Coloring Pages Reddit Video Downloader
 

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


გთავაზობთ "ასავალ დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ძალიან საინტერესო ინტერვიუს საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრთან იგორ გიორგაძესთან.

იგორ გიორგაძე: "რუსეთი მეტაფიზიკაა! დიახ, დღეს წინა პლანზე დგება რუსეთის, როგორც სულიერი მიზიდულობის ცენტრის როლი, რომელმაც ბნელეთის იდეოლოგია უნდა გადაწონოს!...განგებამ ხვედრად „გვარგუნა“ გვეცხოვრა ხანაში, როდესაც კაცობრიობა შესულია სინათლესა და სიბნელეს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების გადამწყვეტ სტადიაში. თავი ბედნიერად უნდა ვიგრძნოთ, რომ ყოვლის შემომქმედმა ჩვენ, ვინც ვიზიარებთ წინაპრების რწმენასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ადგილი სინათლის მხარეზე განგვისაზღვრა . და თუ იმ აგრესიულ უმცირესობასთან ბრძოლაში, რომელიც კაცობრიობას ღმერთისგან კი არა სატანისგან მოცემულ კანონებს უწესებს - რომელიმე ჩვენთაგანს თავის შეწირვა უწერია, დაე ეს იყოს წმიდა ტარიგი, სინათლის და უფლის სადიდებლად!..."

მალე 27 წელი გახდება, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე სამშობლოდან დევნილია. კაცობრიობის უახლეს ისტორიას არ ახსოვს, ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ბრალდებულის სტატუსს ატარებდეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მისთვის მსჯავრის დადება ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის რეჟიმმა ვერ შეძლო, იმის მიუხედავად, რომ ეს რეჟიმები სისხლის სამართლის საქმეთა ფაბრიკაციის დიდოსტატებად ითვლებოდნენ. ამჟამად ქართულ სასამართლოში იგორ გიორგაძის პროცესი მიმდინარეობს და როგორც ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში უმცირესი დანაშაულიც არ იკვეთება! დიდი ხნის განმავლობაში იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც კი იძებნებოდა, თუმცა,

– „როგორც კი დარწმუნდა შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმების მიერ ჩემი დევნის პოლიტიკურ მოტივაციაში, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ განიხილა ჩემი უსაფუძვლოდ დევნის საქმე და 2016 წლის ივლისში ძებნილთა სიიდან ამომრიცხა. ამის შესახებ ეცნობა ინტერპოლის წევრ 190-ვე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. სამართლიანობამ იზეიმა! ახლა ჯერი ქართულ სასამართლოზეა, პროცესი გაჭიანურებით მიმდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი უდანაშაულობა თვალნათლივ დამტკიცდება».

ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ გიორგაძემ, რომელიც ქართულ მედიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, სპეციალურად „ასავალ-დასავალისთვის“ ექსკლუზიურ ინტერვიუზე დამთანხმდა. ვნახოთ, როგორ აფასებს იგი საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და რუსეთის პოლიტიკას:

საქართველო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ცდილობს სააკაშვილის ფაშისტურ-მარიონეტული ხელისუფლების სისხლიან, ანტიეროვნული პოლიტიკის მემკვიდრეობიდან თავის დაღწევას, რომელმაც ფაქტობრივად, თავზე დაგვამხო საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მაგრამ სანამ საქართველოს მმართველ ეშელონებში, მის ძალოვან სტრუქტურებში, სასამართლოებსა და პროკურატურაში თანამდებობებზე რჩებიან სააკაშვილის გუნდის წევრები, თანამოაზრეები თუ გულშემატკივრები, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა: „არ გამოვა, ეს საქმე…“

თუ დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად და ცალსახად არ გაემიჯნება წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ მსტოვრებს და ნაძირლებს, რომლებსაც შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში ამინდის შექმნა შეუძლიათ, საქართველოში სამართლიანობა და ჩვენი ძირძველი ერის ფასეულობები ვერასოდეს იზეიმებს!

– საიდან, რა მომენტიდან უნდა დაიწყოს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა?

– ნაცების პარტიული დროშა, რომლით ხელშიც, ისინი სჩადიოდნენ უსასტიკეს სისხლის სამართლის დანაშაულებს, პოლიტიკური მკვლელობებით დაწყებული, პეკინის ოლიმპიადის გახსნისას, 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის მიერ ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ გაჩაღებული ძმათამკვლელი ომით გაგრძელებული… დროშა, რომელსაც ამოფარებულმა ანტიქართულმა რეჟიმმა სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინა – არ უნდა იყოს სახელმწიფო სიმბოლო! თუ მომავალში აფხაზებისა და ოსების შემორიგებას, მათი ერთიან ქართულ ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ, ეს დროშა, ეს ღერბი და ეს ჰიმნი სასწრაფოდ ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ! და ეს ნაცების სისხლიანი რეჟიმის გასამართლებამდე, მათი ფაშისტური პარტიის აკრძალვამდე უნდა მოხდეს!

მერწმუნეთ – ამ აუცილებელი ნაბიჯის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აუცილებლად იგრძნობს შვებას! ამის შემდეგ საქართველოში სულიერი ატმოსფეროც, აუცილებლად პოზიტივისკენ შეიცვლება! ამას გარდა, აუცილებელია, ობიექტურად შეფასდეს კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა, რა მომენტიდანაც საქართველოში უსამართლობების პერმანენტული ციკლი იღებს სათავეს!

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


– შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალე 50 წელი შესრულდება. როგორ შეაფასებთ მის როლს, საქართველოს უახლეს ისტორიაში?

– შევარდნაძეს საქართველოში არაფერი დაუთესია, ცინიკური, ამორალური და ეროვნული ცნობიერების დამთრგუნველი თესლის გარდა! საბჭოთა პერიოდი იყო და, „კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლის“ ლოზუნგებს ამოფარებულმა შევარდნაძემ საქართველო თავდ ჩაახრჩო კორუფციის ჭაობში. მან დიდი სამამულო ომის ქარცეცხლში გამოვლილი გენერალი, საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, ქართველი ერის დიდი მოამაგე ვასილ მჟავანაძე კორუმპირებულად შერაცხა და მის სავარძელში მოკალათებულმა – საქართველო კორუმპირებული რესპუბლიკების სამარცხვინო სიის პირველ სამეულში გაამწესა! მაგალითად, თუ მჟავანაძის დროს სამედიცინო უმაღლეს სასწავლებელში „ჩაწყობით“ ჩარიცხვა პურ-მარილით ამოიწურებოდა, იგივე „საქმე“ შევარდნაძის აპოთეოზის პერიოდში, ანუ ოთხმოციანი წლების დასაწყისში – აბიტურიენტის ოჯახს 100-150 ათასი მანეთამდე გაუძვირა! 1972 წლის აპრილიდან საქართველოს კომუნისტურ პარტიას სათავეში შევარდნაძე ჩაუდგა და პარტიაში შესვლის მსურველებს ქრთამად 5 ათასი მანეთი, ანუ ავტომანქანა „ჟიგულის“ ფასი დაუწესა! ამდენივე უნდა გადაეხადა მოქალაქეს, რომ მისთვის ბინაში რიგის გარეშე სატელეფონო ხაზი გაეყვანათ! განა რამდენი მაგალითი უნდა მოვიყვანო იმის არგუმენტად, რომ შევარდნაძემ ავის თესვას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან შეუდგა, როცა 1965 წ. საქართველოს მთავარ მილიციონერად დაინიშნა!

2003 წელს გათამაშებული „ვარდების რევოლუციის“ შედეგად კი, შევარდნაძემ ბოროტი თესლის თესვის ესტაფეტა მის მიერვე გამოზრდილ ლეკვებს გადასცა.შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ გავა დრო და, საქართველოს ისტორიაში შევარდნაძე „ედუარდ დამანგრეველის“ სახელით შევა!

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"

შევარდნაძის გასასამართლებლად მარტო ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანი გადატრიალების გზით მან საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაამხო, ხელისუფლებას 11 წლით თავად დაეპატრონა და ჩვენი სამშობლო გააპარტახა!

დიახ, მის მიერ წამოწყებულმა ქართულ-აფხაზურმა ომმა ათეულათასობით ჩვენი თანამემამულე შეიწირა, სოფლები და ქალაქები გადაგვიწვა, აგვიწიოკა და გაგვიძარცვა. სწორედ მისი მიზეზით დაიკარგა ჩვენი ფაქტობრივი სახელმწიფოებრიობა და მისმა 30 წლიანმა მმართველობამ ენით აუწერელი ზიანი მიაყენა ქართველთა ეროვნულ ცნობიერებას.

– ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია – რუსეთში მიმდინარე მოვლენებს როგორ აფასებთ?

– 2014 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოსტსაბჭოთა სივრცე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოაცხადა. მანვე ფედერალური დუმისადმი 2015 წლის 3 დეკემბრის ყოველწლიურ მიმართვაში დიდი ევრაზიული თანამშრომლობის ინიციატივა გამოავლინა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს ორივე ინიციატივა, იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ (და სხვა ქვეყნებმაც!) მიიღეს, როგორც ერთგვარი მოპატიჟება მოსკოვიდან ადრესირებული მეზობელი ქვეყნებისადმი იმ ცენტრისტულ ტენდენციებთან მისაერთებლად, რომლებიც უკვე კარგა ხანია, რუსეთის ფედერაციის ვრცელ პერიმეტრზე მომწიფდა.

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


ჩვენ შევეჩვიეთ, რომ მსოფლოს ხალხები რუსეთზე საუბრობენ, როგორც ევრაზიულ ცივილიზაციაზე, დედამიწის ხმელეთის 1/6 ნაწილზე არსებულ სახელმწიფოზე, იმპერიაზე, რომელშიც სახლობს მრავალნაციონალური, მრავალკონფესიური მოსახლეობა და ეს მართლაც ასეა.

მაგრამ რუსეთი არც მხოლოდ გეოგრაფია გახლავთ და არც ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი.

– მაშ, კიდევ რა არის რუსეთი?

– რუსეთი მეტაფიზიკაა! დიახ, დღეს წინა პლანზე დგება რუსეთის, როგორც სულიერი მიზიდულობის ცენტრის როლი! რუსეთი «სინათლის სულის» სამფლობელო ტერიტორიაა! ის «დროის სასწორის» ერთ პინაზე დევს, და განგებამ მას განსაკუთრებული მისია არგუნა: გადაწონოს საპირისპირო პინაზე მდებარე «ბნელეთის სული»!

ჩემეული გაგებით, სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე რუსეთი იყო და რჩება ევრაზიული მიზიდულობის ცენტრი, როგორც ორ კონტინენტზე განლაგებული უმდიდრესი სივრცე – სივრცე «სინათლის სულისა».

იგი იყო და რჩება სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ქვეყნებისა და ხალხების მიზიდულობის ცენტრად, რომელიც მტკიცედ იცავს მშვიდობის, სიკეთისა და სამართლიანობის ტრადიციულ ცნებებს, წინა თაობების ტრადიციულ ღირებულებებს.

– მაგრამ საქართველოდან რუსეთი აშკარად სხვა კუთხით მოჩანს…

- შევეცდები, მოკლედ მოგახსენოთ რუსეთის ირგვლივ მიმდინარე ინტეგრაციის პროცესების მიმართ საქართველოს ხედვასთან დაკავშირებით…

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"

1985 – 1991 წლებში წითელი იმპერიის მიზანმიმართული დემონტაჟის პერიოდში ჩვენ გაქანებული ორთქმავალის წინ რომ არ გვერბინა და არ მოგვენდომებინა ყველასთვის დაგვესწრო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა, რომელსაც ისედაც გეგმაზომიერად ანგრევდნენ კრემლის მაშინდელი მესვეურები… ასეთ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მომავალი არსებობის და განვითარების 3 ვარიანტი გვექნებოდა:

1. საქართველოს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება;
2. „კოლექტიურ დასავლეთთან“ ერთად ნატოში გაერთიანება;
3. რუსეთთან ერთად ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში შესვლა


– თქვენთვის აქედან რომელი ვარიანტი იქნებოდა მისაღები?

– ვფიქრობ, იმ დროს ჩვენთვის ყველაზე სასურველი პირველი ვარიანტი იყო. მაგრამ ეს ვარიანტი ჩვენ დავკარგეთ, როგორც კი აქცენტი უნიტარული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაზე გავაკეთეთ.

გასაგებია რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ეს აქცენტი მიიღეს, როგორც პერსპექტივაში მათთვის ავტონომიის უფლების ჩამორთმევის საფრთხე.

შემდეგ მოხდა უფრო უარესიც – ავტონომიებთან პირდაპირ, სამხედრო კონფლიქტები გაჩაღდა, რაც საბოლოოდ, 2008 წელს რუსეთის მიერ ამ ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებით დასრულდა.

ამგვარად გაცამტვერდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ერთობა, რეალურად ჩვენმა მმართველებმა (კონკრეტულად კი შევარდნაძემ და სააკაშვილმა) თავად ჩაარტყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ზურგში ლახვარი. ამგვარად, დიდი ხნით დასამარდა არა მხოლოდ საქართველოს ნეიტრალიტეტის, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაც!

– ნაწილობრივ გეთანხმებით, თუმცა არ მინდა პოლემიკაში შემოსვლა. მეორე ვარიანტზე, ანუ ნატოში გაერთიანებაზე რას გვეტყვით?

– ამაზეც მოკლედ შემოვიფარგლები: რეალურად „ნატოს ქოლგის ქვეშ“ გასაერთიანებლად ქართველი ხალხი კი არა, უცხოელი პატრონების მიერ მოსყიდული, ე.წ. “პროდასავლელი” პოლიტიკოსების ნაწილი ისწრაფვის. ფულისა და პირადი პრივილეგიების მოპოვების მიზნით, მათ საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ფეხქვეშ გაუფინეს და მზად არიან ჩვენი სარწმუნოება, ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები, საუკუნოვანი ტრადიციები, წინაპართა სალოცავები… ანუ ყველაფერი, რაც დღემდე ახასიათებს და მეტყველებს ქართველ ერზე – უხეშად გათელონ და ამოძირკვონ!

ბუნებრივია, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის წინაშე საბედისწერო კითხვა წამოიჭრა: ნუთუ, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელმაც მტრულ გარემოცვაში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მუდმივ უთანასწორო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მოახერხა, 21-ე საუკუნეში მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან უნდა გაქრეს და გმირი ერი კი უცხოეთიდან მართულ ბრბოდ იქცეს, რომლის ერთადერთი დანიშნულება რუსეთის მუდმივი გაღიზიანება და ომის პროვოცირება იქნება? არადა, ჩვენ გვაქვს წინაპრების მიერ შემუშავებული, საუკუნეებით ნაწრთობი, ღირსეულად არსებობის და განვითარების ვარიანტი – ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში! ამ არჩევანის მართებულობა ჯერ კიდევ წინის წინა საუკუნეში გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილმა, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, დიდმა მწერალმა და პუბლიცისტმა, ფილოსოფოსმა და აწ უკვე წმიდანად შერაცხულმა თვით ილია ჭავჭავაძემ, წმიდა ილია მართალმა აღიარა!

აი, ციტატები მისი ცნობილი წერილიდან „ასი წლის წინათ“ :

«…სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად.

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


… ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული. დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ».


სპეციალურად მოვიყვანე ეს ვრცელი ციტატა, რომელიც ადრეც გამომიყენებია და ვაპირებ მომავალშიც დავეყრდნო. ასე ვიქცევი იმის გამო, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოწინააღმდეგენი ამ პუბლიკაციის არსებობასაც კი გამიზნულად მალავენ. ისინი აგერ უკვე მეორე თაობას ზრდიან რუსეთის მიმართ ღვარძლით. – „მე ვიქნები ბოლო ქართველი, რომელმაც ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ დედანში წაიკითხა!“ – პარლამენტის ტრიბუნიდან სრულიად საქართველოს სიამაყით ამცნო ამჟამად უმძიმესი დანაშაულების გამო მსჯავრდებულმა, დუჟმორეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სამედიცინო დიაგნოზი – თალასემია – უკვე მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

– მაგრამ დღეს განსხვავებული გარემოებაა. ქართველი ხალხის არცთუ მცირე ნაწილი რუსეთს ცალსახად მტრად და ოკუპანტად თვლის. მეორე ნაწილს კი, უფრო დიდ საფრთხედ ეროვნული ცნობიერების და სარწმუნოების დაკარგვის პერსპექტივა მიაჩნია. ამ სიტუაციაში თქვენ რა არჩევანს გვთავაზობთ?

– მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ურყევი არჩევანი. ჩვენი ადგილი არის მათ გვერდით, ვისთან ყოფნაც ჩვენი წინაპრების თაობებმა გვიანდერძეს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა რაც შეიძლება მალე უნდა გამოერიდოს სიბინძურისა და სოდომიის ღვარცოფს, რომელიც მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულიდან უფსკრულისკენ მიგვაქანებს. უნდა მივაღწიოთ იმ ნაპირს, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში მოსისხლე მტრებით გარემოცული ჩვენი წინაპრები გადარჩენილან. ამ ნაპირს ერთმორწმუნე რუსეთი ჰქვია!

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


როცა ერთმორწმუნე რუსეთზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს, რომ ის ერთმორწმუნეა არა მხოლოდ უმრავლესობის – მართლმადიდებლობის მიმდევარი მრევლისთვის, არამედ, მუსულმანებისთვის, იუდეველებისთვის, იმ სარწმუნოებათა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. მოცემულ შემთხვევაში, მთავარი ერთმორწმუნეობა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან ჩვენი წინაპრების ტრადიციული ღირებულებების ერთგულებაში მდგომარეობს!

– თქვენს პოზიციებში არის რაციონალურიც და საკამათო პასაჟებიც. დაე, საზოგადოებამ განსაჯოს! რას უსურვებთ ქართველ ხალხს?

– ჩემს სურვილს მცირე სადღეგრძელოს ფორმით გეტყვით:

"განგებამ ხვედრად „გვარგუნა“ გვეცხოვრა ხანაში, როდესაც კაცობრიობა შესულია სინათლესა და სიბნელეს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების გადამწყვეტ სტადიაში.

თავი ბედნიერად უნდა ვიგრძნოთ, რომ ყოვლის შემომქმედმა ჩვენ, ვინც ვიზიარებთ წინაპრების რწმენასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ადგილი სინათლის მხარეზე განგვისაზღვრა .

იგორ გიორგაძე: "ვიმოძრაოთ რუსეთთან ერთად, ერთიან ევრაზიულ თანამეგობრობაში!"


და თუ იმ აგრესიულ უმცირესობასთან ბრძოლაში, რომელიც კაცობრიობას ღმერთისგან კი არა სატანისგან მოცემულ კანონებს უწესებს – რომელიმე ჩვენთაგანს თავის შეწირვა უწერია, დაე ეს იყოს წმიდა ტარიგი, სინათლის და უფლის სადიდებლად!"


ესაუბრა ზაზა დავითაია, ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ “ასავალ-დასავალში”


წყარო: tvalsazrisi.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions