყნის არსებობისათვის. შემთხვევით არ უთქვამს “ნათესავით ქართველთას” მოჭირნახულეს, მე-8 საუკუნის მოღვაწეს იოანე საბანისძეს: “აღვერიენით ერსა უცხოსა, სჯულისა ჩვენისა მაგინებელთა”. შემდეგ საუკუნეებში ჩვენს ქვეყანაში სხვა ერის შვილებიც შეგვიფარებია, ზოგიც ძალით დასახლებულა ჩვენს მიწაზე, მაგრამ გადაგვარების საფრთხისათვის თავი მაინც დაგვიღწევია. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მე-19 საუკუნემდე საქართველო მრავალეროვანი ქვეყანა იყო, იმ პერიოდიდან კი, როდესაც “ჩვენი თავი ჩვენ აღარ გვეყუდნოდა”, საქართველოში სხვადასხვა ერის შვილებიც სახლდებოდნენ. ზოგიერთი ერი ჩვენს ქვეყანაში თავის კოლონიებსაც აარსებდა. მიუხედავად ამისა, ეროვნული შუღლი არასოდეს ჩამოვარდნილა, პირიქით, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით. მეოცე საუკუნის დასასრულს, გლობალური არასტაბილური პოლიტიკის ფონზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია, სეპარატისტულმა და გარეშე ძალებმა სისხლისმღვრელი ეთნოკონფლიქტებიც კი გააჩაღეს და სრულიად უკანონოდ სახელმწიფო საზღვრების შეცვლას შეუდგნენ.
ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი. საბჭოთა კავშირში რუსეთის გარდა მოკავშირე რესპუბლიკებში თითქმის 25 მილიონი რუსი ცხოვრობდა. მათი დიდი უმრავლესობა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ეკონომიკური სიდუხჭირის, ეთნოკონფლიქტების, ეროვნული ერთიანობის ამაღლების შედეგად 1990-იანი წლებიდან ტიტულოვანი ერებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც უკეთესი და უსაფრთხო პირობების საძებნად სხვა ქვეყნებში წავიდნენ. ამ პროცესს, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმაც ვერ დააღწია თავი.
ანზორ თოთაძე,
დემოგრაფი, პროფესორი(გაგრძელება იქნება)
წყარო: geworld.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно