Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ნატო – არჩევანი, თუ პოლიტიკური დივიდენდი

ნატო – არჩევანი, თუ პოლიტიკური დივიდენდი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მის ინიციატივას საქართველოში ბევრი მომხრე ჰყავს. საუბარია ბურჯანაძისა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მოთხოვნაზე, ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე.

„ჩვენი ინიციატივა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამოჩნდა იმ რეაქციითაც, რაც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. მე დარწმუნებული ვარ, უბლოკო სტატუსს მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც აკეთებდნენ ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და მათ შორის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებიც. სპეკულაცია არის ნატო-ში გაწევრიანებაზე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სპეკულაცია არის ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს მისაღებად მიაჩნია ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც მის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საგანგებო პრესკონფენერცია მიუძღვნა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების საარჩევნოდ გამოყენება, ამიტომ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად ამზადებს შემხვედრს ინიციატივას.

„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში და გადავწყვიტე მივმართო ჩემს კოლეგებს, პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა, საქართველოს კანონში კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების თაობაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრე ამბულაში იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა – დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაშ" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"არ შეიძლება, პოლიტიკურმა პარტიებმა დაიჩემონ გარკევულ ნიშაზე ექსკლუზივი," - ასე უპასუხა გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილის ინიციატივას.

მმართველ გუნდში ბურჯანაძისა და უსუფაშვილის ინიციატივებს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეჟიმს უკავშირებენ.

„ ვფიქრობ, ბატონი დავითი საარჩევნო რეჟიმშია ჩართული და იქიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენ ჩვენი საარჩევნო რეჟიმი და დღის წესრიგი გვაქვს და არ მიმაჩნია ახლა სწორად „რესპუბლიკური“ პარტიის ან ნინო ბურჯანაძის ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით უნდა დავიწყო ცხოვრება. მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი და იმ გუნდის ნაწილი ვარ რომელმაც მგონია, რომ იცის, ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე როგორ შეიძლება იქნას მიღწეული,“ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ უსუფაშვილამდე მსგავსი ჩანაწერის გაკეთების ინიციატორები თავად იყვნენ.

„ჩვენი ინიციატივა იყო, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ცვლილება შესულიყო, მაგრამ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ, მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. ზოგ-ზოგიერთებს ახლა წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მსგავსი ჩანაწერს კონსტიტუციაში მხარს უჭერენ.

როგორც „თავისუფალი დემოკრატებსა“ და „ეროვნული ფორუმში“ აცხადებენ, ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია და, თუ ეს კონსტიტუციით გამყარდება, საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

„ახლა გამოჩნდნენ მეხოტბეები – თუ ნატოზე ვიტყვით უარს, რუსეთი ცხინვალს და აფხაზეთს გვაჩუქებს. ბნელა თუ რა ხდება? ამხელა ნატო და დასავლეთი გიჭერს მხარს და მაინც არაფერს გითმობს ის რული და მარტო რომ აღმოჩნდები რუსთან, რას გიზამს და როგორ ჩათვლის ის საჭიროდ? – „ა, მოხვედით დაჩოქილები?“. და რუსის წინაშე დაჩოქილად დგომა თქვენ გესმით, რა არის?“,– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერის დაფიქსირება მოსახლეობასთან შეუთანხმებლად არასწორად მიაჩნია თამაზ მეჭიაურს.

„ვფიქრობ, ეს უფრო ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს“,– აღნიშნა მეჭიაურმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, კი ბურჯანაძე-უსუფაშვილის წინასაარჩევნო პოლემიკაზე საუბრობს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო საკითხი, ჩაიწეროს კონსტიტუციაში უბლოკი სტატუსი ექნება საქართველოს თუ ორიენტაცია აქვს აღებული ნატოსა და ევროკავშირზე. ეს არის საგარეო პოლიტიკის საკითხი. მთავარი უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ეს ვეღარ დაირღვევა. ეს არ არის ადეკვატური და სწორი მიდგომა. საერთოდ ახლა ჩვენ საქმე გვაქვს უსუფაშვილი-ბურჯანაძის პოლემიკასთან,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions